Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქრთამის აღებისთვის სამართალდამცველები დააპატიმრეს


17 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა ქუთაისის კრიმინალური პოლიციის ორ მაღალჩინოსანს. ორივეს ბრალად ედება ქრთამის აღება, ხოლო ერთ-ერთს სასამართლო ედავება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება-შენახვასაც. ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა 14 სექტემბერს დააკავეს.

გადმოწერა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროს გიორგი კაჭარავასა და ამავე სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელ ზურაბ ჭელიძეს.

გიორგი კაჭარავას ბრალად ედება ქრთამის აღება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება-შენახვა, ხოლო ზურაბ ჭელიძეს ქრთამის აღება.

საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც, დიდი ალბათობით, ადასტურებენ ამ ბრალდებებს. არსებობს ჩხრეკის ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები, ფარული საგამოძიებო სამსახურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები...
ელიზბარ გოზალიშვილი

როგორც 17 სექტემბერს, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, სასამართლომ სრულიად დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო:

„საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც, დიდი ალბათობით, ადასტურებენ ამ ბრალდებებს. არსებობს ჩხრეკის ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები, ფარული საგამოძიებო სამსახურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები...“

ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსი გიორგი კაჭარავა და ზურაბ ჭელიძე 14 სექტემბერს დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გიორგი კაჭარავამ 16 აგვისტოს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის საქმეზე მოწმედ დაბარებულ მოქალაქეს უსაფრთხოებისა და ხელშეუხებლობის გარანტიის სანაცვლოდ თანხის გადახდა მოსთხოვა.

„ამის შემდეგ, 14 სექტემბერს, გიორგი კაჭარავამ და ზურაბ ჭელიძემ ამ მოქალაქეს თანხა გამოსძალეს, რა დროსაც ისინი დააკავეს“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 სექტემბრის განცხადებაში.

მე ხვალაც იმავეს გავიმეორებ, ზეგაც და რაც გავაკეთე, არასდროს ვინანებ...
გიორგი კაჭარავა

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით აღიძრა, რაც ითვალისწინებს 11-დან 15 წლამდე პატიმრობას.

დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ. გიორგი კაჭარავამ სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ თანხა საქმის ინტერესებიდან გამომდინარე აიღო:

„მე ხვალაც იმავეს გავიმეორებ, ზეგაც და რაც გავაკეთე, არასდროს ვინანებ“.

ქრთამის აღების გარდა, კაჭარავას სასამართლო ედავება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება-შენახვასაც. როგორც პროკურორი ელიზბარ გოზალიშვილი ამბობს, ქუთაისის კრიმინალური პოლიციის შენობიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერებები და საბრძოლო მასალა.

ბრალდებულთა ადვოკატები აღმკვეთ ღონისძიებად გირაოს შეფარდებას მოითხოვდნენ, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ, შესაძლოა, ბრალდებულებს ამით ესარგებლათ და თავისუფლება მოწმეებზე ზეწოლისა და სამხილების განადგურებისთვის გამოეყენებინათ.

ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 1 ნოემბერსაა დანიშნული, ხოლო მხარეებს გადაწყვეტილების გასაჩივრება თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეუძლიათ.

XS
SM
MD
LG