Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღიად - სექსუალურ შევიწროებაზე


ქალთა უფლებების დამცველთა ერთ-ერთი აქცია თბილისში
ქალთა უფლებების დამცველთა ერთ-ერთი აქცია თბილისში

იმ რამდენიმე შემთხვევას, როდესაც საქართველოში ქალებმა ღიად დაასახელეს მოძალადის სახელი და გვარი და კონკრეტული პირი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, მარი კურტანიძის შემთხვევაც მიემატა. ადამიანის უფლებათა იურისტმა და ქალთა უფლებების დამცველმა თავად გადაწყვიტა საჯაროდ დაეწერა ამბავი, რომელიც პირადად მას 15 წლის ასაკში თავს გადახდა და რაზეც საუბარი მხოლოდ 10 წლის შემდეგ შეძლო.

ღიად - სექსუალურ შევიწროებაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:07:09 0:00
გადმოწერა

მთავარი მიზეზი, რის გამოც ადამიანის უფლებათა იურისტმა, მარი კურტანიძემ, გაბედა და სექსუალურ შევიწროებაში თავისი მასწავლებელი, თამაზ აქუბარდია, ღიად დაადანაშაულა, იმ ძალადობის მსხვერპლი ქალების ამბები იყო, რომლებსაც თავად მარი უკვე ორი წელია ისმენს. მარის არასწორად მიაჩნდა სხვა ქალებისთვის ერჩია ხმამაღლა ლაპარაკი იმაზე, რაზეც თავად 10 წელი დუმდა. იმაზეც ბევრი იფიქრა, უნდა დაეწერა თუ არა კონკრეტული სახელი და გვარი:

რატომ გვიწევს გოგონებს ჩაგვრის და დამცირების ატანა, ამაზე უნდა დავფიქრდეთ, სხვანაირი ბრძოლა უნდა დავიწყოთ, გოგოები სხვაგვარად აღვზარდოთ და კაცებს კი საჯაროდ მივუთითოთ, თორემ ეს არასდროს შეიცვლება...
მარი კურტანიძე

„დროა, რომ ჩვენ - ყველამ, ქალებმა - ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ. კი, ძალიან რთულია ამ ნაბიჯის გადადგმა. როდესაც ვწერდი, მაშინ სულ ვფიქრობდი, სახელი და გვარი უნდა დამეწერა თუ არა, არ ვიცოდი ამისთვის მზად ვიყავი თუ არა. ახლაც არ ვიცი ფსიქოლოგიურად მზად ვარ თუ არა ავიტანო გაკიცხვა, რადგან ჩემი წერილი ძალიან ბევრმა ადამიანმა გააზიარა და უმეტესად ნეგატიური კომენტარები მხვდება - საშინლად მაგინებენ. რთული იყო შენს პირად გამოცდილებაზე გელაპარაკა, რომელიც ასე დამამცირებელია“.

მარი კურტანიძე თავის წერილში აღწერს, თუ რაში გამოიხატებოდა სექსუალური შევიწროება მასწავლებლის მხრიდან:

„მოგესალმებით, იმედია, გახსოვართ: მათემატიკაში მამზადებდით აბიტურიენტობის დროს, მაშინ 15 წლის ვიყავი. კვირაში სამჯერ დადიოდით ჩემთან სახლში და კერძო გაკვეთილებს მიტარებდით. ჩემი სახელი და გვარი თუ არაფერს გეუბნებათ, ვეცდები, სხვანაირად გაგახსენოთ: “აბრეშუმივით კანი მაქვს”. თქვენ გიჟდებოდით მასზე. ჩემი დახეული ჯინსის შარვალიც უნდა გაგახსენდეთ, მაგიდის ქვეშ ხელს რომ მისვამდით ხოლმე კანზე, საოცარი კანი გაქვსო, მეუბნებოდით. მას შემდეგ შემძულდა დახეული ჯინსი და აღარ ვიცვამ. თქვენი დაჟინებული თხოვნები არ აყოვნებდა: “რატომ არ გაცვია ჩემი საყვარელი შარვალი, გთხოვ, ჩაიცვი, რა”. წავსულვარ და გამომიცვლია რამდენჯერმე, ბევრჯერ! წესით, ისიც უნდა გახსოვდეთ, როგორ მემუქრებოდით: “ამ ამოცანას სწორად თუ არ ამოხსნი, ტუჩებში გაკოცებ”. ერთხელ ამისრულეთ კიდეც დანაპირები: დამშვიდობებისას ლოყაზე კოცნის მაგიერ ტუჩებში მაკოცეთ“, - წერს მარი კურტანიძე.

ავტორის თქმით, ის წლების განმავლობაში მალავდა ამ ამბავს და მის დავიწყებას ცდილობდა. მეტიც, თავს არწმუნებდა, რომ მოძალადე განათლებული, „პატრიოტი“, კარგი ადამიანი იყო, ახალგაზრდა გოგონები კი, უბრალოდ, მისი სისუსტის ნაწილი.

მსხვერპლად ირჩევენ მათ, ვინც სუსტია და ადვილად მოწყვლადი, ვინც პასუხის გაცემას და ამაზე საუბარს ვერ შეძლებს. სწორად ამიტომ რჩება განსაკუთრებით შემზარავი ამბები უთქმელი და შეუმჩნეველი...
მარი კურტანიძე

„10 წლის შემდეგ ვბედავ, რომ ამაზე ხმამაღლა ვისაუბრო და არ შემეშინდეს! არ შემრცხვეს! ამას ჩემი თავისა და ყველა იმ გოგოს/ქალის გამო ვაკეთებ, რომლებიც იძულებული არიან ჩუმად აიტანონ სექსუალური შევიწროება და სხვადასხვა ფორმის ძალადობა. იმედი მაქვს, ამ წერილს ბევრი წაიკითხავს. გვახსოვდეს, რომ ძალიან ხშირად მოძალადეები და შემვიწროებლები ისინი არიან, ვისგანაც ამას ყველაზე ნაკლებად მოველით; ისინი, ვისაც გავლენა და ავტორიტეტი აქვს “მსხვერპლზე”, ხოლო მსხვერპლად ირჩევენ მათ, ვინც სუსტია და ადვილად მოწყვლადი, ვინც პასუხის გაცემას და ამაზე საუბარს ვერ შეძლებს. სწორად ამიტომ რჩება განსაკუთრებით შემზარავი ამბები უთქმელი და შეუმჩნეველი“, - წერს მარი კურტანიძე.

რადიო თავისუფლებას მან ისიც უთხრა, რომ მთავარი ამოცანა მისთვის ამ პრობლემის სათავეშივე გადაჭრაა: „რატომ გვიწევს გოგონებს ჩაგვრის და დამცირების ატანა, ამაზე უნდა დავფიქრდეთ, სხვანაირი ბრძოლა უნდა დავიწყოთ, გოგოები სხვაგვარად აღვზარდოთ და კაცებს კი საჯაროდ მივუთითოთ, თორემ ეს არასდროს შეიცვლება“.

ამ წერილის გამოქვეყნებიდან მალევე ავტორმა სოციალურ ქსელში ისიც დაწერა, რომ ის შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს გასაუბრებაზე.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების მხრიდან იყოს ნულოვანი ტოლერანტობა, რომ ის დამკვიდრებული პრაქტიკა, რაც მსხვერპლის გაკიცხვას უკავშირდება, შეიცვალოს...
ეკატერინე სხილაძე

თავად სამინისტროს პრესცენტრში კი ჩვენს კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია ამ ფაქტზე საქმის აღძვრა, გვითხრეს, მიუხედავად იმისა, რომ თავად დაზარალებულს ჩვენთვის არ მოუმართავს, შსს ამ ფაქტით თავად დაინტერესდა და დაიწყებს საქმის შესწავლასო. როგორ გაგრძელდება პროცესი, სწორედ საქმეში გამოკვეთილ გარემოებებზე იქნება დამოკიდებული.

თავად თამაზ აქუბარდია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ვრცელი პასუხით გამოეხმაურა მარი კურტანიძის წერილს და დაწერა, რომ ის სრულიად შეძრულია ცილისწამებით და ცილისმწამებლური კამპანიით, რომელიც მისი სახელის ლაფში ამოსვრით, პირადად მისი და მისი ოჯახის წინააღმდეგ აღიძრა.

„ვერაფრით დავიძინე, არ ვიცოდი როგორ ამეხსნა ჩემი შვილებისთვის, ჩემი ძმისთვის, დისთვის, მათი შვილებისთვის, რომ ისინი ბინძური პოლიტიკის მსხვერპლნი გახდნენ და რომ ჩემი სახელის ლაფში ამოსვრა განუზრახავთ“, - წერს აქუბარდია.

ეკატერინე სხილაძე
ეკატერინე სხილაძე

მარი კურტანიძის შემთხვევას შეფასებას აძლევს საქართველოს სახალხო დამცველიც. ომბუდსმენის მოადგილე ეკატერინე სხილაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ, მიუხედავად საქართველოში ამ პრობლემის არსებობისა, სახალხო დამცველის აპარატს ჩივილით ძალიან ცოტა ადამიანი მიმართავს და ამას აქვს თავისი მიზეზი:

„ეს პასიურობა უკავშირდება ქალების შიშს, რომ საზოგადოება მათ გაკიცხავს, როგორ გაბედეს და ამაზე ილაპარაკეს. ამას ისიც ემატება, რომ არ არსებობს საკანონმდებლო გარანტია, რომ თავი დაიცვან ქალებმა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების მხრიდან იყოს ნულოვანი ტოლერანტობა, რომ ის დამკვიდრებული პრაქტიკა, რაც მსხვერპლის გაკიცხვას უკავშირდება, შეიცვალოს“.

ამ კანონის და სამართლებრივი ბერკეტის გარეშე, რაც უნდა ბევრი ილაპარაკონ ქალებმა, რომ ისინი არიან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი, ეს ქალები საკუთარ თავს ვერ დაიცავენ...
იდა ბახტურიძე

ეკატერინე სხილაძის განცხადებით, დღეს სასამართლოში რამდენიმე საქმეა შესული დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროების ფაქტებზე. სახალხო დამცველიც შეისწავლის მსგავს შემთხვევებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის ფარგლებში. თუმცა ეკატერინე სხილაძეც აცხადებს, რომ ამ საკითხის თაობაზე საზოგადოებრივ კამპანიებს, აქტიურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

დიდი ხანი არ არის, რაც საქართველოში ქალებმა ღიად, საკუთარი სახელით და გვარით დაიწყეს თავიანთი ამბების თხრობა, ჯერ კიდევ „საფარის“ მიერ წამოწყებული კამპანიის დროს „რა მოხდა ქუჩაში“ არაერთი ფაქტი გახდა ცნობილი, თუ როგორ ძალადობდნენ მათზე, როგორ ავიწროებდნენ სექსუალურ ნიადაგზე. ყველამ გაიგო თათია სამხარაძის ამბავიც, როდესაც მან სექსუალურ შევიწროებაში ტელეწამყვან შალვა რამიშვილს დასდო ბრალი. სულ ცოტა ხნის წინანდელი ამბავია სოციალურ ქსელში გავრცელებული კამპანია „მეც“, რომელსაც ასობით ქალი გამოეხმაურა თავისი ამბით და, ბოლოს, მარი კურტანიძის გაბედული წერილიც. ქალთა მოძრაობის წევრი იდა ბახტურიძე აცხადებს, რომ ამ ყველაფერმა ერთად აჩვენა, რომ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი საქართველოში ყოველდღიურად ძალიან ბევრი ქალია. იდა ბახტურიძის თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი სექსუალური შევიწროების შესახებ კანონის მიღებაა:

იდა ბახტურიძე
იდა ბახტურიძე

„ამ კანონის და სამართლებრივი ბერკეტის გარეშე, რაც უნდა ბევრი ილაპარაკონ ქალებმა, რომ ისინი არიან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი, ეს ქალები საკუთარ თავს ვერ დაიცავენ. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის პრობლემა და უნდა იყოს დასჯადი. მთელ მსოფლიოში ეს ასეა. ჩვენი კანონმდებლობა კი ჯერჯერობით სექსუალურ შევიწროებას არ აღიარებს დანაშაულად“.

ქალთა მოძრაობა კი გეგმავს, რომ 25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღის მთავარი ფოკუსი სწორედ სექსუალური შევიწროების საკითხი იყოს. საქარველოში სექსუალური შევიწროება კანონით არ ისჯება. სწორედ ამიტომ, 24 ოქტომბერს „ქალთა მოძრაობამ“ სექსუალური შევიწროების აკრძალვის მოთხოვნით საქართველოს პარლამენტში 1000 ხელმოწერაც შეიტანა. ხელმოწერები ფეისბუკის მეშვეობით შეგროვდა. პეტიციის ხელმომწერნი მოითხოვენ, პარლამენტმა დაუყოვნებლივ მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები შრომისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, რათა სექსუალური შევიწროება აიკრძალოს როგორც დასაქმების ადგილზე, ისე საჯარო სივრცეში.

ჩვენ უნდა შეგვეძლოს კომპლიმენტი და სექსუალური შევიწროება ერთმანეთისგან განვასხვაოთ, მაგრამ თავისთავად ამ კანონის აუცილებლობას და საჭიროებას ჩვენ ნამდვილად განვიცდით...
გუგული მაღრაძე

საქართველოს პარლამენტის გენდერული საბჭო მზად არის სექსუალური შევიწროების შესახებ კანონზე იფიქროს, თუმცა, როგორც გუგული მაღრაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ეს კანონი ფრთხილად უნდა დაიწეროს, კულტურული თავისებურებების გათვალისწინებით და თან ისე, რომ ორმაგად არ იკითხებოდეს:

„ჩვენ უნდა შეგვეძლოს კომპლიმენტი და სექსუალური შევიწროება ერთმანეთისგან განვასხვაოთ, მაგრამ თავისთავად ამ კანონის აუცილებლობას და საჭიროებას ჩვენ ნამდვილად განვიცდით, რადგან ერთი და ორიც რომ იყოს ასეთი შემთხვევა (თუმც კი, შესაძლოა, უფრო მეტიცაა და არ ვლინდება), კანონი უნდა არსებობდეს და იმ ადამიანებს, ვისაც თავის დაცვა სურს, კანონი ხელს უნდა უწყობდეს“.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG