Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკრებულოსა და მერიის ბედი თბილისის ბიუჯეტზეა დამოკიდებული


თბილისის საკრებულო
თბილისის საკრებულო
თბილისი უბიუჯეტოდაა დარჩენილი და დავა ამ საკითხზე მერიასა და საკრებულოს შორის გრძელდება. მერიაში ირწმუნებიან, რომ პროცესის შეჩერებით თბილისელები ზარალდებიან, ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის რეალური მიზანი კი „ქართული ოცნების“ მიერ საკრებულოს ხელში ჩაგდებაა. იმ შემთხვევაში, თუ ბიუჯეტი მარტის ბოლომდე არ დამტკიცდა, პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს დაითხოვოს საკრებულო და იქ დროებითი ხელმძღვანელი დანიშნოს. თბილისის ბიუჯეტის პროექტი გასული წლის 29 დეკემბერს ჩავარდა, რის მიზეზადაც „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ბიუჯეტის პროექტის დეტალური გაუწერლობა დაასახელეს.

თუ თბილისის ბიუჯეტის პროექტი სამჯერ ზედიზედ ჩავარდა და ის მარტის ბოლომე არ დამტკიცდა, მთავრობის მეთაურს უფლება აქვს დაითხოვოს საკრებულო და მერი. დათხოვნის შეთხვევაში, პრემიერ-მინისტრი ნიშნავს დროებით ხელმძღვანელს. ამაში მდგომარეობს ბიუჯეტთან დაკავშირებული ვნებათაღელვის არსი, ფიქრობენ დედაქალაქის მერიაში. ამასთან, როგორც თბილისის მერის მოადგილე ირაკლი აბესაძე შენიშნავს, საკრებულოს უმრავლესობა არასწორად განმარტავს ბიუჯეტის შესახებ კანონს, როცა აცხადებენ, რომ მერიას ბიუჯეტის დაუმტკიცებლადაც შეუძლია დააფინანსოს სხვადასხვა საჭიროებები, თანხა კი წინა წლის ბიუჯეტის ასიგნებების 1/12- ის პრინციპით გაიანგარიშება, რაც 60 მილიონ ლარს შეადგენს. ირაკლი აბესაძის სიტყვებით, აქ საუბარია პრიორიტეტებზე და არა მთლიან თანხაზე, ანუ ჯამურ 1/12-ზე კი არა, თბილისის ბიუჯეტს აქვს 9 პრიორიტეტი და თითოეული მიმართულებით დასაშვები 1/12 ის ხარჯვის უფლება:

„მარტივად რომ ვთქვათ, თუ ინფრასტრუქტურულ პროექტში რაღაც თანხა ვერ დავხარჯეთ, ვთქვათ, გზების მშენებლობაზე, რაგინდ გადაუდებელი აუცილებლობაც უნდა არსებობდეს სოციალური მიმართულებით ამ თანხის ხარჯვის, მას სოციალურ მიმართულებაზე ვერ გამოვიყენებთ, ანუ თითოეულ მიმართულებას აქვს თავისი ბიუჯეტი და ამ ბიუჯეტის ლიმიტს ვერ გადააჭარბებ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი შეზღუდვაა, რომ თანხა, რომელსაც ვერ დახარჯავ ერთი თვის განმავლობაში, ვთქვათ, იანვარში, ის თებერვლის თვეში არ გადადის - მას, ითვლება, რომ ვეღარ ხარჯავ იმ წლის განმავლობაში. შესაბამისად, ითვლება, რომ იმ თანხით ნაკლებს მოახმარ თბილისელებს და იმ პრობლემების მოგვარებას, რა პრობლემებიც არის. შესაბამისად, ასეთი ტიპის საბიუჯეტო პროცედურები შეაფერხებს აბსოლუტურად ყველა პროგრამას, რომელიც თბილისის ბიუჯეტის პროექტით იყო გათვალისწინებული“.

ჩნდება ეჭვი, რომ მათ აქვთ დაგეგმილი, ჩააგდონ ბიუჯეტი კიდევ ერთხელ და მესამედაც, რისი შედეგიც იქნება ის, რომ ცენტრალურ მთავრობას ექნება შესაძლებლობა დაითხოვოს საკრებულო, დანიშნოს მერი, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელში ჩაიგდონ მთლიანად მთელი ადგილობრივი თვითმმართველობა...
სევდია უგრეხელიძე
ირაკლი აბესაძის სიტყვებით, ამ პროგრამებში შედის: სამედიცინო ოპერაციების დაფინანსება, სოციალური ვაუჩერები, დასუფთავება, გარე განათება, გზების შეკეთება და სხვა.

თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებლის სევდია უგრეხელიძის თქმით, ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის გამო უკვე შეჩერდა ახალი ავტობუსების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი. სევდია უგრხელიძის სიტყვებით, ბიუჯეტის ჩავარდნას პოლიტიკური სარჩული აქვს:

„ჩნდება ეჭვი, რომ მათ აქვთ დაგეგმილი, ჩააგდონ ბიუჯეტი კიდევ ერთხელ და მესამედაც, რისი შედეგიც იქნება ის, რომ ცენტრალურ მთავრობას ექნება შესაძლებლობა დაითხოვოს საკრებულო, დანიშნოს მერი, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელში ჩაიგდონ მთლიანად მთელი ადგილობრივი თვითმმართველობა, ფაქტობრივად, გააუქმონ ადგილობრივი თვითმმართველობა თბილისში, რათა თავის ნებაზე, თავიანთი მიზნების მიხედვით ჩაატარონ არჩევნები“.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მაის-ივნისის მიჯნაზეა დანიშნული. საკრებულოს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დეპუტატების განცხადებით, პოლიტიკური მიზნები არაფერ შუაშია, უბრალოდ, მერიამ არ წამოადგინა დეტალურად გაწერილი ბიუჯეტი, რაც მისი ჩავარდნის საფუძველი გახდა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ჯაბა სამუშიამ დღევანდელ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ წაუყენა ეს მოთხოვნა მერიის წარმომადგენლებს:

ეს ვნებს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის იმიჯს და დემოკრატიული პროცესების განვითარებას, არამედ არის მავნებლობა დედაქალაქის მოსახლეობის ინტერესების საზიანოდ...
თემურ გრიგალაშვილი
„მომზადებულები მობრძანდით, - ქალაქის მერიის წარმომადგენლებს მივმართავ. -ყველაფერი იყო ჩაშლილი ბიუჯეტში. ვიცოდეთ, რომელი თეთრი სად მიდის, ვინაიდან ჩვენ აღარ დავუშვებთ საკრებულოში ისეთი ბიუჯეტის მიღებას, რომელსაც იღებდა „ნაციონალური მოძრაობა“ წლების განმავლობაში და რომელი ბიუჯეტიც იყო არა თბილისის ბიუჯეტი, მე ხაზი მინდა გავუსვა, არამედ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ბიუჯეტი“.
საკრებულოს უმცირესობის წარმომადგენელი დეპუტატის თემურ გრიგალაშვილის თქმით, ბიუჯეტისადმი „ქართული ოცნების“ დეპუტატების დამოკიდებულება მავნებლურია:

„ეს ვნებს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის იმიჯს და დემოკრატიული პროცესების განვითარებას, არამედ არის მავნებლობა დედაქალაქის მოსახლეობის ინტერესების საზიანოდ“.

საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი საქართველოში არ იმყოფება, ის მივლინებაშია. მერიის წარმომადგენლები საკრებულოს წევრებს კომუნიკაციის ნაკლებობაში ადანაშაულებენ და თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ.

ექსპერტთა ერთი ნაწილი კი ფიქრობს, რომ საკრებულოსა და მერიას შორის ბიუჯეტის საკითხზე დაპირისპირება განპირობებულია უფრო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ აქტივობის გამოჩენის და არა საკრებულოს დათხოვნის სურვილით.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG