Accessibility links

მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის, „ბიზნესის წარმოება 2018“-ის, (Doing Business - 2018) თანახმად, რომელიც მსოფლიოს 190 ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ასახავს, საქართველომ შვიდი ადგილით წაიწია წინ და მე-16 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა. ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 2018 წელს საქართველოს ქულა 2.12 პუნქტით გაუმჯობესდა (82.04 ქულამდე) და, წინა წელთან შედარებით, რეიტინგით გაუსწრო ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა შვედეთი, მაკედონია, ესტონეთი, ფინეთი, ავსტრალია, ტაივანი (ჩინეთი) და ლატვია.

„მნიშვნელოვანი წინსვლა ბიზნესგარემოსა და საინვესტიციო კლიმატისთვის“ - ასე შეაფასა ე. წ. Doing Business-ის რეიტინგში საქართველოს წინსვლა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ 1 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე. მანვე აღნიშნა, რომ ეს რეიტინგი ათი სხვადასხვა კრიტერიუმით აფასებს ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოსა და ბიზნესის წარმოების სიმარტივეს და დასკვნას აკეთებს. წელს საქართველო, მინისტრის განცხადებით, ელიტარული ქვეყნების ათეულშია - ახალი ზელანდიის, სინგაპურის, დანიის, კორეის რესპუბლიკის, ჰონგკონგის, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ნორვეგიის შემდეგ:

„ჩვენი წინსვლა ისეთ მნიშვნელოვან კრიტერიუმებში, როგორიც არის ბიზნესის დაწყება, ელექტროენერგიაზე მიერთება, გადახდის უუნარობის შემთხვევებში კომპანიების ინტერესების დაცვა და კიდევ სხვა, ეს არის კონკრეტული ნაბიჯები, რომლითაც ბიზნესს ეწყობა ხელი, რომ დაიწყონ და განახორციელონ თავიანთი საქმიანობა“.

ადვილი არის რეგისტრაცია, ანგარიშის გახსნა, ამ პროცესებთან დაკავშირებული დანახარჯი მცირეა. არ გხვდება არანაირი წინააღმდეგობა, იმის მიუხედავად, ქალი ხარ თუ კაცი და პრაქტიკულად ნულოვანი საწესდებო ფონდით შეგიძლია საქმე დაიწყო. ჩვენზე მარტივი ეს პროცესი არის იმ ქვეყნებში, სადაც შესაძლებელია ყველაფრის ელექტრონულად გაკეთება...
პაატა შეშელიძე

ანგარიშის თანახმად, საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესებულია 5 ინდიკატორის მიხედვით: ბიზნესის დაწყება - მე-4 ადგილი (2017 წელს - მე-8 ადგილი); ელექტროენერგიის ქსელზე მიერთება - 30-ე ადგილი (2017 წელს - 39-ე ადგილი); მცირე აქციონერთა უფლებების დაცვა - მე-2 ადგილი (2017 წელს - მე-7 ადგილი); კონტრაქტების აღსრულება - მე-7 ადგილი (2017 წელს - მე-16 ადგილი) და გადახდისუუნარობის საქმეების გადაწყვეტა - 57-ე ადგილი (2017 წელს - 106-ე ადგილი). წინა წელთან შედარებით, საქართველოს ქულა გაუმჯობესდა 6 ინდიკატორში, ხოლო 4 ინდიკატორში უცვლელი დარჩა. 2018 წლის ანგარიშის თანახმად, არც ერთ ინდიკატორში ქულა არ გაუარესებულა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პაპუნა უგრეხელიძის განცხადებით, მისი უწყება შეფასდა ბიზნესის დაწყების სიმარტივისა და უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების სიმარტივის მიხედვით. შედეგები ორივე შემთხვევაში პროგრესულია:

„ბიზნესის დაწყების ნაწილში ჩვენ მერვე ადგილიდან გადავინაცვლეთ მეოთხე ადგილზე. ვართ ხუთეულში ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორიც არის ახალი ზელანდია, კანადა და ჰონგკონგი. რაც შეეხება უძრავი ქონების რეგისტრაციის ნაწილს, ჩვენ უკვე რამდენიმე წელია ვართ ხუთეულში და ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია გვიჭირავს“.

გაფორმების ეკონომიკური ზონა ფოთში
გაფორმების ეკონომიკური ზონა ფოთში

"ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" პრეზიდენტი პაატა შეშელიძე უფრო კონკრეტულად განგვიმარტავს, თუ რა მონაცემებზეა საუბარი და სად აქვს ქვეყანას წინსვლა, საშუალო მონაცემი და შედარებით უარყოფითი მაჩვენებელი:

„ადვილი არის რეგისტრაცია, ანგარიშის გახსნა, ამ პროცესებთან დაკავშირებული დანახარჯი მცირეა. არ გხვდება არანაირი წინააღმდეგობა, იმის მიუხედავად, ქალი ხარ თუ კაცი და პრაქტიკულად ნულოვანი საწესდებო ფონდით შეგიძლია საქმე დაიწყო. ჩვენზე მარტივი ეს პროცესი არის იმ ქვეყნებში, სადაც შესაძლებელია ყველაფრის ელექტრონულად გაკეთება. კიდევ ერთი დადებითი მაჩვენებელი ქონების რეგისტრაციაა, რეგისტრაცის გარეშე გარიგება პრაქტიკულად აღარ ხდება და არსებული ქონების რეგისტრაციაც მაქსიმალურად სწრაფად ხდება“.

ამ ანგარიშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბიზნესის კეთება საქართველოში არის ყველაზე ხელსაყრელი და საქართველი ლიდერია რეგიონში, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრით, ლიდერია იმ გარემოს თვალსაზრისითაც...
არჩილ თალაკვაძე

მიღწევებს შორისაა კომპანიაში ნაკლები წილის მესაკუთრეების დაცულობის საკითხი, კონტრაქტების აღსრულების საკითხი. საშუალო მაჩვენებლები აქვს მშენებლობის ნებართვების გაცემის, ელექტროენერგიაზე წვდომის, გადასახადების გადახდის საკითხს. არის ორი კომპონენტი, რომელშიც საქართველოს, ამ ინდექსის თანახმად, არა აქვს დადებითი შეფასება - ეს არის ტვირთების გადაზიდვის მაღალი ფასი და, პაატა შეშელიძის აზრით, ეს ფასი უნდა გადაიხედოს და, მეორე, სამეურნეო დავების გადაწყვეტის საკითხი, კონკრეტულად კი იმ პროცესის სიძვირე, რაც ვალების გასტუმრების პროცესს მოჰყვება ხოლმე თან.

საქართველოს მთავრობაში ფიქრობენ, რომ 2018 წლის რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატება და საერთაშორისო აღიარება საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგია და ასევე ძლიერი სიგნალიცაა საერთაშორისო კორპორაციებისათვის.

„ამ ანგარიშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბიზნესის კეთება საქართველოში არის ყველაზე ხელსაყრელი და საქართველი ლიდერია რეგიონში, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრით, ლიდერია იმ გარემოს თვალსაზრისითაც, რომელიც შექმნილია კანონმდებლობის, საგადასახადო სისტემისა და მმართველობის კუთხით“, - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ხუთი წელი დასჭირდა, რომ ამ რეიტინგში ისევ ძველ ადგილს დაბრუნებოდა. რომან გოცირიძე, „ერთიანი ნაციონალუირ მოძრაობის“ წევრი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ თავისთავად რეიტინგი არაფერს ნიშნავს, თუ ის მუდმივად არ იზრდება ახალი იდეების ხარჯზე. მისი თქმით, მთავრობას ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით ბევრი რამ აქვს შესაცვლელი:

„პირველ რიგში, ეს არის გამართული საბიუჯეტო პოლიტიკა და საფინანსო სისტემის ჯანსაღ ნიადაგზე ჩამოყალიბება. ეკონომიკა გაიზრდება წელს 5 %-ით, მაგრამ ამ ზრდის ეფექტს შეჭამს ლარის გაუფასურება და ფასების ზრდა, მათ შორის, ელექტროენერგიაზეც“.

რამდენად აისახება ეს რეიტინგები ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და შეუწყობს ხელს ინვესტიციების მოზიდვას? ეკონომიკის მკვლევარი ოთარ ანგურიძე მიიჩნევს, რომ ამ მხრივ შედეგი მანამ არ იქნება, სანამ ქვეყნის საფინანსო სისტემა უფრო მდგრადი არ გახდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG