Accessibility links

სამთო ტურიზმის პოტენციალი საქართველოში


ევროპისა და აზიის მთის კურორტების მესამე კონფერენცია

40-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე დელეგატის მონაწილეობით, 5-6 აპრილს თბილისი ევროპისა და აზიის მთის კურორტების მესამე კონფერენციას მასპინძლობს. წარმომადგენლობითი ღონისძიება გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ჩატარდა. საქართველო, რომელმაც მთის კურორტების განვითარება პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა, აპირებს, ზამთრის სპორტისა და ლაშქრობის მოყვარულებს ოთხივე სეზონზე უმასპინძლოს. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ტალებ რიფაი, საქართველოში დიდ პოტენციალს ხედავს. რა გამოწვევებია ექსპერტების აზრით, სამთო ტურიზმის განვითარების გზაზე?

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ტალებ რიფაი, საქართველოში სამთო კურორტების განვითარებას დიდი ოპტიმიზმით უყურებს. 5 აპრილს, როცა ის ევრაზიის მთის კურორტების მესამე კონფერენციის მონაწილეებს მიმართავდა, შეაქო მთავრობის ძალისხმევა, მაღალი შეფასება მისცა უკვე მიღწეულ შედეგებს და გამოთქვა იმედი,რომ სამომავლოდ სულ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება საქართველოში სტუმრობით. მთავარ კოზირად საქართველოს სილამაზე და ქართველი ხალხის ბუნებრივი თვისებები დასახელდა:

„საქართველოს ტერიტორიის 65 % მთებია. ქართველებს მოსწონთ თავიანთი მთები.... ვიმეორებ, ქართველებს მოსწონთ თავიანთი მთები... ქართველები ამაყი, პატიოსანი და კეთილი ხალხია. ეს არის იშვიათი კომბინაცია, როდესაც ამაყი ხალხი, ამავდროულად, კეთილი და სტუმართმოყვარეა. თქვენ ძალიან უნდა იამაყოთ იმით, რაც გაქვთ და, ამავდროულად, უნდა იყოთ კეთილი, სადა და თავმდაბალი, როცა ვიზიტორებს მასპინძლობთ. ქართველები სწორედ ასეთები არიან... საქართველომ მსოფლიოს თავი უნდა გააცნოს როგორც უძველესი კულტურისა და მაღალი მწვერვალების ქვეყანამ... უძველესი კულტურა ქვეყნის ფესვებშია, ხოლო მაღალი მწვერვალები ზეცას სწვდება... სწორედ ეს არის საქართველოს რეალური ძალა“.

საქართველოს ძალისხმევა მიმართულია მთის სათხილამურო კურორტების განვითარებისკენ და ყველა პროექტი განხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად...
გიორგი კვირიკაშვილი

უნდა ითქვას, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანი, ტალებ რიფაი, ყოველთვის გამოირჩეოდა მსგავსი ქათინაურებით საქართველოსა და ქართველი ხალხის მისამართით. მაგალითად, ასე იყო 2016 წლის სექტემბერშიც, როდესაც საქართველო სწორედ მისი ორგანიზაციის უშუალო აქტიურობითა და ხელშეწყობით მასპინძლობდა ღვინის ტურიზმის პირველ საერთაშორისო კონფერენციას. ღონისძიებაში მონაწილეობდა 42 ქვეყნის 250 დელეგატი და 150-ზე მეტი ორგანიზაცია. მონაწილეების წინაშე გამოსვლისას რიფაიმ თქვა, რომ საქართველო „მსოფლიოში ყველაზე ლამაზი“ ქვეყანაა და რომ აქ „ყველაზე თბილი და ცოცხალი“ ხალხი ცხოვრობს.

განსაკუთრებული მეგობრობისა და ხელშეწყობისთვის ტალებ რიფაიმ არაერთი მადლობა მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისგან, რომელიც 5 აპრილს ასევე წარდგა ევროპისა და აზიის მთის კურორტების მესამე კონფერენციის მონაწილეების წინაშე. პრემიერმა ილაპარაკა ასევე სახელმწიფოს საგანგებო მიდგომებზე მთის კურორტების განვითარების კუთხით და გამოთქვა სურვილი, რომ საქართველომ მოიზიდოს სამთო კურორტებით დაინტერესებული ტურისტები წლის ოთხივე სეზონის განმავლობაში.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, გამოკვლევები აჩვენებს, რომ საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე ტურიზმიდან 300 მილიონ აშშ დოლარზე მეტის მოზიდვის შესაძლებლობა არსებობს და „საქართველოს მთავრობამ თავი მოუყარა მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს და მიმართა ისინი მთის კურორტების განვითარებისკენ, ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ჩათვლით“. ამ კონტექსტში სახელდება ორი ახალი სათხილამურო კურორტის - გოდერძისა და თეთნულდის - გახსნა, ბაკურიანის „კოხტა-მიტარბის" პროექტის განხორციელება და გენერალური გეგმების მომზადება გუდაური-კობის, ბაკურიანის, თუშეთის, მესტიისა და ბახმაროს საკურორტო პოტენციალის ასათვისებლად. პრემიერი შედეგებითაც ამაყობს:

“ჩვენ უკვე ვიღებთ საგრძნობ დივიდენდებს: ბოლო ხუთი სეზონის განმავლობაში საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების სტუმართა რიცხვი 800 %-ით გაიზარდა. სასიხარულოა, რომ ეს ტენდენცია გრძელდება და ამ სეზონზე 49 %-იანი ზრდა დაფიქსირდა. გარდა ამისა, საქართველოს მიზანია, უმასპინძლოს ზამთრის სპორტის საერთაშორისო შეჯიბრებებს. საქართველოს ძალისხმევა მიმართულია მთის სათხილამურო კურორტების განვითარებისკენ და ყველა პროექტი განხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად".

ერთი მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო ხარჯავს რესურსს კურორტის ოპერირებისთვის, ხოლო, მეორე მხრივ, ძირითად ინფრასტრუქტურას და კომინიკაციის საშუალებას, როგორიც არის გზა, უბრალოდ, არ პატრონობს...
ვატო ასათაშვილი

იმაში, რომ სამთო ტურიზმის განვითარებისთვის საქართველოს მასშტაბური პოტენციალი აქვს, ეჭვი არ ეპარება ტურიზმის ექსპერტ ვატო ასათაშვილს, თუმცა მას შეკითხვები აქვს კონკურენტუნარიანობასთან დაკავშირებით. როგორც ექსპერტი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას განმარტავს, ამ ეტაპზე საქართველოს სამთო კურორტები ახალი აღმოჩენებით დაინტერესებულ ტურისტებს იზიდავს, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს ტენდენცია ჩაივლის და თუკი სტუმრებს მაღალი სტანდარტების კონკურენტუნარიან სერვისებსა და ინფრასტრუქტურას არ დავახვედრებთ, ისინი აღარ მოისურვებენ საქართველოში ჩამოსვლას. ვატო ასათაშვილი ლაპარაკობს გზებთან დაკავშირებულ პრობლემებზე:

„იმისათვის, რომ ზამთარში გოდერძიზე ახვიდე, გზა არ იწმინდება და წინა წელს, მაგალითად, არაფერი გაკეთებულა იმისათვის, რომ ამ უღელტეხილის მეორე მხარეს გაკეთებულიყო იმ გზის რეაბილიტაცია, რომელიც აჭარის მხრიდან ამოდის. აქედან გამომდინარე, ერთი მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო ხარჯავს რესურსს კურორტის ოპერირებისთვის, ხოლო, მეორე მხრივ, ძირითად ინფრასტრუქტურას და კომინიკაციის საშუალებას, როგორიც არის გზა, უბრალოდ, არ პატრონობს... ინფრასტრუქტურის კუთხით ანალოგიური პრობლემები გვაქვს ჩვენ მესტიაში და ნაწილობრივ - ბაკურიანშიც...“

შესაბამისად, ვატო ასათაშვილის თქმით, სახელმწიფოს უფრო თანმიმდევრული მიდგომების შემუშავება მართებს და, ამასთან, ფინანსების მოძიებაზეც დიდწილად სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რადგანაც სამთო კურორტების განვითარება, საჭირო ფინანსების მასშტაბებიდან გამომდინარე, ადგილობრივი კერძო ინვესტორების იმედად ვერ იქნება.

ევროპისა და აზიის მთის კურორტების ორდღიანი საერთაშორისო კონფერენციის თემაა „ინოვაციური სტრატეგიები სამთო ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის“. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით მიმდინარე კონფერენციას დიდი იმედები უკავშირდება საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, პოპულარიზაციის კუთხით. კონფერენციის მონაწილე უცხოელი ექსპერტების ნაწილი 4 აპრილს სვანეთს სტუმრობდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG