Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო აქცია ბუნებრივი აირის გადასახადის ჩამოწერის მოთხოვნით


გორის მოქალაქეების ნაწილმა „სოკარჯორჯია-გაზის“ გორის ფილიალთან დღეს საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებს შორის იყო მანანა ბერუაშვილი, რომელიც მოხმარებული ბუნებრივი აირის მაღალ გადასახადს აპროტესტებდა. მისი თქმით, ერთი და იმავე მოხმარების პირობებში დეკემბრის გადასახადი, ნოემბრის გადასახადთან შედარებით, ორჯერ მაღალია.

საპროტესტო აქციის მონაწილეები პრეტენზიებს „სოკარჯორჯია- გაზის“ გორის სერვისცენტრის წარმომადგენლებს უყენებდნენ და განმარტებებს მოითხოვდნენ. მათი აზრით, დეკემბერში სერვისცენტრის თანამშრომლებმა მრიცხველები შეამოწმეს და მაღალი გადასახადი მხოლოდ ამის შემდეგ დაფიქსირდა. ზოგი იმასაც ამბობდა, რომ ბუნებრივ აირში ჰაერს ურევენ, რაც მრიცხველების ჩვენებას ზრდის, ზოგი კი დაბალკალორიული ბუნებრივი აირის გამო გამოთქვამდა პრეტენზიებს.

ინტერვიუს ჩაწერის დროს მენეჯერის ოთახში აქციის მონაწილეები შევიდნენ, რასაც ხმამაღალი საუბარი მოჰყვა. ყველა ცდილობდა ინდივიდუალურად გაერკვია, რამ გამოიწვია დეკემბერში გაზრდილი გადასახადის დაკისრება. ხმაური იმდენად დიდი იყო, რომ ერთმა მოქალაქემ პატრული გამოიძახა.

მოგვიანებით „სოკარჯორჯია-გაზის“ გორის ფილიალის მენეჯერმა გიგა გრიგოლაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და გორში დაწყებულ აქციებს „მართული“ და „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა. მისი თქმით, მოსახლეობის ნაწილს გაზრდილი გადასახადი რამდენიმე ფაქტორის გამო ეჩვენება. პირველი: ახალი, 57- თეთრიანი, ტარიფი ზაფხულში ნაკლებად იყო შესამჩნევი და ზამთრის ბოლოს იგრძნო ეს მოსახლეობამ; მეორე: გარემო ტემპერატურა და გაუარესებული კლიმატური პირობები გავლენას ახდენს გამათბობლების მიერ ბუნებრივი აირის გაზრდილ მოხმარებაზე და, მესამე: დეკემბრის თვეში კომპანიამ 4-დღიანი დაგვიანებით აიღო მრიცხველების ჩვენება, რაც მოსახლეობას გაზრდილ გადასახადად მოეჩვენა. მისი აზრით, ლოგიკურად, მოქალაქეებს იანვარში შედარებით დაბალი გადასახადის გადახდა მოუწევთ. გრიგოლაშვილმა მითი უწოდა ბუნებრივ აირში ჰაერის შერევას, რადგან ეს აფეთქებას გამოიწვევს.

ინტერვიუს ჩაწერის დროს მენეჯერის ოთახში აქციის მონაწილეები შევიდნენ, რასაც ხმამაღალი საუბარი მოჰყვა. ყველა ცდილობდა ინდივიდუალურად გაერკვია, რამ გამოიწვია დეკემბერში გაზრდილი გადასახადის დაკისრება. ხმაური იმდენად დიდი იყო, რომ ერთმა მოქალაქემ პატრული გამოიძახა.

აქციის მონაწილეები ბუნებრივი აირის გადასახადის გადაუხდელობით და საპროტესტო აქციების გაგრძელებით იმუქრებიან, „სოკარჯორჯია-გაზის“ წარმომადგენლები კი გადაუხდელობის შემთხვევაში ბუნებრივი აირის გათიშვას აპირებენ . ხვალ გორში ენერგოომბუდსმენს და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლების ჩამოსვლას ელოდებიან. აქციის მონაწილეები იქაც შეეცდებიან საკუთარი პრობლემების გარკვევას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG