Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეშით გამთბარი სკოლები და ბაღები - საფრთხე ბავშვებისთვის


ზამთრის მოახლოებასთან ერთად აქტუალური ხდება შეშის საკითხი. გარემოსდამცველები აცხადებენ, რომ საქართველოში არსებული სატყეო რესურსები ყოველწლიურად უფრო და უფრო ილევა, რეგიონებში კი საწვავად შეშას იყენებს არათუ უბრალო ხალხი, არამედ ისეთი საბიუჯეტო ორგანიზაციები, როგორიცაა სკოლები, ბაღები, თავდაცვის სამინისტროს ორგანოები, გამგეობები და საკრებულოები.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN) ჯერ კიდევ 2014 წელს მოამზადა კვლევა, რომლის მიხედვითაც საქართველოს რეგიონების 75-96 პროცენტი გასათბობად შეშას იყენებს. მისი მოცულობა, სხვადასხვა კვლევით, ერთიდან ოთხ მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს. კვლევაშივე ნათქვამია, რომ შეშის მოხმარების მასშტაბი რამდენჯერმე აღემატება ტყის რესურსის პოტენციალს. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წარმომადგენელი რეზო გეთიაშვილი ჩამოთვლის იმ ადგილობრივ ორგანიზაციებს, რომლებიც ზამთარში შეშით თბება:

რეზო გეთიაშვილი
რეზო გეთიაშვილი

„თვითმმართველობები, სკოლები და საბავშვო ბაღები, ცენტრალური სტრუქტურების ადგილობრივი სამსახურები... საკმაოდ დიდი რაოდენობის შეშას მოიხმარს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, საპატრიარქო, იგივე ეკლესიები ხშირად შეშით თბება“.

მისივე თქმით, ტყის შეშად გამოყენება ბუნებრივი რესურსების გაჩანაგებას იწვევს, მაგრამ ძნელია ხელისუფლებამ მოსახლეობა ალტერნატიული საწვავის გამოყენებაში დაარწმუნოს, როცა თავადაც გასათბობად შეშას იყენებს.

„თუკი შენ თვითონვე ხარ მომხმარებელი, თან ინტენსიურად და თანაც ისეთ ადგილებში, სადაც ნამდვილად შეგიძლია ალტერნატიული გათბობის საშუალებები გამოიყენო, შეიძლება მორალური უფლებაც აღარ გქონდეს სხვას აუკრძალო შეშის გამოყენება, თუნდაც კერძო სექტორს“.

მაგალითად, კვლევის თანახმად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში შეშის წლიური მოხმარების 31 პროცენტი საბიუჯეტო ორგანიზაციებზე მოდის. საქართველოს 284 საჯარო სკოლა, რომლებიც გაზიფიცირებულ რაიონში მდებარეობს, საწვავად მაინც შეშას მოიხმარს, ამასთან, 56 სკოლა ცენტრალური გათბობის სისტემითაც არის აღჭურვილი. რეზო გეთიაშვილი ამბობს, რომ არის სკოლები, სადაც, უბრალოდ, არც იციან, რომ გაზით გათბობის ფულს განათლების სამინისტრო იხდის.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი კარლო ამირგულაშვილი ადასტურებს, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციები ხშირად შეშით თბება და ეს ტყეს დიდ ზიანს აყენებს. მისივე თქმით, გარდა ზარალისა, შეშით გათბობა სახიფათოცაა, განსაკუთრებით ბაღებში. მისი თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც ბავშვები ანთებულ ღუმელთან დაშავდნენ. გარდა ამისა, ხშირად გასათბობად ხმარობენ არა გამშრალ, არამედ ნედლ შეშას, რომელიც ცუდად იწვის, ბოლავს და სასწავლო თუ სამუშაო პროცესისთვის ძალიან არაკომფორტულია.

„ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ შეშის ღუმელები არ არის რეკომენდებული. საბავშვო ბაღებს მუნიციპალიტეტები აფინანსებს და მათივე პრეროგატივაა ეს სიტუაცია გამოასწორონ. ის, რომ მუნიციპალიტეტმა ვაუჩერი გამოყო და ამით საბავშვო ბაღმა შეშა იყიდა, არც ტყეს შველის და არც იმ საფრთხეს ხსნის, რომელიც ბავშვებს ემუქრებათ“.

ეს ფინანსურ დანახარჯებთან არ არის დაკავშირებული, რადგან სკოლები თუ ვერ აუდიან გათბობის ხარჯებს, მიმართავენ სამინისტროში არსებულ მუდმივმოქმედ კომისიას და დამატებითი თანხა ერიცხებათ. არც ერთი სკოლა ამ ჩარიცხვის გარეშე არ დარჩენილა. შესაბამისად, ამ მხრივ სკოლებს პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ...
ნატა ასათიანი

მისივე თქმით, განათლების სამინისტრომ უნდა იზრუნოს სკოლების მაქსიმალურ გაზიფიცირებაზე და ასევე იმაზეც, რომ უკვე გაზიფიცირებულ სკოლებში გათბობა ბუნებრივი აირით ხდებოდეს და არა შეშით.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნატა ასათიანი ამბობს, რომ იმ სკოლებში, სადაც გაზი შეყვანილია, როგორც წესი, შეშას უკვე აღარ მოიხმარენ:

„ეს ფინანსურ დანახარჯებთან არ არის დაკავშირებული, რადგან სკოლები თუ ვერ აუდიან გათბობის ხარჯებს, მიმართავენ სამინისტროში არსებულ მუდმივმოქმედ კომისიას და დამატებითი თანხა ერიცხებათ. არც ერთი სკოლა ამ ჩარიცხვის გარეშე არ დარჩენილა. შესაბამისად, ამ მხრივ სკოლებს პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ“.

მისივე თქმით, გასული ორი წლის განმავლობაში ათასზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია მოხდა. მათგან მეტი წილი სწორედ გათბობის სისტემის გამართვას გულისხმობდა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG