Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამეგრელოში თხილის მავნებელ მწერებს ებრძვიან


სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში თხილის მავნებელი სხვადასხვა სახის მწერები მომრავლდნენ. ხარაბუზა და თხილის ტკიპა, ბოლო რამდენიმე წელია, ფერმერებს პრობლემებს უქმნის, თუმცა წელს მათმა რაოდენობამ განსაკუთრებით იმატა. ხარაბუზა ახმობს თხილის ნარგავებს, ტკიპა კი თავად თხილის ნაყოფს ადრეულ სტადიაზევე ანადგურებს. პრობლემის მოგვარების მიზნით დაიწყო სპეციალური გეგმის შედგენა, რაშიც, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის აპარატთან ერთად, ჩაერთო სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელმაც მუნიციპალიტეტებს სპეციალური ტექნიკა გადასცა, მავნებლებთან ბრძოლის მეთოდების შესახებ ინფორმაცია კი აგრონომებსა და ფერმერებს სახელმწიფო რწმუნებულმა რეგიონში ლევან შონიამ და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გოჩა ცოფურიშვილმა მიაწოდეს. მინისტრის მოადგილის თქმით, ზუგდიდში ჩამოსვლის მიზანი ოპერატიული თათბირის მოწყობა და პრობლემის ადგილზე შესწავლა იყო. გოჩა ცოფურიშვილის მტკიცებით, უკვე რამდენიმე დღეა რიგ მუნიციპალიტეტებში შეწამვლის სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ოპერატიულ საქმიანობას ხელს წვიმიანი ამინდები უშლის:

„ეს ავადმყოფობა მუდმივად იჩენს ხოლმე თავს აპრილ-მაისში, მაგრამ ამინდების გამო ვერ მოხერხდა თავის დროზე შეწამვლა. გადავალთ ინტენსიურ რეჟიმზე. გაკონტროლდება ყველა რაიონი. დაზიანებები არის, როგორც ვაზუსტებთ, 30 %-იანი. ძირითადად - უფრო მოსახლეობაში, ნაკლებად - ფერმერებში. ოპერატიულად ვმოქმედებთ და იქნება უზრუნველყოფილი ტექნიკაც და საშუალებაც. ტექნიკის ნაწილი ჩამოტანილია. ეს რეგიონები უზრუნველყოფილი იყო ტექნიკით, მაგრამ დამატებით 70 ერთეული ჩამოვიტანეთ“.

მინისტრის მოადგილის თქმით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფილი არიან როგორც ტრაქტორზე მისაბმელი სპეციალური ტექნიკით, ასევე უფრო მარტივი, ზურგზე მოსაკიდებელი, ჩანთებით. საჭიროების შემთხვევაში კი გამოიგზავნება დამატებით ტექნიკაც.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულმა აღნიშნა, რომ სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობისთვის მთავარი შემოსავლის წყარო თხილია და აუცილებელია მავნებლის დროული განადგურება, რათა მან გავლენა არ იქონიოს თხილის მოსავალზე:

„წალენჯიხა უკვე აგვარებს ამ სიტუაციებს და ასევე სხვა თემებიც. სენაკში დაიწყო, ხობში დაიწყება, ზუგდიდში დაიწყება ეს სამუშაოები და მოგვარდება. სოფლის მეურნეობის სამინისტრო გეგმავს ასევე ფერმერებისა და გლეხების დატრენინგებას“.

გუბერნატორმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს დაავალა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დროულად ინფორმირება, რათა შეწამვლის პროცესი შეფერხებების გარეშე წარიმართოს. მოსახლეობამ შეწამვლისთვის ადგილობრივ გამგეობებსა და სოფლის რწმუნებულებს უნდა მიმართოს, რის შემდეგაც ტექნიკა გამოიყოფა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG