Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარაევოს ალყის 20 წლისთავი: ერთი სურათის ამბავი


სკენდერ ბასიჩი დღეს
სკენდერ ბასიჩი დღეს
სარაევოში დაბადებული ფოტოგრაფი რიკარდ ლარმა ავტორია ალყაშემორტყმულ ქალაქში გადაღებული იმ ფოტოებისა, რომლებმაც ოთხწლიან ალყაში მცხოვრები ქალაქის ხსოვნა შემოინახა. ახლა, როდესაც სარაევო ალყის დაწყების მე-20 წლისთავს აღნიშნავს, შევხვდით 21 წლის სკენდერ ბაშიჩს, რომელიც რიკარდ ლამას ცნობილი ფოტოსურათების ერთ-ერთი გმირი იყო.

სკენდერ ბაშიჩი სარაევოს ოთხწლიანი ალყის დროს გადაღებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოს გმირია: ხუჭუჭთმიანი მცირეწლოვანი ბავშვი რკინის გისოსებიანი ფანჯრიდან ცნობისმოყვარე და ფრთხილი მზერით გადაჰყურებს მზიან ქუჩას.

მაგრამ დღეს, სარაევოს ალყის დაწყებიდან ოცი წლის შემდეგ, სკენდერი ამბობს, რომ წლისთავი არც ისე აინტერესებს და რომ არც ისე ცუდი მოგონებები აქვს ომზე:

„ზოგჯერ, როცა წამდაუწუმ არ ცვიოდა ბომბები, გარეთ გასვლას ვახერხდებდით. გარეთ ბავშვები თამაშობდნენ. ჩვენი ქუჩა სნაიპერებისთვის შედარებით მიუწვდომელი იყო. ქუჩა გადაკეტილი იყო, ასე რომ, ზოგჯერ თამაშს ვახერხებდით. მახსოვს ერთი მეგობარი, სახელად მეშა, მახსოვს დაცო. იცით თამაში „სტრიტ ფაითერი“? კარგი რა! მსოფლიოში ყველამ იცის ეს თამაში. ამ თამაშის სტიკერებს ვაგროვებდით. მაგარი იყო.“
ყველაფერი, რაც ომის დროს მოხდა, შენს თავშია, შენს ქვეცნობიერშია ...
სკენდერ ბასიჩი

ბასიჩი, რომელსაც 22 წელი უსრულდება, აღიარებს, რომ ძალიან პატარა იყო და არ ესმოდა ალყის საშინელებები, რომელსაც ათი ათასზე მეტი ადამიანი, მათ შორის 600 ბავშვი ემსხვერპლა.

მისი მშობლები და მისი უფროსი და კი სხვაგვარად უყურებდნენ ყოველივე ამას. ოჯახი საბოლოოდ დასავლეთ ევროპაში გაიქცა და ომის შემდეგ, 1996 წელს დაბრუნდა.

თუმცა ომი მაინც სადღაც აქ არის. ბასიჩის თქმით, ის ცრემლებად დაიღვარა, როცა ახლახან ნახა იაპონური ანიმაციური ფილმი, რომელშიც მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საშინელებებია ნაჩვენები.

„არასოდეს ამჩუყებია ასე გული. დედაჩემმა მითხრა, სკენდერ, ყველაფერი, რაც ომის დროს მოხდა, შენს თავშია, შენს ქვეცნობიერშია, და ეს იწვევს ამ ემოციებს.“

ბასიჩი მაინც ბევრად უფრო ნაკლებ ემოციურია, როცა საუბარი შეეხება იმ ცნობილ ფოტოს, რომელზეც ის ფანჯრიდან იყურება მზიან ქუჩაში.

სურათი გადაიღო სარაევოში დაბადებულმა ფოტოგრაფმა, რიკარდ ლარმამ, რომელმაც სარაევოს 1425-დღიანი ალყის ყველაზე შთამბეჭდავი სურათების აღბეჭდვა შეძლო. მაგრამ, როგორც სკენდერი ამბობს, ამ ფოტოს იდეა, მამამისს, ცნობილ ბოსნიელ მსახიობს, სენად ბასიჩს ეკუთვნოდა.

„ამ სურათის ნამდვილი ამბავი ასე იყო. მამაჩემმა უთხრა რიკარდს, მიდი, ეს სურათი გადაიღეო. თვითონ რიკარდმა ამაში სურათი ვერ დაინახა, მამაჩემმა დაინახა. მხოლოდ ამიტომ გადაიღო სურათი. დამიჯერეთ, მართლა ასე იყო. არ მინდა გავაზვიადო, მაგრამ მამაჩემი დიდი ხელოვანია. ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობია აქ. ძალიან განათლებულია.“

ბალკანეთში ყოველთვის იქნება ომი, მუდამ გვექნება ომი, ეს ჩვენს გენებშიაო. თუკი მესამე მსოფლიო ომი დაიწყება, ის აქ იქნება ...
სკენდერ ბასიჩი
სკენდერ ბასიჩი აღარ არის თმახუჭუჭა, ის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს და მომავალში სისხლის სამართლის სფეროში მუშაობას აპირებს.

ალყის დაწყებიდან ოცი წლის შემდეგ ბასიჩი ორმაგი გრძნობით, აღფრთოვანებით და უკმაყოფილებით საუბრობს თავის ქალაქზე. მისი თქმით, კიდევ ოცი წელი შეიძლება გავიდეს, სანამ სარაევო თავს დააღწევს კორუმპირებული და მოშლილი ინფრასტრუქტურის მქონე ქალაქის იმიჯს.

არც იმას გამორიცხავს, რომ ომი შეიძლება კიდევ ერთხელ დაბრუნდეს ბალკანეთში. მაგრამ ომისდროინდელი სარაევოს ყველაზე ცნობილი ბავშვის თქმით, თავის ქალაქს არ დატოვებს.

„მე დარჩენა მაქვს გადაწყვეტილი. სარაევოში საკმაოდ კარგია, თუ წარმატებული ხარ. ომს რაც შეეხება, ოდესმე ისევ დაიწყება, მაგრამ არ მგონია, ეს მალე მოხდეს... როცა პაპაჩემის სახლში ვსხედვართ, როცა მთელი ოჯახი ერთად ვიკრიბებით ზაფხულობით და როცა ომზე ვიკითხავთ ხოლმე რამეს, მუდამ ამბობენ: ბალკანეთში ყოველთვის იქნება ომი, მუდამ გვექნება ომი, ეს ჩვენს გენებშიაო. თუკი მესამე მსოფლიო ომი დაიწყება, ის აქ იქნება.“
XS
SM
MD
LG