Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენაკელი მოზარდების სპექტაკლი აფხაზურად


სენაკელი მოზარდების სპექტაკლი აფხაზურად
სენაკელი მოზარდების სპექტაკლი აფხაზურად

სენაკში მოქმედ აფხაზეთის საჯარო სკოლაში, რომელიც აგვისტოს ომში დაღუპული სოხუმელი კაპრალის, თემურ ბოკუჩავას, სახელს ატარებს, უკვე მესამე წელია აფხაზური ენა არჩევით საგნად ისწავლება. წელს კი მაღალი კლასის მოსწავლეებმა „აფხაზეთობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით აკაკი წერეთლის „გამზრდელი“ აფხაზურ ენაზე დადგეს. საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის დახმარებით მოზარდები წარმოდგენას ერთი თვის განმავლობაში ამზადებდნენ.

გადმოწერა

„სპექტაკლში მე მხოლოდ იმიტომ ჩავერთე, რომ დედა მყავს სოხუმიდან. მესმის, თუ რა ძნელია მისი დაკარგვა და იქიდან წამოსვლა. ჩემთვის იგივე ტკივილი გახდა აფხაზეთი, რადგან საქართველომ დაკარგა ულამაზესი კუთხე, რომლისთვისაც დღემდე ვიბრძვით. იმედი მაქვს, ამ სპექტაკლით - თითოეული თუნდაც ლექსით აფხაზურად - შეტყობინება მივა აფხაზეთამდე და ჩვენ ისინი გამოგვეხმაურებიან“, - ამბობს ნაზიბროლას როლის შემსრულებელი მონიკა გაბლიანი.

სპექტაკლის მონაწილეები და სკოლის დირექტორი (მარჯვნიდან მესამე)
სპექტაკლის მონაწილეები და სკოლის დირექტორი (მარჯვნიდან მესამე)

ენის მასწავლებელი ეთნიკურად აფხაზია. ოკუპირებულ რეგიონში ხშირად უწევს ჩასვლა და ამიტომ ვინაობის დასახელება არ სურს. პედაგოგის თქმით, ენის სწავლების პროცესში ძირითადად პროგრამულ მასალებს იყენებენ, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განათლების სამინისტრომ სკოლას გადასცა. მასწავლებელი ამბობს, რომ ჯერჯერობით ენის საფუძვლიანად არცოდნის გამო მოსწავლეებს სპექტაკლზე მუშაობა გაუჭირდათ, თუმცა სიძნელეები დაძლიეს:

„ჩვენ სპექტაკლი აფხაზი პოეტის, დიმიტრი გულიას თარგმანის მიხედვით დავდგით. ეს სპექტაკლი იმიტომ შევარჩიეთ, რომ იქ აღწერილია როგორც ქართული, ასევე აფხაზური ტრადიციები, იმიტომ რომ რაც ადრე იყო მეგობრობა, სიყვარული, ისევ აღდგეს“.

მეათე და მეთერთმეტე კლასის 45 მოსწავლე, ამ ენის სირთულის მიუხედავად, მის საფუძვლებს, ელემენტარულ საკომუნიკაციო ლექსიკას და წერას ეუფლება.

როგორც სკოლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სურვილი აფხაზური ენის არჩევით საგნად შემოღებისა ბევრად ადრე გაჩნდა - ჯერ კიდევ მაშინ, როცა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭერით ბათუმსა და ქობულეთში ახალგაზრდები აფხაზეთიდან გადმოსულ თანატოლებს ხვდებოდნენ, მათ შორის, ეთნიკურად აფხაზებს. მოგვიანებით კი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილ მთავრობასთან შეთანხმებით, ბავშვებმა ენის შესწავლაც დაიწყეს.

ნარგიზა ნარსია
ნარგიზა ნარსია

„24 წელი რამდენიმე თვეში მიიწურება, მაგრამ 24 წუთითაც არ მშორდება ფიქრი აფხაზეთზე. მაქვს იმედი ჩვენი დაბრუნების დიპლომატიური გზით, ადამიანებთან საუბრის გზით, ომით - არა“, - განაცხადა სკოლის დირექტორის მოადგილე ნარგიზა ნარსიამ.

მას იმედი აქვს, რომ სწორედ ახალგაზრდობა იქნება ის ძალა, რომელიც შეძლებს კონფლიქტის დარეგულირების პროცესში პოზიტიური იმპულსები შეიტანოს.

XS
SM
MD
LG