Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა - პარლამენტში ძირითად პრინციპებზე მსჯელობა დაიწყო


ოზურგეთის საავადმყოფო
ოზურგეთის საავადმყოფო

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ეგრეთ წოდებული მეორე ტალღის რეფორმაზე მსჯელობას გაფართოებული სამუშაო ჯგუფის ფორმატში შეუდგა. პირველ სხდომაში კომიტეტის წევრებთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის, კერძო სადაზღვევო კომპანიებისა და სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წარმომადგენლები. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განახლება ძირითადად კერძო და სახელმწიფო დაზღვევის ბენეფიციართა გამიჯვნას ითვალისწინებს იმგვარად, რომ დაზღვეული იყოს ყველა, ოღონდ დაზღვევის თანხა ოჯახებს ფინანსურ ტვირთად არ დააწვეს. კონკრეტული საბაზისო პროექტი ამ მიმართულებით ჯერჯერობით არ არსებობს.

როგორც საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე, ანუ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის რეფორმის ეგრეთ წოდებული ფორმალური სტარტის შეხვედრაზე, განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ, საყოველთაო ჯანდაცვის განახლებული პროგრამის ძირითადი მიმართულებები უახლოეს 2 თვეში უნდა შეჯერდეს და, სავარაუდოდ, 31 მარტისთვის საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას ითვალისწინებს მოდელის უნივერსალურობა, საყოველთაობა, სავალდებულობა და ა. შ.:

“პირველი, საუბარია ეგრეთ წოდებული უნივერსალური პაკეტის შემოტანაზე, რომელიც იქნება ან სავალდებულობის, ან რეგულაციის სხვა გზით წახალისებაზე, რომ საქართველოს მოქალაქეს ჰქონდეს ეს პაკეტი, მაგრამ ამ პაკეტის დაფინანსებაში შეძლებული მოქალაქეები მიიღებენ უფრო მეტ მონაწილეობას, ხოლო ღარიბებისთვის იქნება სრულიად უფასო ან სახელწიფო გადაიხდის ამ პაკეტის ღირებულებას. ხაზს ვუსვამ მეორე მომენტს: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა რჩება ამ ეტაპზე არა დაზღვევის პრინციპით, არამედ როგორც არის პროგრამა, ანუ პირდაპირი დაფინანსების გზით, თუმცა შეგვიძლია ვისაუბროთ მესამე მხარის ადმინისტრირების ან სოციალური სააგენტოს - ორი ვარიანტია -შესაძლებლობის გაძლიერებაზე“.

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ამბობს, რომ საყოველთაო პაკეტები შეიცვლება ისე, რომ თითოეული მოქალაქე დაფინანსებას ქონებრივი მდგომარეობისა და შემოსავლების მიხედვით მიიღებს. შესაბამისად, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ კერძო კომპანიებში დაზღვეული მოქალაქეები, ასევე შედარებით მაღალი შემოსავლების მქონე ოჯახები, ღარიბებისთვის კი კიდევ უფრო გაფართოვდება ის პაკეტი, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ამ დროისათვის მოიცავს, მათ შორის, მედიკამენტების ხარჯზე. თუმცა სად გაივლება ეგრეთ წოდებული ქონებრივი ზღვარი, მიიღებს თუ არა დაფინანსებაში მონაწილეობას დამსაქმებელი, გავრცელდება თუ არა წილობრივი დაფინანსება იმ მოქალაქეებზე, რომელთა ხელფასი 300-400 ლარს შეადგენს - ამ და სხვა ტიპის შეკითხვები ჯერჯერობით, დიდწილად, პასუხგაუცემელია და ამ მიმართულებით შეხვედრაზე ძირითადი პრინციპების პრეზენტაციის ფორმატში ისაუბრა საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ, დევი ხეჩინაშვილმა:

“ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად მიდის დისკუსია იმაზე, რეალური გზა, მდგრადი გზა ჯანდაცვის დაფინანსებისა არის საჯარო და კერძო პარტნიორობა, არის ლაპარაკი იმაზე, რომ ადამიანებმა, ვისაც შეუძლიათ თვითონ გაიღონ ფინანსური კონტრიბუცია თავისი დაზღვევისთვის თუ, ასე ვთქვათ, იმ პაკეტების შესაძენად, რომელიც იქნება უნივერსალური, ეს უნდა გააკეთონ, თუმცა ამის დეტალები, რასაკვირველია, არც გააზრებულია და არც გაჟღერებულია, რა საშემოსავლო პრინციპს შეიძლება ეს დაეყრდნოს, რა სისტემას შეიძლება ეს დაეყრდნოს და როგორ უნდა იყოს მიღწეული, მაგალითად, საყოველთაოობა და წვდომა“.

როგორც დევი ხეჩინაშვილი აღნიშნავს, საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის იდეაა საბაზისოდ გამოყენებული იქნეს დასაქმებულებისა და მათი ოჯახის წევრების რეესტრი, თუმცა ასეთ შემთხვევაშიც სად გაივლება ზღვარი შემოსავლების მიხედვით, ამ ეტაპზე მხოლოდ დისკუსიის საგანი შეიძლება იყოს.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განახლების კონკრეტულ სქემებზე, თავის მხრივ, ჯანდაცვის, შრომისა და სოციალურ საკითხთა მინისტრის მოადგილის, ზაზა სოფრომაძის, თანახმად, სამინისტრო უკვე მუშაობს და უახლოეს მომავალში პროექტის წარსადგენადაც მზად იქნება:

“თქვენ ახსენეთ მდიდრები და ღარიბები და მე ერთხელ შენიშვნა მომცეს ამასთან დაკავშირებით, ანუ ვინ შეიძლება ჩაითვალოს მაღალშემოსავლიან ფენებად და სად უნდა გავჭრათ, ასე ვთქვათ, ზღვარი სად უნდა გავავლოთ? ბუნებრივია, დღეს არავინ არ არის მზად გადაჭრით თქვას, თუ სად უნდა გაივლოს, მზა გადაწყვეტილებები ჯერ არა გვაქვს, მაგრამ სამსჯელოდ ის წინადადებები, რაც არის წარმოდგენილი, პრინციპში, მთელს მსოფლიოში აპრობირებული პრინციპებია, აქაც რაიმე ახალი განსაკუთრებული არ არის, უბრალოდ, საჭიროა ამ პრინციპების მისადაგება იმ რეალობასთან, რაშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით ქვეყანაში“.

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა 2013 წლიდან მოქმედებს. პროგრამაში ქვეყნის 2 მილიონ მოქალაქეზე მეტია ჩართული. მათ შორის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის საბაზისო დაზღვევით სარგებლობს კერძო დაზღვევის მფლობელი 535 000-მდე მოქალაქე. ახალი სისტემის დანერგვის შემთხვევაში რეფორმის ინიციატორები ვარაუდობენ, რომ სახელმწიფო სახსრების დაზოგვის შედეგად გამოთავისუფლდება რესურსი, მათ შორის იმისთვის, რომ მიზნობრივი ჯგუფების სერვისი გაუმჯობესდეს.

მიზნობრიობის კომპონენტის გამოკვეთას მიესალმება საყოველთაო ჯანდაცვის მოქმედი სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი ოპონენტი, „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი. იგი ამბობს, რომ თუ მიზნობრიობასთან ერთად ჯანდაცვის სახემწიფო პროგრამების მართვაში სადაზღვევო კომპანიებიც ჩაერთვებიან და რეფორმა ამ მიმართულებით წარიმართება, სადავოც აღარაფერია. რაც შეეხება რეკომენდაციებს:

“გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, პირველი. ჩვენ თუ ვნახავთ ჯანდაცვის დანახარჯებს, ვნახავთ, რომ მათი უდიდესი ნაწილი იხარჯება თბილისში და იხარჯება დიდ ქალაქებში. და რაც უფრო დაშორებულია სოფელი თუ რაიონი დედაქალაქს და დაშორებულია რეგიონულ ცენტრს, მით უფრო იკარგება ჯანდაცვის სერვისები. მეორე საკითხი - პრევენცია. დღევანდელი სისტემა მიდრეკილია იქითკენ, რომ ხარჯის დიდი ნაწილი წავიდეს გართულებულ მკურნალობაზე და არა პრევენციაზე და ეს არის, ჩემი აზრით, მეორე, რაც არსებითია“.

ჯანდაცვის სისტემის რეფორმის სამუშაო ჯგუფი, ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანახმად, მსჯელობის გაფართოებას და თემაზე შექმნილი პროექტების სადისკუსიო ფორმატში რეგულარულ განხილვას აპირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG