Accessibility links

18 სექტემბერს აშშ-ის სენატმა დაამტკიცა 2018 წლის სამხედრო ბიუჯეტი. დოკუმენტის თანახმად, შეერთებული შტატების სენატი „კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“ და მოუწოდებს ნატოს წევრ სახელმწიფოებს, „საქართველოსთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მხარდაჭერა განაგრძონ“. დოკუმენტი პოლიტიკურ-ეკონომიკური შინაარსისაა და თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში გამოხატული მხარდაჭერა, ამ თემაზე საუბარს ნინო ხარაძე განაგრძობს.

„საქართველო აშშ-ის ფასეული მეგობარია და მას არაერთგზის გამოუხატავს ორი ქვეყნის საერთო ინტერესების დასაცავად მზადყოფნა, მათ შორის, ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში, ISAF-ის მისიასა და ერაყის მრავალეროვნულ ძალებში ქართველი სამხედროების მონაწილეობით“– ჩაწერილია 18 სექტემბერს სენატის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტში, რომელიც შეერთებული შტატების თავდაცვის ბიუჯეტს ადგენს. დოკუმენტის პოლიტიკურ ნაწილში ასევე ვკითხულობთ, რომ „შეკავების ევროპული ინიციატივა საქართველოს, როგორც პარტნიორისთვის შესაძლებლობებს ქმნის, რათა მან უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს შეერთებულ შტატებსა და ნატოსთან, ამასთან, უზრუნველყოს საკუთარი თავდაცვა.

„ევროპული შეკავების ინიციატივის გარდა, საქართველო მონაწილეობს ნატოს ინიციატივის, „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ფარგლებში, სადაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს აშშ-სა და ნატოსთან ურთიერთობასა და რეგიონში უფრო მშვიდობიანი გარემოს შექმნაში.

დანაკარგის მიუხედავად, საქართველო, როგორც ნატოს პარტნიორი, მონაწილებს ISAF-ის მისიასა და ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაშიც და, კონტინგენტის მოცულობის თვალსაზრისით, მეორე უმსხვილესი კონტრიბუტორი ქვეყანაა ადგილზე“.

შეერთებული შტატების კონგრესი კიდევ ერთხელ ადასტურებს შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი თავის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ ცნობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებლობას, რომლებიც ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. კონგრესი მხარს უჭერს აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობას და საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, უზრუნველყოს თავისი ხალხისა და სუვერენული ტერიტორიის დაცვა.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს აგრესიას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, 2008 წელს რუსეთის ფედერაციამ საქართველოში კონფლიქტი გამოიწვია. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაცია აღმოსავლეთ უკრაინაში რუსულ-სეპარატისტულ გაერთიანებებს ხელმძღვანელობს, აქტიურად ახორციელებს ძალადობასა და ევროპაში ყველაზე მნიშვნელოვან კონფლიქტს ახანგრძლივებს.

როგორც საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ უთხარ მედიას, დოკუმენტი თავისი შინაარსით გამოხატავს შეერთებული შტატების დამოკიდებულებას თავისი საიმედო და მჭიდრო პარტრნიორის – საქარველოსადმი.

„თავდაცვის ბიუჯეტის განხილვის პროცესში საქართველო იყო მოხსენიებული როგორც აშშ-ისთვის საიმედო და ძალიან მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორი და დოკუმენტი ამბობს, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერას და საქართველოსთან თანამშრომლობას, მისი თავდაცვისუნარიანობის გაზრდის თვალსაზრისით და დაგმობილია ის აგრესიული ქმედებები, რომელსაც რუსეთი საქართველოსთან მიმართებით ახორციელებს“.

მსგავსი დოკუმენტი შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად მზადდება და მასში დეტალურადაა გაწერილი თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან, – აღნიშნავს სამხედრო- ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი. მისი თქმით, მუდმივად ხაზი ესმება საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის მჭიდრო პარტნიორულ თანამშრომლობას. თუმცა, გარდა პოლიტიკური შინაარსისა, ირაკლი ალადაშვილი სვამს კითხვას, თუ რაში გამოიხატება რეალური მხარდაჭერა, რომლის მოლოდინიც სააქართველოს შეიძლება ჰქონდეს. ასეთად კი ასახელებს ერთობლივი სამხედრო მოსამზადებელი ცენტრის გახსნას ვაზიანში, სადაც ცხრა ქართული ბატალიონი უნდა მომზადდეს.

„თუ ეს ცხრა ქართული ბატალიონი პლუს სხვა ქართული სამხედრო დანაყოფები იმისთვის, რომ მათ ისწავლონ ზუსტად და ეფექტიანად როგორ მოიგერიონ სავარაუდო მოწინააღმდეგის ჯავშან-სატანკო კოლონების შემოტევა, როგორ მოახდინონ ავიაციის შემოტევის პარალიზება, ეს ბევრად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ამერიკა-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკურ და სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაში“.

იზრდება შეერთებული შტატების მონაწილეობა აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, მათ შორის, პოლონეთსა და ბალტიისპირეთში და ამ თვალსაზრისით, ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ შეერთებული შტატები მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს საქართველოსთან თავდაცვის სფეროში, – აღნიშნავს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე. მისი სიტყვებით, ცნობილია, რომ იგეგმება ერთობლივი სამხედრო ობიექტის გახსნა საქართველოს ტერიტორიაზე და ისიც, რომ საქართველო ამისთვის 10 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტს გამოყოფს ლარში. შეერთებულ შტატებთან სამხედრო თანამშრომლობის კონტექსტზე საუბრისას, ნიკა ჩიტაძე ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიას იშველიებს და ამბობს რომ, თავდაცვის სფეროში სრულყოფილი თანამშრომლობისთვის საქართველოს შეერთებული შტატების მხრიდან თავდაცვითი იარაღის მიწოდება სჭირდება, რათა რუსეთის მოსალოდნელ აგრესიას აღუდგეს წინ.

კონკრეტულად, რა თანხის მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს შეერთებული შტატების თავდაცვის ბიუჯეტიდან, ჯერჯერობით, გაურკვეველია.ფლობენ თუ არა ამის თაობაზე ინფორმაციას საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებში , რადიო „თავისუფლებისთვის“ გაურკვეველი დარჩა. ბიუჯეტის თავდაპირველ პროექტში საქართველოსთვის კონკრეტული თანხა გათვალისწინებული არ იყო. ცნობილია, რომ აშშ-ის საბიუჯეტო დოკუმენტი „რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლისა და ევროპული მოკავშირეების მხარდასაჭერად" – 4.3 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა სამი ქვეყნისთვის – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასათვის. გავრცელებული ცნობით, დაგეგმილია შეერთებული შტატების სამხედრო ბიუჯეტიდან უკრაინის დაფინანსება 500 მილიონი აშშ დოლარით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG