Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„უპრეცედენტო ძალისხმევა“ სირიის ქიმიური იარაღის გასანადგურებლად


სირია
სირია
„უპრეცედენტო ძალისხმევა“ და „კეთილშობილური საქმე ძალიან სამწუხარო პირობებში“ - ასე აფასებს სირიაში ბირთვული იარაღის განადგურების ამოცანას ოფიციალური პირი, რომელიც კოორდინაციას უწევს გაეროსა და „ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის“ ერთობლივ მისიას.

გაეროსა და „ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის“ ერთობლივი მისიის სპეციალურმა კოორდინატორმა ზიგრიდ კააგმა გაეროს უშიშროების საბჭოში დახურულ კარს მიღმა გამართულ სხდომაზე ისაუბრა სირთულეებზე, რომლებიც სირიიდან ქიმიური იარაღის გასატანად აუცილებელ ზომებს უკავშირდება:

„ბევრი კომპონენტი უნდა ჩამოვიდეს სხვადასხვა ქვეყნიდან, ერთად უნდა შეიკრიბოს, ბეირუთის გავლით გადაიზიდოს. რამდენიმე დღე დაგვაბრკოლა მებაჟეთა გაფიცვამ. ახლო აღმოსავლეთში თოვლი იყო. ვიცი, ნიუ-იორკში ეს იშვიათობა არ არის, მაგრამ სირიაში ან ლიბანში, ან წმინდა მიწაზე როცა თოვს, ამას მთელი ინფრასტრუქტურული სისტემის პარალიზება შეუძლია. ეს ქვეყნები მიჩვეული არ არიან ამას, ასეთ მკაცრ ამინდს. ამან დაყოვნება გამოიწვია. ასე რომ, თუ ყველა ამ ფაქტორს ერთად შეხედავ, მართლაც შთამბეჭდავი მიღწევაა, რომ ახლა უკვე თითქმის ყველაფერია ჩატანილი ქვეყანაში, განლაგებულია შესაბამის პოზიციებზე და უკვე გამოიყენება. ამიტომ გახდა შესაძლებელი პირველი გადაადგილება“. – პირველი გადაადგილება, რომელიც გაეროსა და „ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის“ ერთობლივი მისიის სპეციალურმა კოორდინატორმა ახსენა, გულისხმობს სირიიდან ქიმიური იარაღის პირველი პარტიის გატანას, რაც ორი დღის წინ, სამშაბათს მოხდა.

ქიმიური იარაღის ეს პარტია გადაზიდეს სირიისავე საპორტო ქალაქ ლატაკიაში და აიტანეს დანიის ხომალდზე, რომელმაც საერთაშორისო წყლებს მიაშურა.

სირიის ტოქსიკური არსენალი სულ 1300 ტონას შეადგენს. „ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია“ არ ამხელს, მისი რა ნაწილი, რამდენი პროცენტი გაიტანეს სირიიდან პირველი პარტიის სახით. ცნობილია ის, რომ ყველაზე სახიფათო ქიმიური მასალით სავსე ცხრა კონტეინერი დანიის სატვირთო ხომალდზე მოათავსეს.

რუსეთისა და შეერთებული შტატების შუამავლობით მიღწეული შეთანხმებით, რომელსაც მხარს უჭერს გაეროს უშიშროების საბჭო, სირიიდან 2014 წლის შუა პერიოდამდე უნდა გაიტანონ მთელი ქიმიური არსენალი. მას ზღვაში, შეერთებული შტატების ხომალდზე გაანადგურებენ.
XS
SM
MD
LG