Accessibility links

გათავისუფლებული მოხუცები და სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიის ანგარიში


საოკუპაციო გამყოფი ხაზი

ცხინვალის იზოლატორიდან ორი დღის წინ დაკავებული ფლავისმანელი მწყემსები გაათავისუფლეს. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 72 წლის გივი ეცადაშვილი და 65 წლის გივი მამისბედაშვილი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება წაუყენეს. დაკავებულებმა 2 000-რუბლიანი ჯარიმა ცხინვალში გამართული სასამართლოს სხდომის შემდეგ გადაიხადეს და გათავისულდნენ. გივი ეცადაშვილი ამბობს, რომ სოფლის ტერიტორია არ დაუტოვებიათ და საოკუპაციო ხაზიდან მოშორებით აძოვებდნენ საქონელს.

please wait

No media source currently available

0:00 0:03:56 0:00
Direct link

საოკუპაციო გამყოფ ხაზთან კი რუსეთის მესაზღვრეების გააქტიურება შეინიშნება. ამ ფაქტს სამოქალაქო სადამკვირვებლო მოძრაობის წარმომადგენლები ადასტურებენ. ისინი კვირაზე მეტია ყარაფილასა და ბერშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებენ და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების გადაადგილებას აკვირდებიან. ბოლო ერთი თვის განმავლობაში რუსეთის მესაზღვრეებმა სოფელ ბერშუეთთან ეგრეთ წოდებული სასაზღვრო ბანერი ადგილობრივი ფერმერის მიწის ნაკვეთში გადმოსწიეს, ხოლო ყარაფილაში ეგრეთ წოდებული ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები გაავლეს. ასეთი ხნულების გავლებას დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები სოფელ არცევის მიმართულებითაც აპირებენ. სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი ირაკლი საჯაია ყოველდღიურად ხედავს, როგორ მოძრაობენ ოსურ სოფელ წინაგარიდან სატვირთო მანქანები ყარაფილასა და ბერშუეთის მიმართულებით.

სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ყოველდღიურ დაკვირვებას აგრძელებს. მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ბერულავას, თქმით, აუცილებელია 8 აგვისტოს საქართველოს საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ცხადად დააფიქსიროს, რომ არ შეურიგდება რუსეთის ოკუპაციას. აგვისტოს ომის მე-9 წლისთავზე ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ ყარაფილას მონაკვეთზე, ცოცხალი ჯაჭვის შეკვრა იგეგმება.

სოციალურ ქსელში უკვე მოქალაქეების მობილიზაცია მიმდინარეობს. გარდა ამისა, 7 და 8 აგვისტოს გორში, შინდისსა და ერგნეთში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი, რომლებიც აგვისტოს ომის მე-9 წლისთავს ეძღვნება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG