Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენგურის ხიდზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები გაიფიცნენ


საპროტესტო აქცია ენგურის ხიდთან
საპროტესტო აქცია ენგურის ხიდთან

ზუგდიდის ცენტრიდან სოფელ რუხში აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვრამდე მოძრავი კერძო მიკროავტობუსებისა და ტაქსების მძღოლები, ასევე ენგურის ხიდზე მომუშავე ოთხთვალა ურმების მეპატრონეები დღეს დილიდან გაიფიცნენ. სხვადასხვა სახის, დაახლოებით, 30-მდე ტრანსპორტის მფლობელი აპროტესტებს ახალი მიკროავტობუსების დაწესებას. საუბარია ზუგდიდის ბაზრის სიახლოვეს მდებარე ე.წ. გალის ავტოსადგურიდან ენგურის ხიდის ბოლომდე, ე.წ. აფხაზურ საგუშაგომდე, მიმავალ ტრანსპორტზე, რომელიც ოთხი თვის წინ ამუშავდა.

გაფიცულების თქმით, ახალ სამარშრუტო ხაზს არაოფიციალურად ყოფილი პარტიზანული დაჯგუფება „ტყის ძმების“ ხელმძღვანელი დათო შენგელია აკონტროლებს, რომლის დახმარებითაც და დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებით 4 მიკროავტობუსი ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლას ახერხებს. იმის გამო, რომ თავად ხიდს იქით გადასვლის უფლება არ აქვთ, მგზავრები მოაკლდათ და სამუშაოს გარეშე დარჩნენ. ზუგდიდი-რუხის მიკროავტობუსის მძღოლის, მურთაზ ჩაგინავას, თქმით, მათი მოთხოვნაა შეექმნათ თანაბარი სამუშაო პირობები:

„წავლენ პირდაპირ იქ და იქ იტვირთებიან ხიდზე, მერე აქეთ, გამოღმა. ჩვენ ვდგავართ აქ, მივდივართ და მოვდივართ ცარიელი. იმათ თუ შეუძლიათ იქ წასვლა, ჩვენც გაგვიშვან და ჩვენც დავიტვირთებით“.

„მოიხსნას ეს შენგელიას „მარშუტკები“. თუ ოფიციალურად არის გახსნილი, მაშინ ჩვენთვისაც გაიხსნას. 2014 წლიდან მე აქ ვმუშაობ. ამით გავზარდე მე ჩემი შვილები და ამით ვარ დღემდე. არანაირი სხვა საშუალება მე თავის რჩენის არ გამაჩნია“, - განაცხადა ოთხთვალა ურმის მესაკუთრე სოფო მიქიამ, რომელმაც მოგვიანებით პროტესტის ნიშნად ენგურის ხიდთან საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადა, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა ამის უფლება არ მისცეს. შსს-ს ინფორმაციით, სოფო მიქია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას და სამართალდამცველისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. რამდენიმე საათში დაკავებული ზუგდიდის სასამართლომ 300 ლარის ოდენობის ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

გაფიცულების პოზიციას არ იზიარებენ ახალი მიკროავტობუსების მესაკუთრეები და მათ სერვისის გაუმჯობესებას ურჩევენ. ზუგდიდში მდებარე ე.წ. გალის ავტოსადგურის წარმომადგენელმა, არსენა ჩანგელიამ, ენგურის ხიდთან შეკრებილთა გაფიცვას პროვოკაცია უწოდა. თქვა, რომ არა აქვს მნიშვნელობა, ვისი ხელმძღვანელობით მოხდება მგზავრების ტრანსპორტირება, რადგან ხალხისთვის სასიკეთო საქმე გაკეთდა:

„ყველაფერი არის ნებართვით, აბა ისე ხომ არ იქნება?! ვისგან და სახელმწიფოსგან, ხალხისგან მოდის ეს ყველაფერი ძირითადად. შეიძლება კიდევ გაიხსნას გზა აფხაზეთისკენ, გალისკენ. ეს შენგელიას სახელით იქნება თუ ჩანგელიას სახელით იქნება, რა მნიშვნელობა აქვს ამას, მთავარია, რომ ხალხისთვის კეთდება ეს ყველაფერი“.

ბარიერები ენგურის ხიდთან
ბარიერები ენგურის ხიდთან

სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების პროტესტს არც მგზავრები იზიარებენ და არც ახალ ხაზზე დასაქმებულები. გალელები აცხადებენ, რომ მათთვის ასე გაცილებით კომფორტული და ეკონომიურია მგზავრობა:

„ჩვენ გვაწყობს ეს „მარშუტკა“, იმიტომ რომ ურმები ერთ ლარს გვართმევდნენ ჩანთაშიც და ერთ ლარს გვართმევდნენ ერთ მგზავრზეც. სულ არ გვაწყობს ჩვენ ის ურემი“, - ამბობს მეტვარი როდონაია.

„აქ რომ ჩავსხდებით, იქ საგუშაგოსთან ჩავალთ. ეს ჩვენთვის უფრო კომფორტულია და თან 2 ლარი ღირს“, - ასე გვითხრა გალის მცხოვრებმა როზა გეთიამ.

„ხალხს ყველას მოსწონს, რომ აქედან დავდივართ. ჩვენ სუმკის ფულს არაფერს არ ვახდევინებთ, ისე დაგვყავს ხალხი და ძაან კმაყოფილები არიან“, - ამბობს ახალი მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლი, გოგიტა კეკუა.

თავის მხრივ, ახალი ვითარებით უკმაყოფილო მძღოლები აცხადებენ, რომ, მათი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ფართომასშტაბიან აქციებს დაიწყებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG