Accessibility links

სენაკში მცხოვრები დევნილები სიცოცხლისთვის საშიშ პირობებს უჩივიან


აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირთა საცხოვრებელი სენაკში

სენაკში, ყოფილი მეხუთე ტრესტის შენობაში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. მათი განცხადებით, 24 წელია, რაც 15 ოჯახი მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ავარიულ შენობაში სიცოცხლისთვის სახიფათო პირობებში ცხოვრობს. შენობის მობინადრეებმა დღემდე არ იციან, მათი განსახლება იგეგმება თუ ამჟამინდელი საცხოვრებლის რეკონსტრუქცია.

ოჩამჩირიდან დევნილ ეკა ჯოჯუას თქმით, მათი მთავარი პრობლემა სველი წერტილების უქონლობაა, რაც ანტისანიტარიას იწვევს. სამსართულიან შენობას საერთო საპირფარეშო მხოლოდ პირველ სართულზე აქვს და ისიც მოუწესრიგებელია:

„ყველაზე მთავარი, რაც ადამიანს პირველ რიგში სჭირდება, არის ჰიგიენა. პირველ სართულზეა საპირფარეშო. არის აუტანელი პირობები. მე დედა რომ დავბანო, ის უნდა წავიყვანო ჩემს გათხოვილ შვილთან, წარმოგიდგენიათ?! ელემენტარული ჰიგიენა რომ არ არის, იქ რაზე უნდა ვილაპარაკო?!“.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირთა საცხოვრებელი სენაკში
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირთა საცხოვრებელი სენაკში

„საპირფარეშო პირველ სართულზეა. აქ მრავალშვილიანი დედებია და წარმოიდგინეთ ახლა შვილების ჩაყვანა. ძალიან ცუდი პირობებია. მერე გათბობა ჩვენ არ გვაქვს და არაფერი“, - ამბობს ომარ ქობალია.

„თუ ეს შენობა ვარგისად მიაჩნია ჩვენს მთავრობას, მაშინ გაგვიკეთონ, რომ აქ ვიცხოვროთ ნორმალურად. გაგვიკეთონ, თუ არის შესაძლებელი და თუ ამის საშუალება იქნება“, - გვითხრა ლუიზა ბურსულიამ.

დევნილების პასუხად, ლტოლვილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსი მანუჩარ ჩილაჩავა აცხადებს, რომ შენობა სახელმწიფოს მთლიანად არ ეკუთვნის და რომ მისი ნაწილის მფლობელი ,,თიბისი ბანკია", ამ ეტაპზე კი შესყიდვაზე საუბარი არ არის.

ამასთან, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფროსი ირწმუნება, რომ შენობაში 8 დევნილი ოჯახი ცხოვრობდა, რომელთა ნაწილი უკვე დაკმაყოფილებულია, დარჩენილებს კი სამინისტრო ,,სოფლად სახლის" პროექტს სთავაზობს.

„ჩვენ შეგვიძლია „სოფლად სახლის“ პროგრამაში ისინი ჩავრთოთ და ვუთხრათ, რომ ეს დაჩქარებული წესით განიხილონ, კანონის წესით, როგორც ხდება, ისე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მანუჩარ ჩილაჩავამ.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი სენაკის დევნილთა დასახლებაში
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი სენაკის დევნილთა დასახლებაში

თავის მხრივ, დევნილები ამბობენ, რომ სამინისტროს ამ შეთავაზების შესახებ მანამდე არაფერი იცოდნენ. ეს წინადადება მათთვის მისაღებია და სამინისტროს შესაბამისი განცხადებით მიმართავენ.

სამინისტროს ინფორმაციით, "სოფლად სახლის" პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს, მიწის ნაკვეთით, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი სამინისტრო დევნილი ოჯახისთვის მითითებულ სახლს შეისყიდის. პროექტის ფარგლებში, კომისია განიხილავს იმ დევნილი ოჯახების განსახლების საკითხს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ მინიმუმ 3,5 ქულა. თანხის რაოდენობა განსაზღვრულია 17 ათასი ლარიდან 31 ათას ლარამდე - იმისდა მიხედვით, ოჯახი რამდენსულიანია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG