Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ს ახალი სახელმწიფო მდივანი ჰყავს - რექს ტილერსონი


რექს ტილერსონი
რექს ტილერსონი

მთელი თქვენი ცხოვრება გამზადებდათ ამ მომენტისათვისო - ასეთი სიტყვებით მიმართა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რექს ტილერსონს, სახელმწიფო მდივნის პოსტზე მის დასამტკიცებლად ვაშინგტონში, თეთრ სახლში, გამართულ ცერემონიაზე. აშშ-ის ახალი სახელმწიფო მდივანი მსოფლიოში, საბაზრო ღირებულებით, უდიდესი ნავთობკომპანია „ექსონმობილის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორია და ტრამპმა შეაქო მისი მდიდარი გამოცდილება ამ პოსტზე მუშაობისას.

გადმოწერა

მანამდე, ასევე 1 თებერვალს, აშშ-ის სენატში გამართულ კენჭისყრაზე 56 სენატორი მიემხრო რექს ტილერსონის კანდიდატურას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე. წინააღმდეგი იყო 43. მრავალი რესპუბლიკელი სენატორი, ისევე როგორც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ტილერსონის პლუსად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გიგანტური კომპანია „ექსონმობილის“ აღმასრულებელ დირექტორად მუშაობის დროს მას მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა უცხოეთის მთავრობებთან, მათ შორის, რუსეთის ხელმძღვანელობასთან. მეორე მხრივ, დემოკრატი სენატორები (და არამარტო ისინი) შიშობენ, რომ ახალმა სახელმწიფო მდივანმა, შესაძლოა, ზედმეტად ლმობიერი პოზიცია დაიკავოს მოსკოვთან მიმართებით - შესაძლოა, მაგალითად, მხარი დაუჭიროს რუსეთისთვის 2014 წელს, უკრაინაში მისი პოლიტიკის გამო, დაწესებული სანქციების გაუქმებას. ცნობილია, რომ 64 წლის რექს ტილერსონი სრულად იზიარებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იდეას რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების შესახებ.

რექს ტილერსონი და დონალდ ტრამპი თეთრ სახლში გამართულ ცერემონიაზე
რექს ტილერსონი და დონალდ ტრამპი თეთრ სახლში გამართულ ცერემონიაზე

სწორედ 2014 წელს, როცა აშშ-მა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებზე გადაწყვეტილება მიიღო, „ექსონმობილი“ რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „როსნეფტთან“ ერთად მუშაობდა ფართომასშტაბიან, მრავალ მილიარდ დოლარად შეფასებულ პროექტზე არქტიკაში. მოგვიანებით „ექსონმობილმა“ განაცხადა, რომ სანქციების შედეგად მილიარდამდე დოლარი დაკარგა...

თუმცა აშშ-ის სენატში გასულ თვეში გამართულ მოსმენაზე ტილერსონმა თქვა, რომ „რუსეთთან ურთიერთობისას ვაშინგტონი ფხიზლად უნდა იყოს“ - მეტიც: ტილერსონმა რუსეთს უწოდა „საფრთხის შემქმნელი“, „დესტაბილიზაციის გამომწვევი“ ქვეყანა, რომელიც უგულებელყოფს აშშ-ის ინტერესებს.

„ასევე ფხიზლად უნდა ვიყოთ რუსეთთან ურთიერთობისას. დღეს რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ არ არის არაპროგნოზირებადი, როცა საქმე ჩვენი ინტერესების დაცვას ეხება. ის შეიჭრა უკრაინაში, რაც ყირიმის მიტაცებასაც გულისხმობს და მხარს უჭერდა სირიის ჯარს, რომელიც უხეშად არღვევს ომის კანონებს. ჩვენი ნატოელი მოკავშირეები სამართლიანად არიან შეშფოთებული აგრესიულად მოქმედი რუსეთის გამო“, - განაცხადა გასულ თვეში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე რექს ტილერსონმა - კაცმა, რომელსაც 2013 წელს თავად პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გადასცა რუსეთის მეგობრობის ორდენი.

მე და ჩემი რამდენიმე კოლეგა შემაშფოთებლად მივიჩნევთ ბატონ ტილერსონის კანდიდატურას და წარსულში მის საქმიანობას, განსაკუთრებით ვლადიმირ პუტინთან ურთიერთობას...
ჯონ მაკკეინი

ამ ურთიერთობის გამო, გავლენიანმა ამერიკელმა სენატორმა, რუსეთის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით ცნობილმა ჯონ მაკკეინმა გასული წლის მიწურულს, 29 დეკემბერს, როცა ჰკითხეს, რას ფიქრობთ დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნის პოსტზე დასახელებულ კანდიდატზეო, განაცხადა: „მე და ჩემი რამდენიმე კოლეგა შემაშფოთებლად მივიჩნევთ ბატონ ტილერსონის კანდიდატურას და წარსულში მის საქმიანობას, განსაკუთრებით ვლადიმირ პუტინთან ურთიერთობასო“. მაგრამ მოგვიანებით, 17 იანვარს, ჯონ მაკკეინმა თქვა, რომ ტილერსონთან საუბრის შემდეგ გადაწყვიტა, მხარი დაუჭიროს მის კანდიდატურას.

თუმცა რექს ტილერსონს მაინც ჰყავს მრავალრიცხოვანი ოპონენტები, თან - საკუთარ უწყებაში. სახელმწიფო დეპარტამენტის ასობით თანამშრომელმა მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომელშიც აკრიტიკებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მთავრობას - პირველ რიგში, ტრამპის განკარგულებას შეერთებულ შტატებში მუსლიმების ჩასვლის შეზღუდვის თაობაზე.

ასე რომ, აშშ-ის ახალი სახელმწიფო მდივნის პირველ ამოცანებს შორის უთუოდ იქნება ჯერ საკუთარი უწყების თანამშრომლების დარწმუნება დონალდ ტრამპის პოლიტიკური კურსის სისწორეში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG