Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ებრძვიან შიდსს საქართველოში


შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე თბილისში
შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე თბილისში

1 დეკემბერს მსოფლიოში აღნიშნავენ შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, რომლის მიზანია ყურადღების მიპყრობა შიდსის პანდემიისაკენ, რასაც იწვევს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ-ის) გავრცელება. შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს საქართველოშიც, სადაც შეინიშნება შიდსის ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია. როგორია შიდსის ვირუსის გავრცელების სტატისტიკა საქართველოში და რა ნაბიჯებს დგამს საქართველოს მთავრობა დაავადების გავრცელების შესამცირებლად?

1 დეკემბერს, შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, თბილისში, გორში, ზუგდიდსა და ბათუმში ყველა მსურველს ჰქონდა საშუალება მისულიყო მობილურ ამბულატორიაში, გაეკეთებინა სისხლის ანალიზი და 15 წუთში შეეტყო, არის თუ არა ის აივ-ინფექციის მატარებელი. 57 წლის ილია სეხნიაშვილმა სწორედ ასეთ მობილურ ამბულატორიას მიაკითხა რუსთაველის მოედანზე:

„დღეს პირველად ჩავაბარე სისხლი, მონაწილეობა მივიღე აქციაში. ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება... სხვასაც მოვუწოდებ, რომ შეამოწმოს მაინც, დარწმუნდეს, ჯანმრთელია თუ არა. თუ დაავადება აღმოაჩნდება, დროულად იმკურნალოს ჯობია“.

ბოლო 10 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა შემთხვევების რაოდენობა და წელს, 2015 წლის 1 დეკემბრისთვის, 636 ახალი აივ-ინფექცია/შიდსის შემთხვევა გვაქვს, ხოლო ჯამური რაოდენობა უკვე 5 300-ს აჭარბებს...
ოთარ ჩოკოშვილი

დროულად მკურნალობის დაწყება და ინფორმირებულობა - სწორედ ეს იყო აქციის ერთ-ერთი მიზანი. მოძრავი ამბულატორიის კონსულტანტის ნინო გოგიაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ შიდსის დიაგნოზი არ ნიშნავს სასიკვდილო განაჩენის გამოტანას და რომ სათანადო ცოდნით შესაძლებელია დაავადების როგორც თავიდან აცილება, ასევე მართვა:

„როცა მოქალაქე მოდის, ვუტარებთ მოკლე საინფორმაციო ლექციას, ვაწვდით ყველა ძირითად ინფორმაციას დაავადების, მისი გავრცელების გზებისა და მკურნალობის შესახებ. ასევე ვეუბნებით, რომ საქართველოში ტარდება ელიმინაციის პროგრამა. შემდეგ შედის ექთანთან, რომელიც უღებს სისხლს, ხდება ტესტირება და 15 წუთში ვეუბნებით სწრაფი ტესტის პასუხს. ხალხი არის ძალიან მონდომებული, აინტერესებთ ტესტირების პასუხები. უკვე მივიღეთ 60-მდე ადამიანი“.

აქციის ორგანიზატორებმა არ დააზუსტეს, ამ სამოციდან რამდენს აღმოაჩნდა დადებითი პასუხი, თუმცა, როგორც ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი-ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი ამბობს, საქართველოში შეინიშნება დაავადების ახალი შემთხვევების გამოვლენის მზარდი ტენდენცია. 2015 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, დაფიქსირებულია 636 ახალი შემთხვევა, მაშინ როცა შარშან ეს მაჩვენებელი 513 იყო:

„ბოლო 10 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა შემთხვევების რაოდენობა და წელს, 2015 წლის 1 დეკემბრისთვის, 636 ახალი აივ-ინფექცია/შიდსის შემთხვევა გვაქვს, ხოლო ჯამური რაოდენობა უკვე 5 300-ს აჭარბებს, რაც ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რიცხვია, თუმცა ჯერ კიდევ არ არის ისეთი ფართომასშტაბიანი ეპიდემია, რომ ჩვენი ქვეყანა შევადაროთ აფრიკის ქვეყნებს ანდა რუსეთს, უკრაინას და სხვას“.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ყოველი ოთხი ინფიცირებულიდან სამი მამაკაცია. პაციენტთა უმრავლესობა 30-40 წლისაა. მკურნალობას იტარებს ნახევარზე მეტი, მათ შორის - 46 ბავშვი. ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის მონაცემებით, დაავადებულთა 47 პროცენტი ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია, 43 პროცენტი დაავადდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად, 8 პროცენტი - ჰომო და ბისექსუალური კონტაქტით, 2 პროცენტი დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით, ხოლო

0,5 პროცენტი სისხლის რეციპიენტია. ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის შიდსის პროგრამის მენეჯერის მაკა გოგიას თქმით, დაავადებულთა გამოვლენის მაჩვენებლის ზრდა შესაძლოა პირდაპირპროპორციულ კავშირში არ იყოს დაავადების გავრცელების ზრდასთან:

მაკა გოგია
მაკა გოგია

„ვფიქრობთ, რომ გამოვლენის მაჩვენებელი გაიზარდა. გაცილებთი მეტი ადამიანი იტარებს ტესტირებას აივ-ინფექციაზე, გაიზარდა საზოგადოების ცნობიერების დონე და თუკი მათ აქვთ რამე სარისკო ქცევა „ჩადენილი“ ბოლო წლების განმავლობაში, მაშინ მიმართავენ სპეციალიზებულ დაწესებულებებს ტესტირებისთვის, ამოწმებენ თავის სტატუსს. გარდა ამისა, ხდება თვითდინებითაც დაავადების გამოვლენა კლინიკურ დაწესებულებებში ქირურგიული მანიპულაციების ჩატარების წინ. თითქმის ყველა საავადმყოფოში ტარდება სკრინინგი ამ ინფექციაზე“.

გამოვლენის მაჩვენებლის გაზრდას ხელს უწყობს ის, რომ შიდსზე სპეციფიკური ტესტირება, ანუ ანალიზის გაკეთება, უფასოა, ისევე როგორც უფასოა ყველა სხვა სახის გამოკვლევა და მკურნალობა. ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ექიმ-ეპიდემიოლოგის ოთარ ჩოკოშვილის კომენტარი:

„ყველანაირი მოვლა, წამლები და ჰოსპიტალიზაცია, ყველაფერი არის უფასო სახელმწიფო პროგრამის და გლობალური ფონდის ერთობლივი დაფინანსების შედეგად. დღევანდელი მკურნალობით, მართალია, არ ხდება საბოლოოდ განკურნება, მაგრამ მუდმივი მკურნალობით, რომელიც ტაბლეტირებული მედიკამენტების მიღებასა და მუდმივ მზრუნველობას გულისხმობს, შესაძლებელია, რომ პაციენტმა პრაქტიკულად განუსაზღვრელად იცოცხლოს. ჩვენ გვყავს პაციენტები, რომლებიც 30 წელია მკურნალობენ და დღეს თავს მშვენივრად გრძნობენ. სადმე ქუჩაში რომ შეგხვდეთ, ვერც კი იფიქრებთ, რომ დაავადებულია და აქტიურ ცხოვრებას რომ არ ეწევა“.

სპეციალისტები ამგვარი უფასო სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობით ხსნიან იმას, რომ, 2011 წლიდან მოყოლებული, სტაბილურად მცირდება შიდსით გარდაცვლილთა რაოდენობა: 2011 წელს ინფექციის შედეგად 116 ადამიანი გარდაიცვალა, 2015 წელს კი - 85. სულ მსოფლიოში 35 მილიონი ინფიცირებულია, ამათგან ნახევარი აფრიკის ქვეყნებზე მოდის.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG