Accessibility links

წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა საგადასახადო კოდექსის კანონპროექტი


თეთრ სახლში აღნიშნავენ ტრამპის პირველ, მნიშვნელოვან საკანონმდებლო გამარჯვებას

წარმომადგენელთა პალატამ, სადაც დომინანტურ ძალას რესპუბლიკელები წარმოადგენენ, ოთხშაბათს საბოლოო თანხმობა მისცა ცვლილებებს აშშ-ის საგადასახადო კოდექსში, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ ტრანსფორმაციას მოასწავებს. საერთო ჯამში, კანონპროექტი, რომელიც პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გაუგზავნა ხელმოსაწერად, ეხება 1.5 ტრილიონი დოლარის მოცულობის თანხას.

ჩვენ ამერიკას თავის სიდიადეს ვუბრუნებთ... რას ნიშნავს ეს საბოლოო ანგარიშით? ნიშნავს სამუშაო ადგილებს, სამუშაო ადგილებს, სამუშაო ადგილებს, სამუშაო ადგილებს...
დონალდ ტრამპი

ეს არის ტრამპის პირველი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო გამარჯვება გაპრეზიდენტების შემდეგ. დემოკრატების წინააღმდეგობის მიუხედავად, რესპუბლიკელებმა მიიღეს კანონპროექტი, რომელიც კორპორაციებსა და მდიდარ მოქალაქეებს გადასახადებს მნიშვნელოვნად უმცირებს, საშუალო კლასის ამერიკელებს კი სთავაზობს შერეულ პერსპექტივასა და გადასახადების დროებით შემსუბუქებას.

„ჩვენ ამერიკას თავის სიდიადეს ვუბრუნებთო“, - განაცხადა ტრამპმა, რითიც გაიმეორა თავისი წინასაარჩევნო ლოზუნგი და დასძინა: „რას ნიშნავს ეს საბოლოო ანგარიშით? ნიშნავს სამუშაო ადგილებს, სამუშაო ადგილებს, სამუშაო ადგილებს, სამუშაო ადგილებს“.

2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიისას ტრამპი ხშირად ლაპარაკობდა გადასახადების შემცირებაზე საშუალო კლასის ამერიკელებისთვის. ახლახან მან თქვა, კორპორაციული გადასახადების 35-დან 21 პროცენტამდე შემცირება, „სავარაუდოდ, უდიდესი ფაქტორია ამ გეგმაშიო“. ამ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

ჯერჯერობით გაურკვეველია, ტრამპი როდის მოაწერს ხელს ამ გეგმას. ეკონომიკურ საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის, გარი კონის, თქმით, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის დამტკიცდება ამ კანონპროექტთან დაკავშირებული მექანიზმი ხარჯების შემცირების შესახებ.

„როიტერსის“ თანახმად, ადმინისტრაცია ვარაუდობს, რომ ამ მექანიზმს კონგრესი მიმდინარე კვირაში დაამტკიცებს. ამდენად, შესაძლოა ტრამპმა მას ხელი უკვე პარასკევს მოაწეროს - თუ არა, მაშინ ახალი წლის პირველ კვირაშიო, ამბობს კონი.

კორპორაციული საშემოსავლო გადასახადის შემცირებასთან ერთად, კანონმდებლობა სხვა ბიზნესების მფლობელებს 20 პროცენტით უმცირებს ბიზნესის შემოსავლის გადასახადს და ცვლის წესს, რომლითაც მთავრობა გადასახადებს უწესებს მულტინაციონალურ კორპორაციებს. ეს წესი მიესადაგება მოდელს, რომლის მოწოდებითაც ქვეყნის უდიდესი ბიზნესები უკვე წლებია გამოდიან.

თეთრ სახლში აღნიშნავენ ტრამპის პირველ, მნიშვნელოვან საკანონმდებლო გამარჯვებას
თეთრ სახლში აღნიშნავენ ტრამპის პირველ, მნიშვნელოვან საკანონმდებლო გამარჯვებას

რესპუბლიკელების მხარდაჭერის მოსაპოვებლად კანონპროექტს ორი პუნქტი დაემატა: გათვალისწინებულ იქნა ნებართვა ნავთობის მოპოვებაზე ალიასკის ნაკრძალში და მოიხსნა ე.წ. „ობამაქეარით“ გათვალისწინებული ჯარიმა იმ ამერიკელებისთვის, რომლებმაც არ შეიძინეს ჯანმრთელობის დაცვის პოლისი.

დემოკრატები ერთიანი პოზიციით ეწინააღმდეგებოდნენ ახალ საგადასახადო კოდექსს - მათი შეფასებით, ის უმდიდრესი ამერიკელების ინტერესებზეა მორგებული და კიდევ უფრო გააფართოებს უფსკრულს მდიდრებსა და ღარიბებს შორის. ამასთან, დემოკრატების განცხადებით, შემდეგ ათწლეულში კიდევ 1.5 ტრილიონი დოლარი დაემატება აშშ-ის ვალს, რომელიც ამჟამად 20 ტრილიონისგან შედგება. კამპანიის მსვლელობაში ტრამპი გამოდიოდა პირობით, რომ აღმოფხვრიდა სახელმწიფოს ვალს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG