Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საველე სკოლის პროექტი


ძველი თბილისი
ძველი თბილისი

ავტორი: სოფო რუხაძე

„მდგრადი განვითარება და ინოვაციური ქალაქები“ - ასე ერქვა შეხვედრას, რომელიც თბილისში გაიმართა საქართველოსა და ფრანკოფონური ქალაქების წარმომადგენლების მონაწილეობით. თბილისის მერიის მესვეურებთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ ქალაქ ნანტის, პარიზისა და სხვა ქალაქების წარმომადგენლები. მათ შორის იყვნენ თბილისის „საველე სკოლის“ ინიციატორებიც, ანუ ფრანკოფონ მერთა და ქალაქთა ასოციაცია, რომლის წევრიც 2001 წელს თბილისიც გახდა. ეს პროექტი ქართველ რესტავრატორებთან მუშაობას გულისხმობს და მისი მთავარი მიზანი თბილისის კულტურული მემკვიდრეობის აღდგენაში მონაწილეობაა.

საველე სკოლის პროექტი
please wait

No media source currently available

0:00 0:03:53 0:00
გადმოწერა

რესტავრატორთა „საველე სკოლის“ პროექტი, უკვე ერთი თვეა, თბილისში მიმდინარეობს.

ძირითადად ვსწავლობთ ქვის მხატვრულ დამუშავებას, მაგრამ ასევე ხანდახან რესტავრაციასაც ვაკეთებთ. ჯერ ერთი თვეა, რაც დავიწყეთ და ვნახოთ, სამომავლოდ რა იქნება...
რევაზ ტატიშვილი

რევაზ ტატიშვილი საველე სკოლის ერთ-ერთი მონაწილეა. იგი პროფესიით რესტავრატორია და თბილისის განვითარების ფონდთან აქამდეც უმუშავია. პროექტის შესახებ სწორედ ამ ფონდის ვებსაიტიდან შეიტყო და მონაწილეობა გადაწყვიტა.

„ძირითადად ვსწავლობთ ქვის მხატვრულ დამუშავებას, მაგრამ ასევე ხანდახან რესტავრაციასაც ვაკეთებთ. ჯერ ერთი თვეა, რაც დავიწყეთ და ვნახოთ, სამომავლოდ რა იქნება“, ამბობს რევაზ ტატიშვილი.

კურსი, რომელიც მან უნდა გაიაროს, ექვსთვიანია და 18 ოქტომბერს მთავრდება, როგორც მერიის ადმინისტრაციის საერთაშორისო სამსახურის მთავარი სპეციალისტი ლალი უნაფქოშვილი აღნიშნავს, პროექტის წარმატების შემთხვევაში შესაძლებელია მეორე ტურის მოწყობაც. სტუდენტების ასაკი 20-დან 33 წლამდეა და ისინი ერთობლივად შეარჩიეს თბილისის განვითარების ფონდმა, თბილისის მერიამ და საგანგებოდ პროექტისათვის მოწვეულმა პროფესორმა ჟან ლუ ანკარმა.

„საველე სკოლა დაფინანსებულია ფრანკოფონური ასოციაციის მიერ და თბილისში უკვე ფუნქციონირებს. პროექტი არის სამმხრივი: ფრანკოფონური ასოციაცია, თბილისის მერია და თბილისის განვითარების ფონდი. დღეისათვის მასში ცხრა მსმენელია გაწევრიანებული, რომლებიც კონკურსის საფუძველზე იქნენ შერჩეულნი“, ამბობს ლალი უნაფქოშვილი.

პროფესორი ჟან ლუ ანკარის აზრით, ამ სწავლების განმავლობაში ახალგაზრდები შეიგრძნობენ ქვის დამუშავების გემოს და ისწავლიან ამ ხელობის ისტორიას. მისი მთავარი მიზანია სტუდენტებისთვის ისეთი ცოდნის მიცემა, რომლის კომერციალიზაციასაც ისინი მომავალში შეძლებენ.

პროცესი ორი ნაწილისგან შედგება: პირველი არის ლექციათა სერია გეომეტრიაში, ხელოვნების ისტორიასა და ქვის თლის ტექნოლოგიაში. ლექციები კვირაში 2-3-ჯერ ტარდება, დარჩენილი დრო კი ეძღვნება პრაქტიკულ მუშაობას, შეგირდობას ქვის თლის საქმეში...
ჟან ლუ ანკარი

„თავდაპირველად განზრახული გვქონდა იმ შენობის რესტავრაციაზე მუშაობა, რომელიც შარშან თბილისში ვიზიტის დროს შევარჩიე, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს შენობა ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, ჰქონდა ნაპრალები. ამიტომ გადავწყვიტეთ სწავლების პროცესი მიგვემართა ქვის დამუშავებისკენ. პროცესი ორი ნაწილისგან შედგება: პირველი არის ლექციათა სერია გეომეტრიაში, ხელოვნების ისტორიასა და ქვის თლის ტექნოლოგიაში. ლექციები კვირაში 2-3-ჯერ ტარდება, დარჩენილი დრო კი ეძღვნება პრაქტიკულ მუშაობას, შეგირდობას ქვის თლის საქმეში“, ამბობს პროფესორი ჟან ლუ ანკარი და დასძენს:

„რადგანაც საქართველოს მდიდარი კულტურულ-ისტორიული, არქიტექტურული მემკვიდრეობა აქვს, მათ შორის, ქვის დამუშავებით შექმნილი, არის დიდი პოტენციალი იმისათვის, რომ ეს ხელობა, ცოდნა გამოიყენონ ძველი ძეგლების რესტავრაციისთვის. არის როგორც ბაზალტის ქვა, ქუთაისის ქვა და არის მრავალი სხვა ქვები, რომლებიც აქ გვაქვს წარმოდგენილი“.

მართალია, პროექტი სამი კვირაა, რაც დაიწყო, მაგრამ სტუდენტებმა უკვე იმუშავეს ქართული ტრადიციული და თანამედროვე ორნამენტების შექმნაზე. პროფესორი ამბობს, რომ ექვსი თვე ძალიან მცირე დროა მსგავსი ხელობის დასაუფლებლად, - ამისათვის, სულ მცირე, 8 თვეა საჭირო, - თუმცა, როგორც ის აღნიშნავს, მისი მიზანი სწორედ ისაა, რომ ამ მცირე დროის განმავლობაში ახალგაზრდებს თავისი ცოდნა გაუზიაროს, რომ ისინი ხელობას სრულყოფილად დაეუფლონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG