Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გზა და გაზი – სოფელ წარბასთუმნის პრობლემა


ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ წარბასთუმნის მოსახლეობა ცენტრალურ ხელისუფლებას განცხადებით მიმართავს. ადგილობრივები სოფელში არსებული გზის მოწესრიგებას ითხოვენ. მათი თქმით, პრობლემა მას შემდეგ გაჩნდა, რაც გაზის კომპანიამ სოფელში ბუნებრივი აირის შეყვანა დაიწყო. მოსახლეობა ირწმუნება, რომ შპს „ინტერგაზს“ სამუშაოების ჩატარება გზების გადათხრის გარეშეც შეეძლო.

გადათხრილი გზები და სოფლის შესასვლელთან დატოვებული ავტომობილები, რომლებიც მეპატრონეებს საკუთარ ეზოებამდე ვერ მიჰყავთ – წარბასთუმანში მოსახლეობა სოფელში მისასვლელი გზის მოწესრიგებას ითხოვს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ პრობლემა მას შემდეგ შეექმნათ, რაც წარბასთუმანში ბუნებრივი აირის შეყვანა დაიწყეს. მათი თქმით, მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს სთხოვეს, რომ მილები მიწის ზევით გაეყვანათ ისე, რომ გზა არ დაზიანებულიყო, თუმცა მათ მოსახლეობის მოთხოვნა არ გაითვალისწინეს. გარდა ამისა, არც საავტომობილო გზის მოწესრიგებაზე იზრუნეს. ადგილობრივების მტკიცებით, კომპანიის ხელმძღვანელი მოსახლეობას გაჩუმებას ურჩევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ემუქრება, რომ ბუნებრივ აირს არ ჩაურთავს.

შპს „ინტერგაზმა“ წარბასთუმანში ბუნებრივი აირის შეყვანა ორი თვის წინ დაიწყო. მოსახლეობა ირწმუნება, რომ სამუშაოების დაწყებამდე სოფელში მისასვლელი გზა შედარებით მოწესრიგებული იყო. ამბობენ, რომ საკუთარი ხარჯებით შეკეთებულ გზაზე დღეს გადაადგილება შეუძლებელია. ამის გამო ადგილობრივებს მოსავალი დაუბინავებელი დარჩათ. წარბასთუმნის მოსახლეობამ, რომელიც 20-მდე ოჯახს შეადგენს, ხელმოწერები შეაგროვა და განცხადებით პრემიერსა და ენერგეტიკის მინისტრს უახლოეს დღეებში მიმართავს.

სოფელ წარბასთუმანში სამშენებლო სამუშაოებს შპს „ინტერგაზი“ 1 ოქტომბრის შემდეგ აწარმოებს. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კომპანია გაზიფიცირებას, წარბასთუმნის გარდა, უდეში, არალსა და ვალეში ახდენს. „ინტერგაზი“ სამუშაოებს 2015 წლის ივლისის თვეში დაასრულებს. კომპანიის დირექტორი ირწმუნება, რომ სოფელ წარბასთუმანში მიწისქვეშა გაზსადენის მშენებლობა, მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საპროექტო სამსახურებმა გადაწყვიტეს. შესაბამისად, მილები მიწაში გაიყვანეს, რამაც სავალი გზის დაზიანება გამოიწვია. რაც შეეხება კომპანიის დირექტორის მიერ მოსახლეობის მამართ გამოთქმულ მუქარას, ვასილ აბულაძე ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

„მუნიციპალიტეტს გაზი არასოდეს ჰქონია და ეს პროცესი მოსათმენია“, – მიაჩნია ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელს. ზაქარია ენდელაძე ირწმუნება, რომ სოფელ წარბასთუმანში გზა აუცილებლად გაკეთდება, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც კომპანია ბუნებრივი აირის შეყვანას დაასრულებს. მისივე თქმით, პირველ ეტაპზე გზის სავალ ნაწილს მოასწორებენ, გამოამინდების შემდეგ კი მოიხრეშება.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და გაზის კომპანიის დირექტორის დაპირების მიუხედავად, სოფლის მოსახლეობა გზის შეკეთების მოთხოვნით ამჯერად ქვეყნის პირველ პირებს მიმართავს. იმ შემთხვევაში, თუ მათ განცხადებას ცენტრალური ხელისუფლებიდან რეაგირება არ მოჰყვება, წარბასთუმნელები უკიდურესი ზომების მიღებით იმუქრებიან.

XS
SM
MD
LG