Accessibility links

სადავო სანომრე ნიშნები იმერეთის გუბერნიაში


იმერეთის გუბერნატორის ავტომობილი

არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციას პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპის დარღვევაში ადანაშაულებს. ორგანიზაციის დამფუძნებელ თორნიკე ბარათაშვილის განცხადებით, სახელმწიფო რწმუნებულისა და მისი პირველი მოადგილის სამსახურებრივ ავტომანქანებზე სანომრე ნიშნები პარტია „ქართული ოცნების“ აბრევიატურისა და საარჩევნო ნომრის შესაბამისად შეიცვალა:

Direct link
პირდაპირი კანონის დარღვევაა, რადგან არსებობს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მეხუთე მუხლი, რომელიც პოლიტიკურ ნეიტრალობას ეხება და ავალდებულებს საჯარო მოხელეებს, რომ ისინი იყვნენ პოლიტიკურად ნეიტრალურები, არ გამოიყენონ თავიანთი საქმიანობა პარტიული მიზნებისთვის და ა.შ...
თორნიკე ბარათაშვილი

„შეცვალეს ძველი ნიშნები და დაარეგისტრირეს ახალი სანომრე ნიშნებით ავტომანქანები და, ჩვენდა გასაოცრად, ეს აღმოჩნდა პარტია „ქართული ოცნების“ სიმბოლოები - GD 041 IM , რომელიც იშიფრება როგორც Georgian Dream 041 Imereti, თუმცა საჯაროდ, ოფიციალურ პასუხებში გვწერენ, რომ ამას პარტიულ სიმბოლიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ცხადია, ჩვენთვის, მოსახლეობისთვის და ყველა მაკონტროლებელი რგოლისთვის, ვინც აკვირდება გუბერნიის მუშაობას, ეს ასახვაა იმ ნომრის, რაც „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე უკვე ხუთჯერ ჰქონდა“.

თორნიკე ბარათაშვილი, დამფუძნებელი არასამთავრობო ორგანიზაციისა „ევროპა ჩვენი სახლია“, ამბობს, რომ სანომრე ნიშნების მსგავსი ცვლილება „საჯარო სამსახურის“ კანონის მეხუთე მუხლის დარღვევაა:

„პირდაპირი კანონის დარღვევაა, რადგან არსებობს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მეხუთე მუხლი, რომელიც პოლიტიკურ ნეიტრალობას ეხება და ავალდებულებს საჯარო მოხელეებს, რომ ისინი იყვნენ პოლიტიკურად ნეიტრალურები, არ გამოიყენონ თავიანთი საქმიანობა პარტიული მიზნებისთვის და ა.შ., ანუ დღის განმავლობაში, როცა მუშაობენ, არ უნდა ეწეოდნენ აგიტაციას იმ პოლიტიკური პარტიისა, რომელსაც წარმოადგენენ“.

იმერეთის გუბერნატორის მოადგილის ავტომობილი
იმერეთის გუბერნატორის მოადგილის ავტომობილი

ვახტანგ სიხარულიძე, წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციისა „ევროპა ჩვენი სახლია“, აცხადებს, რომ სამხარეო ადმინისტრაციის საკუთრებაში არსებული ორი ავტომობილის სანომრე ნიშნების შესაძენად მომსახურების სააგენტოში გადახდილია სასურველი, სპეციალურად შერჩეული სარეგისტრაციო ნომრის ღირებულება - 250 ლარი, სტანდარტული ნომრის ღირებულება კი 70 ლარია, რაც ადასტურებს ავტომობილების სანომრე ნიშნებზე პოლიტიკური პარტიის სიმბოლიკის დატანის სურვილს. ამასთან, მისი თქმით, ეს არის არამიზნობრივად გაწეული ხარჯი:

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, გუბერნატორის ადმინისტრაციის ბალანსზე არსებულ ორ ავტომანქანაზე განხორციელდა სახელმწიფო სანომრე ფირნიშების შეცვლა იმის გამო, რომ დეკემბერში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად სხვადასხვა დღეს დაიკარგა სანომრე ნიშნები...
გოჩა გაბუნია

„როდესაც სოციალურად სავალალო მდგომარეობაა, სამხარეო ადმინისტრაცია თავს უფლებას აძლევს, რომ საბიუჯეტო თანხა განკარგოს პარტიული სიმბოლოების პიარისთვის“.

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ორი ავტომობილის სანომრე ნიშნები გასული წლის დეკემბერში უამინდობისას დაიკარგა და აუცილებელი იყო ახლის შეძენა. სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის, გოჩა გაბუნიას, განცხადებით, სანომრე ნიშნებზე დატანილ ლათინურ ასოებსა და რიცხვს პოლიტიკურ აგიტაციასთან კავშირი არა აქვს და შემთხვევით შეირჩა:

„იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, გუბერნატორის ადმინისტრაციის ბალანსზე არსებულ ორ ავტომანქანაზე განხორციელდა სახელმწიფო სანომრე ფირნიშების შეცვლა იმის გამო, რომ დეკემბერში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად სხვადასხვა დღეს დაიკარგა სანომრე ნიშნები. ამიტომ, კანონის შესაბამისად, დაუყოვნებლივ მივმართეთ შესაბამის ორგანოს და შეიცვალა ნომრები. რაც შეეხება სანომრე ნიშნებზე გამოსახულ 041, ეს არ არის პოლიტიკური პარტიის საარჩევნო ნომერი. მოგეხსენებათ, საარჩევნო ნომერი არის 41 და, შესაბამისად, ვერ მივიღებთ არასამთავრობო ორგანიზაციის კრიტიკულ განცხადებას“.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ავტომანქანები, რომლებსაც სანომრე ნიშნები შეუცვალეს, იმერეთის გუბერნატორს, გივი ჭიჭინაძეს, და მის პირველ მოადგილეს, გრიგოლ დალაქიშვილს, ემსახურება.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG