Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფლის სტატუსისა და წყლის გარეშე დარჩენილი ახალშენელები


ახალციხის მუნიციპალიტეტში ახალშენის მოსახლეობა სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების მოწესრიგებას მოითხოვს. მარაგის სიმცირესთან ერთად, ადგილობრივები წყლის ხარისხზეც წუხან. მოსახლეობის მტკიცებით, სასმელად უვარგისი წყლის გამო მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. გარდა ამისა, ახალშენის მცხოვრებნი სარწყავი წყლის პრობლემასაც უჩივიან.

დამუშავებული და დათესილი ჰექტრობით მიწის ნაკვეთები ძლიერი სიცხისა და უწყლობის გამო ზიანდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ ძირითად შემოსავალს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიდან მიღებული მოსავლის რეალიზაცია წარმოადგენს, სარწყავი წყლის უქონლობის გამო კი გასაყიდი აღარაფერი რჩებათ. მოსახლეობა მდგომარეობას გაუსაძლისს უწოდებს და ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მუშაობს ახალშენში მცხოვრებთა პრობლემის გადასაწყვეტად. გამგებლის მოადგილის თქმით, სასმელი წყლის მარაგის გასაზრდელად და სხვა არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ბიუჯეტიდან 136 000 ლარია გამოყოფილი. გამგებლის მოადგილის გურამ მელიქიძის თქმით, ტენდერი დასრულდა და გამარჯვებული კომპანია სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახლო მომავალში დაიწყებს. რაც შეეხება სარწყავ წყალს, გამგებლის მოადგილე განმარტავს, რომ აღნიშნულ თანხაში მისი მოწესრიგება არ შედის.

ახალშენს სოფლის სტატუსი არ აქვს. იგი ანდრიაწმინდის ტერიტორიულ ერთეულს მიეკუთვნება. დასახლებაში მცხოვრები ოცამდე ოჯახი ფიქრობს, რომ სოფლის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში მათი პრობლემების მოგვარება გამარტივდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG