Accessibility links

სამოქალაქო პატრული საოკუპაციო ხაზთან


საპროტესტო აქციის მონაწილენი საოკუპაციო ზოლთან. 8 ივლისი 2017 წ.

დღეიდან სამოქალაქო მოძრაობამ „ძალა ერთობაშია“ საოკუპაციო გამყოფ ხაზთან სამოქალაქო პატრულირება დაიწყო. როგორც ამ მოძრაობის ლიდერმა, საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქაცარავამ განაცხადა, ეს არის რიგითი მოქალაქეების ინიციატივა და არც ერთი კონკრეტული ორგანიზაცია მას არ ახორციელებს. სამოქალაქო მოძრაობის მიზანია საოკუპაციო ზოლის მუდმივი პატრულირება, საოკუპაციო ძალების საინჟინრო ჯგუფების აღმოჩენა, დროული განგაშის ატეხა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის ინფორმაციის დროული მიწოდება, ასევე მაქსიმალური დისკომფორტის შექმნა საოკუპაციო ძალებისთვის. სამართალდამცავებთან ერთად ყოველდღიურად სამკაციანი ჯგუფები იმორიგევებენ. სოციალური ქსელების მეშვეობით ჯგუფების კომპლექტაცია ახლაც მიმდინარეობს. დავით ქაცარავა ამბობს, რომ ეს აქცია შეთანხმებულია საქართველოს ხელისუფლებასთან.

მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიქცევა და ამისთვის სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობაც მნიშვნელოვანია. პირველი სამოქალაქო პატრულის ჯგუფი ყარაფილა-ბერშუეთის მონაკვეთზე გავიდა. ყარაფილასთან რამდენიმე დღის წინ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ხნულები გაავლეს, ხოლო ბერშუეთიდან საქართველოს ორი მოქალაქე ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

სამოქალაქო მოძრაობამ საოკუპაციო გამყოფი ხაზის გასწვრივ კიდევ ერთი აქცია დააანონსა. 8 აგვისტოს იგეგმება მასშტაბური მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მოწყობა ოკუპაციის წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები ცენტრალურ ავტომაგისტრალზე საოკუპაციო ხაზის მოპირდაპირედ ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ. პროტესტთან ერთად ისინი პატივს მიაგებენ 2008 წლის აგვოსტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას. აქციის ორგანიზატორები საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებენ დააფიქსირონ მკვეთრი პოზიცია და გადადგან კონკრეტული ნაბიჯები რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ. ეს აქციაც სოციალურ ქსელში დაიგეგმა და მოქალაქეები მას აქტიურად ეხმაურებიან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG