Accessibility links

საქართველოს დამფუძნებელი კრების მემორიალური ალბომი, რომელიც „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მიერ მომზადდა და გამოიცა, კრების დეპუტატის, სილიბისტრო ჯიბლაძის, მისასალმებელი სიტყვით იხსნება - ეს სიტყვა მან 1919 წელს კრების პირველ სხდომაზე წარმოთქვა. „ეს ხალხი არ დაიღუპება და არც დაღუპავს მოპოებულ თავისუფლებას. მაშ გაუმარჯოს საქართველოს თავისუფალი დამოუკიდებელი რესპუბლიკის თავისუფალ დემოკრატიას, გაუმარჯოს საქართველოს დამფუძნებელ კრებას!“

ამ ალბომის პრეზენტაცია 2017 წლის 21 თებერვალს სწორედ იმ დარბაზში (მოსწავლეთა და ახალგაზრდობის სასახლის სარკეებიან დარბაზში) გაიმართა, სადაც 96 წლის წინ, 1921 წლის 21 თებერვალს, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ ბოლო მოსმენით მიიღო პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია. წლების შემდეგ მკვლევართა გუნდმა დამფუძნებელი კრების 145 დეპუტატის ამბავი ერთ წიგნში მოაქცია.

ვინ იყვნენ ისინი, ვინც 1918 წელს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა დააფუძნა, ან რა ცოდნა შემორჩა ამ ამბის შესახებ საზოგადოებას დღემდე, თან იმ ფონზე, როცა საბჭოთა რეჟიმმა ამ ხალხის დიდი ნაწილი ფიზიკურად გაანადგურა, გადარჩენილების საჯაროდ ხსენება კი საერთოდაც აკრძალა? დიდი ხანი არ არის, რაც ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ამოდის ამ ადამიანების სახეები და სახელები ისტორიის ზედაპირზე.

ბევრი უცნობი სახელი, ვინც 1918-1921 წლების საქართველოს ისტორიას წერდა, სწორედ დღეს ხდება ცნობილი. რამდენიმე წლის წინ „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარმა ირაკლი ხვადაგიანმა პირველად ახსენა დამფუძნებელი კრების ხუთი დეპუტატი ქალის სახელი და მათზე დაწერა კიდეც - დღეს ამ სახელებს საქართველოში უკეთესად იცნობენ. ირაკლის იმედი აქვს, რომ დანარჩენი 140 დეპუტატის სახელიც აღარ იქნება საზოგადოებისთვის უცხო.

ამბავი კი საქართველოს დამფუძნებელი კრების მემორიალური ალბომის გამოცემამდე უფრო ადრე დაიწყო - მაშინ, როცა „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბოლატორია“ დაარსდა და მკვლევრები არქივში შევიდნენ. როგორც ირაკლი ხვადაგიანი იხსენებს, რეპრესიების თემის შესწავლის პარალელურად იმის გადამოწმებაც დაიწყო, მაშინდელი მოღვაწეებიდან რამდენს შეეხო საბჭოთა რეპრესია. საამისოდ 1919-1920 წლების პრესიდან დამფუძნებელი კრების დეპუტატების სია აიღო და იმ რეპრესირებულთა ბაზას შეადარა.

ირაკლი ხვადაგიანი
ირაკლი ხვადაგიანი

„სია წითლად აჭრელდა - რეპრესია თითქმის ყველას შეხებოდა. სწორედ ეს გახდა ჩვენთვის იმის მოტივაცია, რომ კვლევა დაგვეწყო, უფრო მეტი გაგვეგო“.

ეს გამოკვლევა 2014 წელს ამერიკულმა ფონდმა NED-მა დააფინანსა. პარტნიორი ორგანიზაციების სია გრძელია, მათ შორის არიან ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო, ლიტერატურის მუზეუმი, ეროვნული ბიბლიოთეკა, ეროვნული არქივი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი... სრული ჩამონათვალი წიგნშიცაა მითითებული. მოგროვდა და დამუშავდა ინფორმაცია დამფუძნებელი კრების დეპუტატების და, ზოგადად, იმ პერიოდის შესახებ. თავიდან ამ ინფორმაციის თავმოყრა მხოლოდ ელექტრონულად, ვებსაიტზე იგეგმებოდა, მოგვიანებით კი წიგნის გამოცემის იდეაც გაჩნდა. სამოქალაქო კამპანიაც ამას მოჰყვა. იდეამ გაამართლა.

ალბომის გამოსაცემად საჭირო თანხა 2015-2016 წლების განმავლობაში გროვდებოდა. 22 100 ლარი შეგროვდა მოქალაქეების, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დახმარებით. ეს თანხა მხოლოდ გამოცემის ხარჯებს მოხმარდა, მკვლევართა ჯგუფმა კი ტექსტის მომზადება, რედაქტირება, კვლევის შევსება და სხვა საჭირო საქმე უფასოდ ითავეს. და გაჩნდა ასეთი ალბომი, იმ ფოტომასალითა და დოკუმენტებით, რომელიც მოგვითხრობს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრების ისტორიას - სულ, 145 დეპუტატის ამბავს. 520-გვერდიანი ალბომის ტირაჟი 1000 ცალია.

ალბომის პირველი პრეზენტაცია სიმბოლურად 21 თებერვალს გაიმართა. დამფუძნებელი კრების დეპუტატების შთამომავლებიდან, ვისაც კი ხმა მიაწვდინეს, ყველა დაპატიჟეს. პირველივე გამოხმაურებები, როგორც ირაკლი ხვადაგიანიც გვეუბნება, საკმაოდ დადებითი იყო. რაც შეეხება იმას, თუ რას წაიკითხავთ ამ ალბომში დეპუტატების ბიოგრაფიების გარდა:

„წიგნი იწყება მცირე რეზიუმეთი - თუ რას წარმოადგენდა დამფუძნებელი კრება, როგორ აირჩიეს, რომელი პარტიები გავიდნენ, როგორ მუშაობდა კრება, შემდეგ კი, რა ხდება საბჭოთა ოკუპაციის დასაწყისიდან. შემდეგ მოდის სტატისტიკა, რომელშიც გაანალიზებულია დეპუტატების სხვადასხვა მონაცემები, რეპრესიების შესახებ ინფორმაცია და ეს ყველაფერი არის ვიზუალურად გაფორმებული. ამას მოჰყვება ქრონიკა - 1921 წლიდან 1980 წლამდე, ამ ქრონიკაში ფიგურირებენ დამფუძნებელი კრების დეპუტატები, როგორც პოლიტიკური ბრძოლის მონაწილენი. ფაქტობრივად, ეს ქრონიკა არის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მცდელობების პროცესის ქრონიკაც“, - მოგვითხრობს ირაკლი ხვადაგიანი.

მედი მაქვს და ვფიქრობ, რომ როდესაც ამ ხუთ ბიოგრაფიას დაემატება კიდევ 140 ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწის ბიოგრაფია, უფრო მეტი ადამიანი იპოვოს თავის ახლობელს, მათი სახელები დაბრუნდება საჯარო სივრცეში.
ირაკლი ხვადაგიანი

დიდი სურვილია ეს ალბომი ინგლისურადაც ითარგმნოს. როგორც ირაკლიც ამბობს, საქართველოს სახელმწიფოსთვის ეს გამოცემა, შესაძლოა, სავიზიტო ბარათად იქცეს მისი პარლამენტარიზმისა და დემოკრატიის ისტორიის გამოცდილების გაზიარებისას ყველა დაინტერესებული პირისთვის.

ამ ალბომში, ბიოგრაფიების გარდა, ბევრ ისეთ ფოტოსაც ნახავთ, რომლისთვისაც, შესაძლოა, ამ დრომდე თვალი არ მოგიკრავთ: აი, ლადო ახმეტელი და რაჟდენ დათეშიძე ბერლინში 1920 წელს - ავტომობილიდან იცქირებიან; აი, გრიგოლ გიორგაძე და მისი მეუღლე; ნინა ლომინაძე გადასახლებაში, ალმა-ათაში, 1935-1936 წლებია. ან ეს - სენაკის სამაზრო ერობის პირველი ყრილობა. ფოტოზე - ბარნაბა ძველაია, 1918 წელი. ნოე ჟორდანიას იუბილე, პარიზი, 1930-იანი წლები და სხვა და სხვა...

ეს ალბომი მთელი ამ წლების განმავლობაში პირველი მცდელობაა მეტი გავიგოთ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ, რა ქვეყანას აშენებდნენ, როგორი პოლიტიკური მოღვაწეები იყვნენ, რა მოხდა 1921 წელს, ვის რა ბედი ეწია, სად ვართ დღეს ან რა ორიენტირი უნდა ჰქონდეს ქვეყანას სწორედ ამ წარსულის გამოცდილების გააზრებით. ირაკლი ხვადაგიანს, როგორც ამ პროექტის ერთ-ერთ ავტორს, მიაჩნია, რომ ეს სახელები აუცილებლად დაბრუნდება კოლექტიურ მეხსიერებაში, ისევე როგორც ეს დამფუძნებელი კრების ხუთი ქალი წევრის შემთხვევაში მოხდა:

„იმედი მაქვს და ვფიქრობ, რომ როდესაც ამ ხუთ ბიოგრაფიას დაემატება კიდევ 140 ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწის ბიოგრაფია, უფრო მეტი ადამიანი იპოვოს თავის ახლობელს, მათი სახელები დაბრუნდება საჯარო სივრცეში“.

თუმცა პროექტის ავტორები იმასაც შენიშნავენ, რომ ამ ალბომის გამოცემით ისინი არ ცდილობენ წარსულის იდეალიზაციას - წარმოუდგენელიც კია ასე იყოს, თუ საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დამფუძნებელი კრების დეპუტატების ტრაგიკულად დასრულებულ ცხოვრებას გავითვალისწინებთ.

„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ანა მარგველაშვილისათვის ამ წიგნის გამოცემა განსაკუთრებულად იმიტომაც არის ამაღელვებელი, რომ ის საქართველოს მოქალაქეების თანადაფინანსებით გამოიცა - მათ თითქოს თავად მოინდომეს დავიწყებული წარსულის გაცოცხლება, ისტორიის გადარჩენა:

„ეს პერიოდი თითქოს ისტორიის გაწყვეტილი ძაფი იყო, ცარიელი ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა შეგვევსო. მგონია, რომ ეს წიგნი უნდა გახდეს სხვა, დამატებითი კვლევის საფუძველიც, ბევრ მკვლევარს კი, ვინც სწორედ საბჭოთა პერიოდით არის დაინტერესებული, ბევრი ახალი ინფორმაციაც მიაწოდოს და მოტივაციაც გააჩინოს იმისა, რომ უფრო სიღრმისეულად გამოიკვლიონ საქართველოს ისტორიის სწორედ ეს პერიოდი“.

საქართველოს დამფუძნებელი კრების მემორიალური ალბომის პრეზენტაცია 12 მარტს მწერალთა სახლში კიდევ ერთხელ გაიმართება. ყველა დაინტერესებულ პირს წიგნის შეძენა ადგილზევე შეეძლება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG