Accessibility links

შოკოლადის მწარმოებელი მასობრივი კომპანიები განახლებას ცდილობენ


შოკოლადის მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიები ბოლო ხანებში იძულებული ხდებიან ახლებური პროდუქტი გამოუშვან, რომელიც დააკმაყოფილებს შოკოლადის მომხმარებლის ახალ, ჯანმრთელობაზე მზრუნველ ტიპს. შესაბამისად, ბაზარზე სულ უფრო და უფრო ხშირად ჩანს ე.წ. „უმი“ შოკოლადი, ვეგანური ფილები ჯანსაღი ბურღულით, კინოათი თუ სხვა.

  • გაყიდვების შემცირების ფონზე, კომპანიები გამოსავალს ეძებენ
  • დასავლელი მომხმარებლის ნაწილი ახლა უფრო ჯანსაღ, მაღალი ხარისხის შოკოლადს მოიხმარს
  • შოკოლადის კომპანიები შთაგონებისთვის ღვინოს და ყავას მიმართავენ

მეინსტრიმული, პოპულარული და შედარებით ხელმისაწვდომი რძიანი შოკოლადის ფილების გაყიდვა სულ უფრო და უფრო იკლებს იმ ფონზე, როცა დასავლელი მომხმარებელი უფრო მეტს ფიქრობს ჭარბი წონისა თუ გულის დაავადებების პრობლემებზე და, შესაბამისად, ირჩევს ნაკლები ცხიმისა და შაქრის შემცველ ტკბილეულს ან ყიდულობს უფრო ნაკლებს, მაგრამ მეტად ძვირ, მაღალი ხარისხის შოკოლადს.

სააგენტო „როიტერსის“ ანალიზის თანახმად, გემოვნებაში ამგვარი ცვლილება გლობალურ ფირმებს - მაგალითად, „მარსს“ და „ნესტლეს“ - აიძულებს მიმართონ რებრენდინგს ან თავიანთი მასობრივი მოხმარების პროდუქციის იმიჯი უფრო ჯანსაღით ჩაანაცვლონ. ერთ-ერთი გზაა ასევე რეალურად უფრო ხარისხიანი, მაგრამ ძვირი შოკოლადის წარმოების დაწყებაც.

კომპანიები აცხადებენ, რომ შედარებით შეძლებულ მომხმარებელთა შორის ახლა მოდაშია მუქი შოკოლადი, ცილების შემცველი მცირე ფილები, უშაქრო შოკოლადი და ერთი წყაროდან მოპოვებული შოკოლადის ფილები.

თუმცა ტკბილეულის ინდუსტრიის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ახალი პროდუქტები ხშირად მხოლოდ სატყუარაა, რომელიც იმიჯის ზედაპირული შეცვლით და „ჯანმრთელი“ ბრენდინგით მომხმარებელს, ფაქტობრივად, იმავე პროდუქტს სთავაზობს, რომელიც კვლავაც დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარსა და ცხიმს.

კომპანიებს, ბუნებრივია, სურთ მათი მოგება იზრდებოდეს. კვლევითი კომპანია Euromonitor International-ის მონაცემებით, 2016-17 წლებში მსოფლიოში გაყიდული ტკბილეულის მოცულობა სულ რაღაც 0.5 პროცენტით გაიზარდა - მას შემდეგ, რაც ამ პერიოდამდე ორი წლის განმავლობაში მცირდებოდა.

ბუნებრივი, ადგილობრივად მოყვანილი ინგრედიენტები არის ის, რასაც ხალხი ეძებს და რის ძიებასაც გააგრძელებს...
სანდრა მარტინესი

„როიტერსი“ ავრცელებს ამ კვლევითი კომპანიის ანალიტიკოსის, ვიებკე შონის, სიტყვებს: ძალიან ძნელი იქნება მომხმარებელთა დარწმუნება უფრო მეტი შოკოლადი იყიდონო. „თუმცა მომხმარებელში არის მზაობა საიმისოდ, რომ ის დავარწმუნოთ იყიდოს უკეთესი შოკოლადი და ამაზე მეტი ფული დახარჯოს“, - დასძენს ანალიტიკოსი.

„ბუნებრივი, ადგილობრივად მოყვანილი ინგრედიენტები არის ის, რასაც ხალხი ეძებს და რის ძიებასაც გააგრძელებს“, - ამბობს სანდრა მარტინესი, კომპანია „ნესტლეს“ შოკოლადისა და ტკბილეულის გლობალური განყოფილების დირექტორი, და დასძენს, ამას ემატება მცირე, ოჯახური საწარმოების მოდაო.

„ნესტლე“, რომელიც ყოველწლიურად 8.8 მილიარდი დოლარის ტკბილეულს ყიდის, ახლა მცირე ზომის საწარმოებთან თანამშრომლობს საიმისოდ, რომ მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტი, KitKat-ის ფილა, გადააქციოს მაღალი ხარისხის პროდუქციად.

იაპონიის ბაზრებზე უკვე გამოჩნდა ასეთი KitKat-ი - იქ მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს 10-ზე მეტი სახეობის ეს შოკოლადი, მათ შორის იაპონური ციტრუსის, მარწყვის თუ ჩაის გემოთი. იაპონიაში KitKat-ი იყიდება როგორც მუქ, ისე რძიან და უმ, ანუ ნაკლებად დამუშავებულ, ვარიაციაში.

„ნესტლე“ ამბობს, რომ მისი ახალი სტრატეგია წარმატებული გამოდგა და მალე ასეთივე მაღაზიები აზიის სხვა ქვეყნებშიც გაიხსნება. კომპანიას თავისი ახალი პროდუქცია თანდათან ევროპის ბაზრებზეც გამოაქვს.

„ნესტლეს“ მეტოქე კომპანია, „მონდელეზი“, - მას ეკუთვნის ისეთი პოპულარული ბრენდები, როგორებიცაა Cadbury Dairy Milk, Cote d'Or, Milka and Toblerone - ასევე ცდილობს თავისი მეისტრიმული პროდუქცია უფრო მეტი მოთხოვნის მქონე მომხმარებლის გემოვნებას მოარგოს.

შავი შოკოლადის სარგებლობაზე ჯანმრთელობისთვის კვლავაც არსებობს შეკითხვები, თუმცა დამკვიდრებულმა მოსაზრებამ, რომ ის რძიან შოკოლადზე უფრო ჯანსაღი პროდუქტია, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 31 პროცენტით გაზარდა შავი შოკოლადის წარმოება. ამ მონაცემს „როიტერსი“ ბაზრის მკვლევარ კომპანია „მინტელზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG