Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალციხის მერი: "მუდმივი არაფერია“


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

სამცხე-ჯავახეთში პრემიერის გადადგომას შეფასებას აძლევენ. წარმატებული პროფესიონალი, უუფლებო მაღალჩინოსანი თუ კარგი ადამიანი?! - განსხვავებული მოსაზრებები არჩევნებიდან რამდენიმე თვით ადრე. რა მიზანს ემსახურება ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა?

ახალციხის საკრებულოს ,,ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე ამბობს, რომ პრემიერის გადადგომა 2016 წლის მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება და ამით მმართველ ძალას სურს მოსახლეობის ნდობა დაიბრუნოს. მაკა სუდაძის აზრით, საკადრო ცვლილება საქართველოში არსებულვითარებას ვერ შეცვლის, რადგან ქვეყანას რეალურად ერთი პირი – ბიძინა ივანიშვილი - მართავს.

ახალი პოლიტიკური ცენტრის ,,გირჩის“ რეგიონალურ ოფისში მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში რეალური ცვლილებები მხოლოდ მას შემდეგ განხორციელდება, რაც პოსტს არა მხოლოდ ერთი პიროვნება, არამედ მთლიანად მმართველი გუნდი დატოვებს. რეგიონალური კოორდინატორი კობა გორგოძე პრემიერობის სავარაუდოკანდიდატებსაც უნდობლობას უცხადებს.

"გაერთიანებული დემოკრატიული“ მოძრაობის სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორი ამბობს, რომ პრემიერის გადადგომის მიზეზი მისი შეუსრულებელი დაპირებები გახდა. ჯიმშერ გოგოლაურის თქმით, რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებაში, სადაც პრემიერმა შესრულებული საქმიანობა შეაჯამა, ყურადღება არ გაამახვილა უმუშევრობის დაძლევის, სამართლიანობის აღდგენისა თუ მიგრაციის მაჩვენებლის ზრდაზე, თუმცა აღნიშნული საკითხების მოგვარება მის წინასაარჩევნო დაპირებას წარმოადგენდა.

პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვთ ახალციხის მცხოვრებლებს. ადგილობრივთა უმრალესობას პოლიტიკურ თემაზე საუბარი არ სურს. ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ 3 წლის განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყანას არაეფექტურად მართავდა, მეორე ნაწილი კი მის მუშაობას წარმატებულად მიიჩნევს.

ქალაქ ახალციხის მერი ამბობს, რომ განცხადება ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შესახებ მისთვის მოულოდნელი იყო. გიორგი კოპაძის აზრით, პრემიერის გადადგომა ნორმალური პროცესია.

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2013 წლის 20 ნოემბერს აირჩიეს. მან ამ თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილი შეცვალა. მანამდე ღარიბაშვილი იყო საქართველოს შს მინისტრი, ხოლო უფრო ადრე - ბიძინა ივანიშვილის ფონდ “ქართუს” ხელმძღვანელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG