Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინა მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომა


გორში წინა მოწვევის საკრებულომ ბოლო სხდომა გამართა. ქალაქის საკრებულო 2014 წელს აირჩიეს. თვითონ საკრებულოს წევრებიც აღიარებენ, რომ ეს იყო ყველაზე ხმაურიანი შემადგენლობა. ამ სამი წლის განმავლობაში ორჯერ განხორციელდა საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტი.

ქალაქის საკრებულოს პირველი თავმჯდომარე წელიწად-ნახევარი მმართველი კოალიციის შემადგენლობაში მყოფი „ეროვნული ფორუმის“ წევრი პაპუნა კობერიძე იყო. „ფორუმის“ კოალიციიდან გასვლის შემდეგ 15-კაციანმა საკრებულომ იგი გადაირჩია და მის ადგილას ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრი ილია მეტრეველი აირჩია, მაგრამ მეტრეველმა ნახევარი წელი იმუშავა და - ისევ იმპიჩმენტი! ამ საკრებულომ მუშაობა ისე ჩაამთავრა, რომ თავმჯდომარე აღარ აურჩევია და მის მოვალეობას ზურაბ როსებაშვილი ასრულებდა. საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, პაპუნა კობერიძე, ფიქრობს, რომ, წინააღმდეგობებისა და პრობლემების მიუხედავად, ქალაქის თვითმმართველი ერთეულის მუშაობა დადებითად უნდა შეფასდეს.

მმართველ პარტიას გორის საკრებულოში მყარი უმრავლესობა არ ჰყავდა. წინააღმდეგობები მას შემდეგ წარმოიშვა, რაც კოალიცია „ქართული ოცნება“ დაიშალა. აზრთა სხვადასხვაობა, დაპირისპირება, ხმაური - ეს ყველაფერი გორის საკრებულოსთვის უცხო არ იყო. თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ როსებაშვილი მიიჩნევს, რომ პროცესი დემოკრატიულად მიმდინარეობდა.

სტალინის მონუმენტის დემონტაჟი გორის ცენტრალური მოედნიდან, 2010 წლის 25 ივნისი
სტალინის მონუმენტის დემონტაჟი გორის ცენტრალური მოედნიდან, 2010 წლის 25 ივნისი

საკრებულოს წევრები იმ გადაწყვეტილებებს იხსენებენ, რომლებიც მათთვის დაუვიწყარია - მაგალითად, სტალინის ძეგლის დადგმის ჩაგდებული საკითხი, ბიუჯეტის დამტკიცებისას წარმოქმნილი პრობლემები და ასე შემდეგ. საკრებულოში „თავისუფალი დემოკრატების“ სახელით შესული და ამჟამად დამოუკიდებელი წევრი თამარ თედლიაშვილი იმ გადაწყვეტილებებს იხსენებს, რომლებსაც ყველაზე მეტი ხმაური მოჰყვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მინდია გოდერძიშვილი მიიჩნევს, რომ ყველაზე მძიმე მაინც ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევა იყო. ოპოზიციამ ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ საკითხი უპრობლემოდ გაიტანა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ლია ჩლაჩიძე აცხადებს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საკრებულო უფრო კონსტრუქციულ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა.

ლია ჩლაჩიძე
ლია ჩლაჩიძე

გორის ქალაქის საკრებულოს 15-კაციანმა შემადგენლობამ საზოგადოებას თავი, მართლაც, დაამახსოვრა. პარადოქსია ისიც, რომ ქალაქის ამომრჩევლის მიერ არჩეულმა საკრებულომ თავადვე გაიუქმა თვითმმართველი ერთეულის სტატუსი. ქალაქს ასეთი საკრებულო აღარ ეყოლება. თემისა და ქალაქის გაერთიანებული ახალი საკრებულო ნოემბრის ბოლომდე შეიკრიბება. ახალ 40-კაციან შემადგენლობაში დიდ უმრავლესობას მმართველი პარტია ფლობს, ამიტომ იქ ხმაური, დისკუსია, დაპირისპირება და აზრთა სხვადასხვაობა ნაკლებად მოსალოდნელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG