Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ აუნაზღაურებს გლეხებს სეტყვით მიყენებულ ზარალს?


ავტორი: ირინა გურული

ბოლო დღეებში საქართველოში მოსულმა ნალექმა და სეტყვამ გლეხების საკმაოდ დიდი ნაწილი დააზარალა. წელს ხელისუფლების პასუხი მოსახლეობისთვის გარკვეულია: მათ, ვისაც აგროდაზღვევის პროექტში მონაწილეობა არ მიუღია, ხელისუფლება ვერ აუნაზღაურებს დანაკარგს.

შეღავათიანი აგროდაზღვევის პროგრამა საქართველოში ერთ წლის წინ - 2014 წლის 1 სექტემბერს - დაიწყო. პროგრამის დედააზრი იმაში მდგომარეობდა, რომ მოსახლეობისთვის საკუთარ დანაკარგებზე პასუხისმგებლობის უნარი ჩაენერგათ. ამ მიზნით სახელმწიფომ გლეხებს თუ ფერმერებს შემდეგი სქემა შესთავაზა: პროექტის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარი იყო; აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა ამ ეტაპზე სეტყვისგან, ჭარბი ნალექისგან, ქარიშხლისა და საშემოდგომო ყინვისგან მიყენებულ ზარალს ანაზღაურებდა; პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევად მიიღებოდა მხოლოდ ისეთიმიწის ნაკვეთები, რომლებზეც წარდგენილია საკადასტრო კოდი, აზომვითი ნახაზი ან GPS კოორდინატები; სააგენტოს მიერ ერთ დამზღვევზე გადასახდელი სადაზღვევო პრემიის თანადაფინანსების მაქსიმალური თანხა 30 000 ლარი იყო,სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში კი - 50 000 ლარი; პროგრამის ფარგლებში, აგროდაზღვევის სტიმულირების მიზნით, სადაზღვევო პრემიის დიდ ნაწილს (70 %-დან 90 %-მდე) სახელმწიფო დააფინანსებდა. ფერმერს თანადაფინანსების სახით პოლისის 10-დან 30 პროცენტამდე დაფარვა უწევდა.

საწყის ეტაპზე აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო 5 სადაზღვევო კომპანია: ”ჯიპიაი ჰოლდინგი” , „ალდაგი", „აისი ჯგუფი", „ირაო"და „ქართუ" , თუმცა კომპანია „ქართუ“ პროგრამას მალევე გამოეთიშა.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, 2014 წელს აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებშიგაცემულია 21 ათასზე მეტი პოლისი,დაზღვეულია150 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 34 სხვადასხვა კულტურა 19 ათას ჰა. მიწის ფართობზე. მათივე ინფორმაციით, სტიქიით (სეტყვა, გვალვა, ქარიშხალი, წვიმა და ა.შ.) მიყენებული ზარალი ციფრებში შემდეგნაირად გამოისახება: დაზარალებული ადამიანების სავარაუდო რაოდენობა - 108 360, დაზიანებული ფართობები - 107 043 ჰა, მიყენებული ზარალი - 136 236 343 ლარი. აქედან, მარცვლოვნების დაზიანებული ფართობი შეადგენს - 63 695 ჰა-ს, მზესუმზირა - 9 516 ჰა, ლობიო - 384 ჰა, კარტოფილი - 3 194 ჰა, ბაღჩეული კულტურები 1 708 ჰა, ვენახი - 10 957 ჰა, ხეხილი - 1 595 ჰა, თხილი - 15 898 ჰა, კაკლოვნები -79 ჰა, ფრინველი - 2 661 ფრთა და 95 ფუტკრის ოჯახი.

2015 წელს პროგრამის პირობები ნაწილობრივ გადაიხედა დაზღვეულის მეტად დატვირთვის კუთხით: პროგრამის ბიუჯეტი 2015 წელს უკვე 10 მილიონი ლარით განისაზღვრა. სახელმწიფო სუბსიდირება 2015 წელს 60 %-მდეა. ფრანშიზა დაითვლება რეალური მოსავლიანობიდან და, შესაბამისად, ვერ გადაფარავს ზარალის ოდენობას, თუ ზარალი ასცდა 10 %-ს.2014 წლის პროგრამაში ფრანშიზა ითვლებოდა სადაზღვევო ლიმიტიდან, ხოლო ზარალი რეალური მოსავლიანობიდან. შესაბამისად, დაზღვეულისთვის უფრო მომგებიანი პირობები იყო. სამინისტროში ამბობენ, რომ ეს უმეტეს შემთხვევაში ზარალის გადაფარვას იწვევდა. ზარალის შეფასების საერთო მეთოდი დაინერგა თითოეული კულტურის შესაბამისად, რაც მანამდე საერთოდ არ არსებობდა. კომპანიები პოლისების გაცემას შეძლებენ მხოლოდ აგროვადების შესაბამისად. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსუბსიდირებას განახორციელებს პოლისების შემოწმების შემდეგ.

საქართველოში ლიცენზირებულმა სადაზღვევო კომპანიებმა ისევ გამოთქვეს აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობის სურვილი. 2014 წლის პროგრამაში მონაწილე კომპანიებს დაემატა კიდევ ორი კომპანია: „არდი“ და „უნისონი“.


აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა ამჯერად შეუძლია მიიღოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს არა უმეტეს5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში- არა უმეტეს 15 ჰა) ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. პროგრამით გათვალისწინებული მიწის ფართობის ოდენობის შეზღუდვა არ ვრცელდება რეგისტრირებულ კოოპერატივზე. ამ შეზღუდვით სახელმწიფომ, მათივე განმარტებით,შედარებით მცირე მასშტაბის ფერმერებზე მოახდინა ფოკუსირება.


2015 წლის აგროდაზღვევის პროექტი 2015 წლის დეკემბერში მთავრდება და, შესაბამისად, 2015 წლის შედეგები სწორედ ამ დროისთვის დაითვლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG