Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის საკრებულომ „ვისოლ ჯგუფს“ ფინანსური სანქციები მოუხსნა


ზუგდიდის საკრებულოს სხდომა
ზუგდიდის საკრებულოს სხდომა

ზუგდიდში ყოფილი სახანძრო სამსახურის შენობის ამჟამინდელი მფლობელი, კომპანია „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილი „ვენჯორჯია“, გათავისუფლდა შენობის შეძენისას დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მისთვის დაწესებული ფინანსური სანქციებისა და, ასევე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობისგან - ობიექტის ფუნქციონირების დაწყებიდან ერთი თვის ვადაში დაესაქმებინა მინიმუმ 70 ადამიანი. „ვენჯორჯიას“ დარჩენილი ვალდებულების შესასრულებლად 2 წლის ვადა მიეცა.

ამ გადაწყვეტილებით ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დააკმაყოფილა მერიის მოთხოვნა. სხდომას „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე ესწრებოდა. ბიზნესმენს ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო განმარტებების გაკეთება მოუხდა.

ზუგდიდის ყოფილი სახანძრო სამსახურის შენობა კომპანიამ 2015 წელს, აუქციონის წესით, 363 ათას ლარად იყიდა იმ პირობით, რომ ქალაქში დააბანდებდა მილიონ-ნახევარ აშშ დოლარს, შემოიყვანდა საერთაშორისო ბრენდს, გაარემონტებდა კომბინატის დასახლებაში სახანძრო სამსახურის შენობას და ახალი ობიქეტის ამუშავებისთანავე სამი წლის ვადით დაასაქმებდა მინიმუმ 70 ადამიანს.

საკრებულოს ეკონომიკისა და ურბანული განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, თენგიზ ქოჩუას, განცხადებით, კომპანიამ შეასრულა ვალდებულებების ნაწილი:

„ბე პუნქტი მთლიანად შეასრულა, კომბინატის სახანძროს შენობას სრულად ჩაუტარდა რეაბილიტაცია. რაც შეეხება „ა“ პუნქტს, სამშენებლო სამუშაოები საერთოდ არ დაწყებულა. შემოვიდა აღნიშნული კომპანია ჯერ მერიაში და მერია, შესაბამისად, - ჩვენთან, საკრებულოში, რომ გადაგვევადებინა 2017 წლის 17 ივლისამდე ვალდებულებები და გაგვეთავისუფლებინა პირგასამტეხლოსგან“, - განაცხადა თენგიზ ქოჩუამ.

ფინანსური სანქცია, რომელიც კომპანიას მოუხსნეს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ინფორმაციით, ყოველდღიურად, დაახლოებით, 150 ლარამდე გადასახადს ითვალისწინებდა.

სხდომაზე მყოფ ბიზნესმენს ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო უსაყვედურა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ და მისთვის ვალდებულებების შესრულების გადავადებას მხარი არ დაუჭირა.

„პირობიანი აუქციონი იყო და რატომ ითხოვს იმ პუნქტის ამოღებას, რომლის მიხედვითაც 70 ადამიანი უნდა დაესაქმებინა?.. და, საერთოდ, ვერ გავიგეთ ვერაფერი, გარდა იმისა, რომ ქალაქში ერთ-ერთი სტრატეგიული ტერიტორია არის დაპაუზებული და არის გაყინული“, განაცხადა ანა წითლიძემ. მან სოსო ფხაკაძეს სხდომაზე უთხრა, რომ ის ქალაქის მერის, ირაკლი გოგოხიას, ხელშეწყობით გახდა აქუციონში გამარჯვებული და სწორედ ამ დახმარებით სარგებლობს ახლაც.

ბიზნესმენმა ბრალდებების პასუხად მედიასთან კომენტარი არ ისურვა. მან განმარტებები ოპოზიციონერი დეპუტატის საპასუხოდ სხდომაზე გააკეთა. სოსო ფხაკაძის თქმით, ვალდებულებების შეუსრულებლობა ლარის დევალვაციამ გამოიწვია, რომელიც საკმაოდ მძიმედ აისახა კომპანიის ფინანსებზე.

„არასდროს ცხოვრებაში მეგობრობით და ნათესაობით არ მისარგებლია. რაც შეეხება ქალაქის მერს, მას ჩემი დაცვა არ სჭირდება. მიხარია, რომ ჩემი მეგობარია და ამას არ დავმალავ არასდროს. არანაირად არ იყო ეს აუქციონი სპეციალური პირობებით და არ მესმის ეს სპეციალური პირობები რას ნიშნავს“, - უპასუხა მან ანა წითლიძეს.

ბიზნესმენმა სხდომაზევე განაცხადა, რომ „ვისოლ ჯგუფი“ არასდროს გაურბოდა ვალდებულებებს და შეასრულებს ამჯერადაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG