Accessibility links

სკანდალი სკანდალის გარეშე


ნატოს შტაბბინის წინ ჩერნოგორიის სახელმწიფო დროშის აღმართვა

7 ივნისს ბრიუსელში, ნატოს შტაბბინის წინ, ჩერნოგორიის სახელმწიფო დროშა აფრიალდა ნიშნად იმისა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ეს ქვეყანა, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პატარა სახელმწიფოა, ოფიციალურად გახდა ნატოს 29-ე წევრი. ყოფილი იუგოსლავიის ამ მომცრო სახელმწიფომ შესაშურ შედეგებს მიაღწია ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ცხადია, ჩერნოგორიის ეს მიღწევა სტიმულია ყველა იმ ქვეყნისათვის, რომელიც ნატოში გაწევრიანებას ესწრაფვის, მათ შორის საქართველოსათვის, რომელსაც იმავე ბუქარესტის ნატოს სამიტზე უარი ეთქვა მეპზე, ანუ გაწევრიანების სამოქმედო პროგრამაზე. თუმცა 2008 წლის სექტემბრიდან საქართველოს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი აქვს ნატო-საქართველოს კომისიის სახით, როგორც პოლიტიკური კონსულტაციების, ისე პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმი, რომელიც ეხმარება მას მიაღწიოს ნატოში გაწევრიანების მიზანს.

მაგრამ როდის მიიღებს ნატოში გაწევრიანების მოსაწვევს საქართველო, ცნობილი არ არის და ეს არც არის ჩვენი ამჟამინდელი საუბრის თემა. შევეხები სხვა საკითხს. იმ დროს, როდესაც ჩერნოგორია ნატოში გაწევრიანების ოფიციალური ცერემონიისთვის ემზადებოდა, საქართველოში სკანდალის თემად იქცა ქართული ქვედანაყოფის სავარაუდო შემცირება ავღანეთში, სადაც ნატოს მრავალეროვნულ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩვენი 870 ჯარისკაცი იმყოფება. სტატისტიკის მოყვარულებისათვის გავიმეორებ, რომ იმავე ჩერნოგორიას ავღანეთში ჰყავს 18 ჯარისკაცი, საქართველოს მეგობარ უკრაინას, რომელიც ასევე ესწრაფვის ნატოში გაწევრიანებას - 10. ანუ, დიდი ანგარიშით, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა არის ერთ-ერთი, მაგრამ არა უმთავრესი პირობა ალიანსში გასაწევრიანებლად. ეს საქართველოში, ცხადია, იციან, მაგრამ ავღანეთში მყოფი ქართული ქვედანაყოფის სავარაუდო შემცირების საკითხი პოლიტიკური სკანდალის თემად იქცა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ლამის მთელი ადმინისტრაციული ძალების მობილიზება დასჭირდა იმისათვის, რომ ეჭვები გაეფანტა.

„ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დღის წესრიგში ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართული კონტინგენტის რაოდენობის შემცირება დგას, სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოებაში კონტრიბუციას იმ ფორმითა და ძალების რაოდენობით განაგრძობს, როგორც ის ავღანეთში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა თუ მალიში ამ ეტაპზეა წარმოდგენილი“, - ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში, თუმცა იქვე, ტექსტში, წერია, რომ საქართველო მომავალში, პარტნიორებთან კონსულტაციების შემდეგ, არ გამორიცხავს ავღანეთში ამჟამად მყოფი ქვედანაყოფის კორექტირებას. „ამ დროისათვის ამერიკელ, ნატოელ და სხვა დანარჩენ პარტნიორებთან ერთად ინტენსიური დისკუსიები მიმდინარეობს, რათა სამომავლოდ, 2019 წლისთვის, პროპორციულად, მაქსიმალური რაციონალურობითა და ეფექტურად გადავანიწილოთ შეიარაღებული ძალების შემადგენლობა, როგორც შიდა გამოწვევების, ისე საერთაშორისო საჭიროებების გათვალისწინებით“, - ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში, რაც სიტყვასიტყვით გაიმეორა 3 ივნისს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მაგრამ როდესაც ცნობილი გახდა, რომ საქართველომ შესაძლოა 2019 წლიდან შეამციროს სამხედრო ქვედანაყოფი ავღანეთში, კერძოდ, მაზარი-შარიფში, სადაც გერმანული სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში ქართული ბატალიონი იმყოფება, პირადად მე გამიჩნდა შეკითხვა: რა დაშავდება იმით, რომ საქართველომ გაანახევროს სამხედრო ქვედანაყოფი ავღანეთის "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში? დღეს არსებული 870 ჯარისკაცის ნაცვლად დატოვოს, ვთქვათ, 400? ამ შემთხვევაშიც კი საქართველო იქნება მეექვსე ადგილზე ქვედანაყოფის სიდიდით, ანუ ნატოს არაწევრი პატარა ქვეყანა, რომელსაც უამრავი გამოწვევები აქვს, სწორედ მცოცავი ანექსიისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში -რუსეთის სამხედრო ზრდის გამო, ავღანეთში 20-ჯერ უფრო დიდი ჯარით იქნება წარმოდგენილი, ვიდრე ჩერნოგორია, უკრაინა და ლამის ერთად აღებული ბალტიისპირეთის ქვეყნები.

ფეისბუკის ჩემს გვერდზე პოსტის სახით გამოქვეყნებულ ამ შეკითხვას რამდენიმე ცნობილი სამხედრო ანალიტიკოსის, წარსულში სამხედრო მაღალჩინოსნების, ასეთი გამოხმაურება მოჰყვა.

„ბრავო კობა ! ამ პოსტის გაზიარებას ვაჟკაცობა სჭირდება! (რა არის ამაში განსაკუთრებული, არ ვიცი - ავტ.) თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 20 % მიდის სამშვიდობო ოპერაციებზე და ეს თანხა ბევრად აღემატება 100 მილიონ ლარს! და რომ შევინახოთ სამხედრო საზღვაო ძალები, წელიწადში საჭიროა 30 მილიონი ლარი“, - მომწერა გენერალ-ლეიტენანტმა გურამ ნიკოლაიშვილმა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „გენერალთა კლუბის“ წევრმა.

ამ მოსაზრებას იზიარებს გენერალი ამირან სალუქვაძეც, სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი, რომელიც ასევე მიიჩნევს, რომ ავღანეთში საქართველოს ყოფნა ასეთი სიდიდის სამხედრო ქვედანაყოფით არის გაუმართლებელი როგორც ფინანსურად, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით. „ბევრჯერ გვითქვამს: საკმაოდ დიდი კონტინგენტია მოწყვეტილი საბრძოლო მომზადებას, რაც ავტომატურად იწვევს აქ დარჩენილი კონტინგენტის მოცდენას“, - დაწერა ჩემი ფეისბუკის გვერდზე ამირან სალუქვაძემ, თადარიგის გენერალ-მაიორმა, ავღანეთში ნატოს სარდლობით მოქმედ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მყოფი სიდიდით მესამე ქართული ქვედანაყოფის სავარაუდო შემცირების საკითხზე 2019 წლიდან, რაც ზოგიერთმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა მოღვაწემ ლამის ისე წარმოადგინა, როგორც მოკავშირეთა ღალატი და ნატოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებზე უარის თქმა.

თუმცა, საკითხს თუ ემოციებისა და პოლიტიკური მიკერძოების გარეშე შევხედავთ, საქართველო ამ ქვედანაყოფის განახევრებით საბიუჯეტო თანხებს სერიოზულად დაზოგავს, უფრო მეტ ადამიანურ და ტექნიკურ რესურსს მოახმარს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარებას და, ცხადია, არც მოკავშირეების წინაშე დარჩება პირშავად.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG