Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ტვინების გამორეცხვა“ ევროპული პერსპექტივით


საქართველოს ჰქონდა შანსი ევროკავშირის ვილნიუსის სამიტზე არა მხოლოდ ასოცირების ხელშეკრულებისათვის მოეწერა ხელი, არამედ „მიეღო დეკლარაცია ევროპულ პერსპექტივაზე“. თუმცა, შიდა ფაქტორების გამო, სააკაშვილის თქმით, საქართველომ ეს მეორე პერსპექტივა თურმე დაკარგა.

„საუბედუროდ, ჩვენი შიდა ფაქტორების გამო, არა მხოლოდ ეს მეორე პერსპექტივის მიღების საკითხია მოხსნილი დღის წესრიგიდან, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაც მოხსნილია დღის წესრიგიდან და ახლა ერთადერთი, რაზეც ჩვენ ვიბრძვით, არის ის, რომ მოხდეს ინიცირება ასოცირების ხელშეკრულების. ესე იგი ძალაში არ შევა, მაგრამ ხელს მოვაწერთ, რომ ეს არის საბოლოოდ შეთანხმებული პროექტის ტექსტი. მაგრამ მოლდოვას შემთხვევაში საკითხი აქაც გადაწყვეტილია. საქართველოს, სამწუხაროდ, აქაც უკვე გაუჩნდა კითხვის ნიშნები“.

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის ამ გამოსვლას კიშინიოვში უმალ მოჰყვა გამოხმაურება თბილისში. საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის ასეთ პირქუშ პროგნოზს „მარტო დარჩენილი კაცის ძალიან ცუდი განცხადება“ უწოდა.

„ძალიან ცუდია. გაითვალისწინოს ის, რაც რეალობაშია და ეს ცარიელი განცხადებები აღარ მოქმედებს ხალხზე და თვითონ მას აზიანებს პირადად. შეეცადოს, რომ მეტად ობიექტური იყოს პრეზიდენტი“.

საქართველომ შეძლო მიეღწია შეთანხმებისთვის ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, რომლებიც შეუთანხმებელი იყო ხელისუფლებაში ჩვენს მოსვლამდე...
ალექსი პეტრიაშვილი
ამ სიტყვების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც თავის პოლიტიკურ მეტოქესთან კოჰაბიტაციით მოაქვს თავი, რატომღაც ჟურნალისტებს მოუწოდა, შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს და დაარწმუნონ ის, რომ „უფრო მეტად ობიექტური იყოს“.

ბიძინა ივანიშვილისაგან განსხვავებით, სააკაშვილის ობიექტურობის იმედი, ჩანს, აღარ აქვს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს. ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის სიტყვების კომენტირება „დღეს საერთოდ აღარ ღირს“.

„საქართველომ შეძლო მიეღწია შეთანხმებისთვის ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, რომლებიც შეუთანხმებელი იყო ხელისუფლებაში ჩვენს მოსვლამდე. სწორედ დარჩენილი ნაწილის თაობაზე შეთანხმების მიღწევის შედეგად ხდება შესაძლებელი, რომ მოხდეს ასოცირების შეთანხმების პარაფირება“, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა.

როცა პრეზიდენტი და მთავრობის წევრები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე, ეს ძალიან დამაფიქრებელია, რადგან ან პრეზიდენტს შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში, ანდა მთავრობა უყურებს ცხოვრებას ზედმეტად ნათელ ფერებში. თუმცა საზოგადოების „ტვინების გამორეცხვის“ ასეთ პოლიტიკას წერტილს ევროკავშირის მომდევნო სამიტი დაუსვამს, რომელიც ვილნიუსში ნოემბრის ბოლოს გაიმართება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG