Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საახალწლო განათებები


საახალწლოდ თბილისი, ტრადიციულად, განათებებით მოირთო. სხვადასხვა ფორმისა და ფერის ნათურებს დედაქალაქის 30-მდე ქუჩაზე შეხვდებით. თბილისის მოსახლეობის ნაწილს მოსწონს საახალწლოდ განათებული ქალაქი, ნაწილი კი ფიქრობს, რომ კარგი იქნებოდა, ამ მორთულობაში დახარჯული ფული მერიას სხვა საქმისთვის გამოეყენებინა.

2017 წლის შესახვედრად თბილისი ერთი თვით ადრე გააფორმეს საახალწლო განათებებით. სხვადასხვა ფერის ვარსკვლავებს, ყინულის ლოლუებს, მანათობელ ფარდებს და სხვა სახის მორთულობებს წელს თბილისის არამარტო ცენტრალურ ქუჩებზე შეხვდებით. ქუჩაში გამოკითხული მოსახლეობის ნაწილს მოსწონს წინასაახალწლოდ მორთული თბილისი, თუმცა, ბევრის აზრით, ჯობდა ქალაქის მერიას ამაში დახარჯული თანხა სხვა კუთხით გამოეყენებინა.

ზოგისთვის მნიშვნელოვანია, ქალაქში საახალწლო განწყობა შეიქმნას და თბილისი რაც შეიძლება კარგად იყოს განათებული.

„ადრე განათებები ჩემს ქუჩაზე არ იყო და გული მწყდებოდა. წელს კი დაკიდეს და აღფრთოვანებული ვარო“, ამბობს მზია მთიულიშვილი, რომელიც ჯავახეთის ქუჩაზე ცხოვრობს.

თუმცა ზოგი ფიქრობს, რომ ვინაიდან ქვეყანაში ბევრ ადამიანს ფინანსურად უჭირს, ჯობდა მერიას ამაზე უფრო მეტად ეფიქრა და განათებაზე ნაკლები თანხა დაეხარჯა.

ნანული ზამთრეული, რომელიც რუსთაველის მეტროს მახლობლად ქუჩაში სანთლებს ყიდის, ამბობს, რომ არც კი შეუმჩნევია, როგორ ჩამოკიდეს ქალაქში გარე განათებები:

„ნახევარზე მეტი ხალხი შიმშილობს, იმათ გარე განათება რაში სჭირდებათ? ზოგი, საერთოდ, ქუჩაში ათენებს“.

კიდევ ერთი გარემოვაჭრე კი, ვენერა ბექურიძე, მიიჩნევს, რომ კარგი იქნებოდა, თუ მერია საახალწლოდ გაჭირვებულებს დაეხმარებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ იზრუნებდა გარეგანათებებზე.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, მერიამ საახალწლო განათებაში, დაახლოებით, 900 ათასი ლარი დახარჯა. ამ ფასად ათასობით სხვადასხვაგვარი მანათობელი მოწყობილობაა შეძენილი.

როგორც მერიის კულტურის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ნუცა აბაშიძე ამბობს, ამ თანხაში შედის როგორც ახალი განათებების შესყიდვა, ასევე ძველების გარემონტება:

„შეკეთებულია შარშანდელი განათებების, დაახლოებით, 70 %. ამ თანხაში შედის ამის ღირებულებაც, მონტაჟიც და დემონტაჟიც. ასევე განახლდა თავისუფლების მოედანზე ძეგლის ქვეშ რომ ნაძვის ხეა, ისიც“.

თბილისის საახალწლო მორთულობაზე მერიის არქიტექტურის სამსახური მუშაობს. ისინი არჩევენ განათებებისთვის ახალ ადგილებს და მუშაობენ ძველების განახლებაზე. საბოლოოდ კი, შედგენილი კონცეფცია დასამტკიცებლად ქალაქის მერს წარედგინება.

2017 წლისთვის თბილისის ქუჩებზე განათების შერჩევის პროცესში ჩართული იყო არქიტექტურის სამსახურის საპროექტო განყოფილების სპეციალისტი ნუკა საძაგლიშვილი. მისი თქმით, კონცეფციაზე საბოლოოდ შესათანხმებლად ორი ადამიანი რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. ნუკა საძაგლიშვილს მოსწონს საბოლოოდ მიღებული შედეგი:

ვფიქრობ, ქალაქში - მაგალითად, მელიქიშვილზე - ვარსკვლავები (განათებები) რომ ავიღოთ, აქამდე არ ყოფილა ასეთი დახუნძლული და, ამავდროულად, მარტივი გაფორმება. ამით მივიღეთ ძალიან დიდი ეფექტი“.

თბილისის მერიის ინფორმაციით, განახლდა განათება ცენტრალურ ქუჩებზე, ხოლო გასული წლების საახალწლო მორთულობებმა ცენტრიდან სხვა ქუჩებისკენ გადაინაცვლა.

XS
SM
MD
LG