Accessibility links

მანანა კობახიძე - საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი


საქართველოს პარლამენტი

101 ხმით 10-ის წინააღმდეგ - საქართველოს პარლამენტმა ფარული კენჭისყრის ასეთი შედეგით დაამტკიცა დადგენილება, რომლითაც „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, მანანა კობახიძე, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად აირჩიეს და, ასევე, მას ვადამდე შეუწყდა სადეპუტატო უფლებამოსილება. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მანანა კობახიძის არჩევის საკითხი უკვე დიდი ხანია წარმოადგენს მწვავე შიდაპოლიტიკური დისკუსიების საგანს. მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მანანა კობახიძე აბსოლუტურად ღირსეულ კანდიდატურად მიაჩნია, ოპოზიციური ფლანგი ამ გადაწყვეტილების უკან ხედავს ხელისუფლების მიზანს - საბოლოოდ დაიმორჩილოს საკონსტიტუციო სასამართლო.

please wait

No media source currently available

0:00 0:04:55 0:00
Direct link

„ქართული ოცნების“ აწ უკვე ყოფილი დეპუტატი, მანანა კობახიძე, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს შორის 10 წლით იმ ადგილს დაიკავებს, რომელიც სექტემბრიდან არის თავისუფალი და რომლის შევსებაც პარლამენტს ევალებოდა. 8 თებერვლის პლენარულ სხდომაზე განხილვა და დებატები აღარ გამართულა და, რეგლამენტის შესაბამისად, კენჭისყრაც ფარული წესით შედგა. მანანა კობახიძემ მადლობა გადაუხადა მთლიანად პარლამენტს და კონკრეტულად უმრავლესობას ნდობისთვის, თუმცა ისიც დაამატა, რომ ამიერიდან მისი მთელი ანგარიშვალდებულება ეკუთვნის საზოგადოებას და რომ ის „კონსტიტუციური კანონიერების, კონსტიტუციური წესრიგის, ადამიანის უფლებების სამსახურში“ დგება. „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი პირობას დებს, რომ იხელმძღვანელებს მხოლოდ და მხოლოდ დამოუკიდებელი მოსამართლის რწმენით და ყოველგვარ კავშირს გაწყვეტს პოლიტიკასთან.

განცხადებებით, რომლებიც სხდომათა დარბაზს მიღმა გაკეთდა როგორც კენჭისყრამდე, ასევე კენჭისყრის შემდეგ, ისევ უკმაყოფილებას გამოხატავდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. მაგალითად, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ მანანა კობახიძის წარდგენით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ კვლავაც გააგრძელა სასამართლოზე სრული კონტროლის მოპოვების მცდელობა:

სერგი კაპანაძე
სერგი კაპანაძე

„ისეთი ადამიანი იქნა ნომინირებული საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციები ყოფილიყო შეკვეცილი და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ კონტროლი ამ სასამართლოზე ყოფილიყო განხორციელებული. აქედან გამომდინარე, ასეთი პოლიტიკურად ანგაჟირებული ფიგურის სასამართლოში გაშვება არის გაგრძელება პირდაპირ, აი, ამ მიდგომის, რომ მათ უნდათ, რომ ყველა სასამართლო სივრცე იყოს ბოლომდე მათი კონტროლის ქვეშ“.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ლიდერის - მე-8 მოწვევის პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის - მანანა კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოში გადანაცვლება ოპოზიციას უჩენს ეჭვს, რომ ის ლოიალური იქნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ და ვერ შეძლებს პოლიტიკურ მიკერძოებას აარიდოს თავი.

რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვთ „ქართული ოცნების“ გუნდში, სადაც პრაქტიკულად გამორიცხავენ მანანა კობახიძის მიკერძოებასთან დაკავშირებულ შეკითხვებს და აქცენტს მის პროფესიონალიზმსა და გამოცდილებაზე აკეთებენ. ამ შინაარსისაა უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატის, სოფო კილაძის, კომენტარი:

„ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ქალბატონ მანანას როგორც ადამიანის უფლებების კუთხით, ასევე სხვა სამართლებრივი მიმართულებებით მუშაობის და ვფიქრობ, რომ ის ნამდვილად ღირსეული კანდიდატია საკონსტიტუციო მოსამართლეობის“.

მანანა კობახიძის მიმართ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა სრული მხარდაჭერის გამოვლინებისა და ოპტიმისტური განცხადებების ფონზე, კონსტიტუციონალისტები შეგვახსენებენ დიდ პრობლემას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ავტორიტეტს უკავშირდება. გავიხსენოთ, რომ გახმაურებული საქმეების გარშემო ატეხილმა ხმაურმა და მწვავე პოლიტიკურმა დაპირისპირებამ 2016 წელს შექმნა საკონსტიტუციო სასამართლოს ავტორიტეტის შერყევის რეალური საფრთხე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი გიორგი მუმლაძე ჩვენთან საუბრისას იხსენებს, რომ ამ მწვავე დაპირისპირებისა თუ სადავო საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების პროცესში მანანა კობახიძეც აქტიურად მონაწილეობდა და ამით გარკვეულწილად ხელს უწყობდა საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციას:

ბუნებრივია, როდესაც ახლა თავად გახდა მოსამართლე, მის მიმართაც იგივე კითხვები არსებობს - რამდენად შეძლებს ის განახორციელოს ხარისხიანი მართლმსაჯულება... ბუნებრივია, ეს ეჭვქვეშ არის დაყენებული...
გიორგი მუმლაძე

„ის საკმაოდ ანტაგონიზმით იყო განწყობილი მოქმედი მოსამართლეების მიმართ... შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო იმ კანონმდებლობის შექმნაში და აქტიურად უჭერდა მხარს საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანულ კანონში ცვლილებებს, რომლებმაც შეაფერხა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობა. როდესაც თავად მას არ აწყობდა და კონკრეტული პიროვნებები მისთვის იყო მიუღებელი, მაშინ ეს სასამართლო მიიჩნეოდა რაღაც უავტორიტეტოდ... და, ბუნებრივია, როდესაც ახლა თავად გახდა მოსამართლე, მის მიმართაც იგივე კითხვები არსებობს - რამდენად შეძლებს ის განახორციელოს ხარისხიანი მართლმსაჯულება... ბუნებრივია, ეს ეჭვქვეშ არის დაყენებული“.

შესაბამისად, გიორგი მუმლაძე თვლის, რომ ლეგიტიმურია ყველა ის შეკითხვა და ეჭვი, რომელიც უკავშირდება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი აქტიური ლიდერის, მანანა კობახიძის, სამომავლო საქმიანობას საკონსტიტუციო სასამართლოში. ის ამბობს, რომ ამჟამინდელ შემადგენლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრიდან ექვსი წევრი ხელისუფლების მიმართ ლოიალურად არის განწყობილი. თუმცა კონსტიტუციონალისტი მაინც გამოთქვამს იმედს, რომ სამოქალაქო საზოგადოების მაღალი ჩართულობისა და სიფხიზლის პირობებში, საკონსტიტუციო სასამართლო შეძლებს მართლმსაჯულების შეუფერხებლად და ხარისხიანად განხორციელებას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთაგან ოთხს უფლებამოსილების ვადა 2016 წლის სექტემბერში ამოეწურა. აქედან საქართველოს პრეზიდენტის კვოტით შეივსო ორი წევრის ადგილი, ხოლო უზენაესი სასამართლოს კვოტით - ერთი ადგილი. დარჩენილი ერთი ადგილის შევსება კი, შესაბამისი კვოტით, პარლამენტს ევალებოდა, თუმცა პროცესი გაჭიანურდა და ეს 8 თებერვლამდე ვერ მოხერხდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG