Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქუთაისში საუბნო კომისიები ბრალდებების ფონზე დაკომპლექტდა


ქუთაისში საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესი დასრულდა. კომისიის 6-6 წევრი საოლქო საარჩევნო კომისიამ აირჩია, დანარჩენი წევრები კი უფლებამოსილმა პარტიებმა დანიშნეს.

საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების გაყალბებისთვის მზადებაში ადანაშაულებს ქუთაისის 48-ე საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან ნატო ქათამაძე. დეპუტატობის კანდიდატის მტკიცებით, ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ ქალაქის 128 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები მმართველ პარტიასთან წინასწარ შეთანხმებული სიის მიხედვით დანიშნა. ნატო ქათამაძის ბრალდებას არ იზიარებენ საოლქო საარჩევნო კომისიაში და აცხადებენ, რომ პრიორიტეტი ახალგაზრდებს მიანიჭეს.

გადმოწერა

რესპუბლიკური პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქუთაისის 48-ე საარჩევნო ოლქში ნატო ქათამაძე საოლქო საარჩევნო კომისიას საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების გამო აკრიტიკებს. ნატო ქათამაძის განცხადებით, საუბნო კომისიების დამოუკიდებელი კანდიდატები მიკერძოებულად შეირჩნენ, რადგან საოლქო კომისიამ უარი უთხრა კომისიებში სხვადასხვა პოზიციაზე წლების განმავლობაში მომუშავე გამოცდილ კადრს და კომისიები არაკვალიფიციური ადამიანებით დააკომპლექტა.

საუბნო საარჩევნო კომისიის დამოუკიდებელი წევრობის ერთ-ერთი კანდიდატი, ლია აბჟანდაძე, ამბობს, რომ ის, საუბნო კომისიაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად, საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის წევრად არ აირჩიეს.

ბრალდებების საპასუხოდ ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი ავთანდილ ოსეფაიშვილი განმარტავს, რომ საოლქო კომისიამ საუბნო კომისიებში დამოუკიდებელი წევრების არჩევისას პრიორიტეტი საარჩევნო განვითარების სკოლის კურსდამთავრებულ ახალგაზრდებს და ახალბედებს მიანიჭა, რადგან საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობა კონკრეტული პროფესიის ფლობას არ ითვალისწინებს.

საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბნო კომისიებში უკვე ჩატარდა პირველი სხდომები, სადაც აირჩიეს თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი. საუბნო კომისიებმა დაიწყეს ფუნქციონირება და ისინი ძირითადად სკოლებისა და ბაგა- ბაღების შენობების პირველ სართულზე არიან განთავსებულნი. ქუთაისში 128 საარჩევნო უბნიდან მარტივი ადაპტაცია და პანდუსი მხოლოდ 45 უბანზე მოქმედებს. როგორც საოლქო საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, საარჩევნო უბნების ადაპტირებაზე პასუხისმგებლობა ადგილობრივ თვითმმართველობას ეკისრება.

საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული საკითხების, საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებისა და საუბნო საარჩევნო კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გასაცნობად საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს 13 სექტემბრიდან ტრენინგები ჩაუტარდებათ და სწავლება, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეგიდით, 24 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG