Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სატყეო სამმართველოს კომპეტენცია თუ კერძო კომპანიის ვალდებულება?!


ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის მცხოვრებნი შეშის დასამზადებლად ტყეკაფის გამოყოფას მოითხოვენ. ტერიტორია, სადაც ისინი შეშას ჭრიან, კერძო საკუთრებაშია, რის გამოც მათ გასათბობი მასალის მოტანაზე პრობლემები ექმნებათ. დერცელის მოსახლეობა შექმნილ ვითარებას აპროტესტებს და დახმარებას ხელისუფლებისგან მოითხოვს.

22 ძირი დაუნომრავი ხის მოჭრის გამო სოფელ დერცელის ყველა მოსახლე ადიგენის პოლიციაში იყო დაბარებული, მაგრამ სამართალდამცველებთან არც ერთი მათგანი არ გამოცხადებულა. საშეშე მერქანი, რომელზეც პოლიციაში საქმე აღიძრა, ადგილობრივებმა კერძო საკუთრებაში ტენდერით აღებულ ტერიტორიაზე დაამზადეს. მოსახლეობა ირწმუნება, რომ ამ დროისათვის ტყეკაფი მათთვის გამოყოფილი არ არის, გასულ წელს კი ხის მოჭრა მხოლოდ მიუვალ ადგილზე იყო დაშვებული, რის გამოც ოჯახის მომარაგება საწვავი შეშით ვერავინ შეძლო.

დერცელის მცხოვრებლებს ხის მოჭრის პრობლემა 5 წლის წინ შეექმნათ - მაშინ, როცა ტერიტორია კერძო პირმა, იური კუბლაშვილმა, ტენდერში მონაწილეობის შედეგად იყიდა. მათი თქმით, საშეშე მერქნის დასამზადებლად საჭირო თანხას ისინი ყოველ წელს იხდიან, თუმცა ბილეთს მეტყევეები იმ მიზეზით არ წერენ, რომ დერცელის მთის ტერიტორიაზე ქვითარი არ მოქმედებს. მცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ ხის ჭრასთან დაკავშირებით მათ კერძო პირი ხელოვნურ ბარიერს უქმნის, რის გამოც დიდი ოდენობის ჯარიმა ეკისრებათ.

ტყეკაფების მისადგომ ადგილებში გამოყოფის მოთხოვნით დერცელის მოსახლეობამ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელს მიმართა.მოსახლეობის მოთხოვნა სიმონ პარუნაშვილმა სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამმართველოს 23 მაისს წერილობით შეატყობინა. 3 დღის შემდეგ სამმართველოს წარმომადგენლებმა დამიდასტურეს, რომ აღნიშნული ტყეკაფები დერცელის მოსახლეობისათვის გამოყოფილი იყო, – აცხადებს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი სიმონ პარუნაშვილი.

ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მფლობელი იური კუბლაშვილი კომენტარს არ აკეთებს. შპს „შპალ-საჟღენთი ქარხნის“ ხელმძღვანელი ნინო ნათენაძე ადგილობრივ მედიასთან საუბარში ირწმუნება, რომ დერცელის მოსახლეობისათვის ტყეკაფების გამოყოფა მათი კომპანიის პრეროგატივა არ არის და ამაზე პასუხისმგებელი სატყეო სამმართველოა. ოფიციალურ კომენტარზე უარს აცხადებენ სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამმართველოში, თუმცა თანამშრომლები განმარტავენ, რომ გასხვისებული ტერიტორია ლიცენზიანტის საკუთრებას წარმოადგენს, რის გამოც სამმართველო, შეზღუდული უფლებების გამო, კერძო საკუთრებას ვერ განაგებს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელში 60-მდე ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ დასახლება ქალაქიდან მოწყვეტილია. გათბობისათის ერთადერთი საშუალება აქ საშეშე მერქანია, რომლის მოჭრისათვის გასულ წელს ტყეკაფი მიუდგომელ ტერიტორიაზე გამოიყო. რას გადაწყვეტს წელს ხელისუფლება, მოსახლეობისთვის ჯერ კიდევ უცნობია. კვლავ გაურკვეველი რჩება, დერცელის მთებში ტყეკაფების გამოყოფა კერძო კომპანიის ვალია თუ სამმართველოს კომპეტენცია.
XS
SM
MD
LG