Accessibility links

საქართველო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის დასახვედრად ემზადება


გიორგი მარგველაშვილი

მომავალი კვირის ორშაბათს საქართველოს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი, 2- დღიანი ვიზიტით ეწვევა, კვირას კი საქართველოში მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ დაიწყება, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალები და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობა ვაზიანის პოლიგონზე მესამედ ჩაატარებენ. საქართველოსთვის ამ ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენის შეფასებით დაიწყო საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა. მაიკ პენსის ვიზიტი „აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დადასტურებააო“, განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. რა პოლიტიკური გზავნილების შემცველია, პოლიტიკის ანალიტიკოსთა აზრით, ეს ორი მოვლენა არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში?

იმ ფონზე, როცა რუსეთის მხრიდან გრძელდება საქართველოს მცოცავი ოკუპაცია, იტაცებენ საქართველოს მოქალაქეებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო სწავლებები ტარდება, საქართველო ემზადება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის, ვიზიტისთვის, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, საერთაშორისო მედიაორგანიზაციების ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი შეფასებით, მაიკ პენსის ვიზიტი და პარალელურად მრავალეროვნული სწავლების, „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის, ჩატარება ნათლად აჩვენებს შეერთებული შტატების ინტერესსა და მხარდაჭერას ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოს მიმართ. გიორგი მარგველაშვილის სიტყვებით, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი არის ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც წარმოაჩენს ჩვენს თანამშრომლობას . დღეს ქართველი სამხედროები ამერიკელი სამხედროების გვერდით დგანან არა მხოლოდ საერთაშორისო მისიებში, არამედ დგანან საქართველოს მიწაზე. წვრთნა და აღჭურვა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდა არის შეერთებული შტატების დღის წესრიგის მნიშვნელოვანი შემადგენელი და ეს, რასაკვირველია, საქართველოს სამომავლო დემოკრატიზაციის განუყოფელი ნაწილია და იმის ნიშანია, რომ საქართველო გახდება ევროკავშირისა და ნატოს წევრი, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

„გზავნილი სამი წლის წინ ნატოს უელსის სამიტზე გაიგზავნა, სადაც ჩვენ მკაფიოდ გამოვხატეთ, რომ ჩვენ უფრო მჭიდროდ დავდგებოდით ნატოს პარტნიორების გვერდით და რომ იქნება „მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში“. ამ ჩარჩოში და იმ დავალებების შესრულებით, რასაც ჩვენს ნატოელ პარტნიორებთან ერთად ვასრულებთ და განსაკუთრებით შეერთებულ შტატებთან ერთად, შეერთებულ შტატებთან ერთად, რომელიც მდგრადობის პროგრამაში მონაწილეობს და წვრთნის ჩვენს სამხედროებს, რომ უფრო მდგრადები იყვნენ ჩვენსავე მიწაზე და თქვენ იცით, რომ ეს არის ჩვენი სამხედრო თანამშრომლობის ახალი სახე. მანამდე რაც იყო, ეს იყო ჩვენი ჯარისკაცების წვრთნა აისაფისა და საერთაშორისო მისიებისათვის, ახლა კი უფრო კონცენტრირებული ვართ საქართველოს მდგრადობის გაუმჯობესებაზე. ახლა ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი მკაფიოდ უჩვენებს, რომ ეს არ არის მხოლოდ სამხედრო სწავლება, ეს აჩვენებს ჩვენს ღირებულებების ერთიანობას, ჩვენს საერთაშორისო პოლიტიკურ მიზნებს და წარმოაჩენს ნათელ მესიჯს, რომ ჩვენ ვართ ერთად. ეს მნიშვნელოვანი გზავნილია განსაკურებით იმ გარემოში, რომელზეც უკვე მოგახსენეთ, გარემოში, რომელშიც გრძელდება სასწავლო წვრთნები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა.

აშშ-ის სამხედრო ტექნიკა საქართველოში
აშშ-ის სამხედრო ტექნიკა საქართველოში

30 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში დაიწყება რიგით მესამე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება - „ღირსეული პარტნიორი 2017“. 2015 წელს ჩატარებული პირველი სწავლების შემდეგ „ღირსეული პარტნიორის“ მასშტაბი გაიზარდა და წელს მასში მონაწილეობას მიიღებენ ნატოს ხუთი წევრი და სამი პარტნიორი ქვეყნის ქვედანაყოფები, კერძოდ, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, სლოვენიის, თურქეთის, უკრაინის, სომხეთისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების 2 800-ზე მეტი სამხედრო. სწავლება მიზნად ისახავს სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ნატოს პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთანამშრომლობის ამაღლებას, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალთა საწვრთნელი შესაძლებლობის გაზრდას და მისი მონაწილე ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავებას.

როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ეს სწვლება არის უმნიშვნელოვანესი რამ რეგიონის სტაბილურობის განმტკიცებისთვის. მან კმაყოფილება გამოთქვა, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა უმასპინძლოს ასევე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს:

„ის, რომ ჩვენ ძალიან მოკლე დროში დავამყარეთ ძალიან მჭიდრო ურთიერთობები ახალ ადმინისტრაციასთან, არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხით. ასევე რამდენიმე დღეში იწყება მრავალმხრივი სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“, რომელშიც მონაწილეობენ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და ვფიქრობთ, რომ ეს სწავლებები არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს რეგიონში სტაბულურობის განმტკიცებისათვის. აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას და ესეც ნამდვილად მისასალმებელია. ასე რომ, ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების დინამიკა არის ძალიან მაღალი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაიკ პენსის ვიზიტი იქნება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული ამ ორმხრივი ურთიერთობების ბიძგის მისაცემად“.

ხომ არ მოჰყვება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების უფრო მეტი მილიტარიზაცია რუსეთის მხრიდან საქართველოში ჩატარებულ მასშტაბურ საერთაშორისო სწავლებას, ვინაიდან რუსეთი ყოველთვის კრიტიკულად ეხმაურება საქარვველოში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების აქტივობებს? - ამ კითხვის პასუხად სამხედრო ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი, ამბობს, მე ის უფრო მაინტერესებს, რა რეაქცია ექნება რუსეთს იმაზე, რომ ამ სწავლებაში მონაწილეობს სომხეთის სამედიცინო ასეული (საველე ლაზარეთი), ვინაიდან სომხეთს რუსეთი თავის პარტნიორად მოიაზრებსო:

„საინტერესოა, კრემლს რა რეაქცია ექნება ამასთან დაკავშირებით, რადგან სომხეთი რუსეთს თავის სტრატეგიულ პარტნიორად მიაჩნია. საქართველოსთვის და ნატოსთვის ძალიან მისაღებია, რომ სომხეთი მონაწილეობას იღებს ამ სწავლებაში, იმიტომ რომ საქართველოსთვის ძალიან კარგი იქნება, თუ მისი მეზობელი და მეგობარი სომხეთ ი გაზრდის თანამშრომლობას საქართველოს მთავარ პარტნიორ ნატოსთან“.

ამ ორ მოვლენას - იგულისხმება აშშ-ის ვიცე- პრეზიდნტის ვიზიტი და სამხედრო სწავლების გამართვა საქართველოში - პოლიტიკური სიმბოლიზმის გარდა, შინაარსობრივი დატვირთვაც აქვსო, ამბობს, „ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია. საქართველოსთვის შეერთებული შტატების მხარდაჭერას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისთვის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების თვალსაზრისით. ამის დასტურია 25- წლიანი ურთიერთობა , მაგრამ დამატებით, ამ ვიზიტისა და სამხედრო წვრთნების გზავნილი არის ის, რომ საქართველოს დემოკრატიის წარმატება არის ამერიკისა და ამერიკის პარტნიორების სასიცოცხლო ინტერესებში, ამბობს ბათუ ქუთელია.

„აშშ-ის და რუსეთის პრინციპული დაპირისპირების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. რაც შეეხება ტაქტიკურ და პრაგმატულ მოსაზრებებს, თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანაშრომლობა, საქართველოს ჯარის აღმშენებლობა, საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობა ამერიკის შეიარაღებულ ძალებთან და ჩვენი პარტნიორობა არის, ასევე, ის მთავარი შემადგენელი ნაწილი, რომელიც დღეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ერთ-ერთი ქვაკუთხედია. საქართვველოს თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფის ამაღლება არის ის კომპონენტები, რომელიც იქნება გადამწყვეტი იმისთვის, რომ საქართველო იყოს მომზადებული შეაკავოს რუსული ჰიბრიდული გამოწვევები - იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სამხედრო კუთხით“.

აშში-ის ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს, თბილისში 31 ივლისს ელოდებიან, ვიზიტის ფარგლებში, ის ვაზიანის სამხედრო ბაზაზე წვრთნების მიმდინარეობასაც დააკვირდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG