Accessibility links

სასამართლომ დაიწყო ზუგდიდის გამგეობის წინააღმდეგ ყოფილი თანამშრომლების საქმის განხილვა


ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დაიწყო მუნიციპალიტეტის გამგეობიდან დათხოვნილი თანამშრომლების, მაია ღურწკაიასა და ქეთო ტაბაღუას, სარჩელის განხილვა გამგეობის წინააღმდეგ. მოსარჩელე მხარის ინტერესებს იცავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტი ლელა მოწონელიძე.

გამგეობიდან გათავისუფლებულებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის, ბათილად ცნობა საკონკურსო საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებისა, რომლის საფუძველზეც ისინი გაათავისუფლეს.

მტკიცებულებების სახით „საერთაშორისო გამჭვირვლობა - საქართველომ“ სასამართლოს წარუდგინა ყოფილი თანამშრომლების გათავისუფლებისა და ახლის დანიშვნის შესახებ ოქმები, რომლებიც საქმის მასალებს დაერთო. ამასთან, მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ დააკმაყოფილა ორგანიზაციის იურისტის შუამდგომლობა, რომ მტკიცებულებების სახით დაერთოთ მედიაში გამოქვეყნებული მასალები, სადაც ერთ-ერთი მოსარჩელე, მაია ღურწკაია, მის მიმართ პოლიტიკურ ზეწოლაზე ლაპარაკობს. ეს შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა:

„ჩვენი მთავარი მოთხოვნა ქალბატონი მაიას და ქალბატონი ქეთოს შემთხვევაში არის ატესტაციის შედეგების გაუქმება, ასევე ვითხოვთ გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი უკვე ამ პირების თანამდებობებზე სხვა ადამიანების დანიშვნა, რათა იყოს შესაძლებლობა ეს ადამიანები დაუბრუნდნენ მანამდე დაკავებულ თანამდებობებს“, - განაცხადა ლელა მოწონელიძემ.

რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, გამგეობის ორ იურისტს, მათ შუამდგომლობები სხდომაზე არ დაუყენებიათ. მოსამართლის შეკითხვაზე, ხომ არ არსებობს მორიგების შესაძლებლობა მხარეებს შორის, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს, გამგეობის იურისტმა ნათია ჩიტაიამ განაცხადა, რომ არა, რადგან მათ არ აქვთ ვაკანტური თანამდებობები. ერთადერთი შესაძლებლობა, მისი თქმით, იქნება გამოცხადებული კონკურსი, სადაც დათხოვნილ თანამშრომლებს შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ.

„დაიდება შესაბამის ვებგვერდზე კონკურსის გამოცხადების პირობები, ვაზუსტებ - გვყავს მოვალეობის შემსრულებლები, სადაც გამოცხადდება კონკურსი“, - თქვა ნათია ჩიტაიამ.

სხდომის დასრულების შემდეგ გამგეობის ყოფილმა თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. მაია ღურწკაიას თქმით, მისი დათხოვნის მიზეზია ის, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრია:

„იმ ხელისუფლებასთან მიწევს სამართლებრივი დავა, რომელიც ძალიან დიდი რუდუნებით მოვიყვანე სათავეში. მე ვითხოვ სამსახურში აღგენას, რადგან ეს გადაწყვეტილება მიიღო არარსებულმა გამგებელმა, ეს არის შეთითხნილი. შეთითხნილია ის, რასაც კონკურსზე აცხადებენ... ჩემ მიმართ განხორციელებული ეს ქმედება ეხება პირდაპირ ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას, პირდაპირ იმ პარტიას, რომლის წარმომადგენელიც დღეს ვარ“, - განმარტა მაია ღურწკაიამ, რომელიც გამგეობაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად მუშაობდა.

ორი წლის განმავლობაში კულტურის განყოფილებას ხელმძღვანელობდა გამგეობაში მოსარჩელე ქეთო ტაბაღუა. მისი თქმით, ამჯერად თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებს არ მოეწონათ არჩევნების პერიოდში მისი „არასათანადო აქტიურობა“, ატესტაცია, მოიმიზეზეს და გაათავისუფლეს:

„მე დადებითი განწყობა მქონდა მათ მიმართ, გვერდშიც ვედექი, ბევრი გავიღე, რა თქმა უნდა, წვლილიც შევიტანე, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ ყურამდე სულ სხვა ხმები მივიდა, თითქოს ჩვენ არ ვიყავით აქტიური არჩევნებზე“.

ზუგდიდის გამგეობის ყოფილი თანამშრომლების პრეტენზიებს არ იზიარებენ გამგეობაში. გამგებლის მოადგილე მამუკა წოწერიამ ჟურნალისტებს არაერთხელ განუცხადა, რომ საჯარო მოხელეების დათხოვნის მიზეზი მხოლოდ ტესტირების შედეგები გახდა და მას კავშირი არ აქვს კონკურსანტების პოლიტიკურ შეხედულებასთან.

ზუგდიდის გამგეობაში ატესტაცია 17, 18 და 19 ნოემბერს ჩატარდა, რის შედეგადაც სამსახურიდან 28 თანამშრომელი გათავისუფლდა. მათგან 11-მა მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შედეგები სასამართლოში გაასაჩივრა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG