Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სადისტური ინტერესი - როგორ აწამებდნენ ტყვეობაში სტივენ ჰაბარდს

სტივენ ჰაბარდი მოსკოვის საქალაქო სასამართლოში. 2024 წლის 7 ოქტომბერი
სტივენ ჰაბარდი მოსკოვის საქალაქო სასამართლოში. 2024 წლის 7 ოქტომბერი

2026 წლის 21 ოქტომბერს ვლადიმირ პუტინმა გაათავისუფლა რუსეთში პატიმრობაში მყოფი 74 წლის ამერიკელი სტივენ ჰაბარდი.

რუსმა სამხედროებმა ის 2022 წლის აპრილში, უკრაინის ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში შეიპყრეს - მას შემდეგ, რაც ეს რაიონი რუსეთმა დაიკავა.

საგამოძიებო მასალებში აღნიშნული იყო, რომ ჰაბარდი
თითქოს უკრაინის ტერიტორიული დაცვის მებრძოლი გახლდათ. ამის გამო მას რუსეთში, დაქირავებული მებრძოლობის მუხლით, საერთო რეჟიმის კოლონიაში 6 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ჰაბარდი ჰყვებოდა, რომ უკრაინაში მეუღლესთან, ინასთან ერთად 2014 წელს ჩავიდა და იქვე ინგლისურ ენას ასწავლიდა. მისი ახლობლები ამტკიცებენ, რომ აღიარებითი ჩვენება მან ზეწოლის შედეგად მისცა.

ასაკოვანი ამერიკელის გათავისუფლების შესახებ ცნობები მოსკოვში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის ვიზიტის დროს გავრცელდა. ამერიკელის გათავისუფლების გამო უიტკოფმა ვლადიმირ პუტინს „დიდი ჰუმანისტი“ უწოდა.

ამასთან, უკრაინელი ყოფილი სამხედრო ტყვეების თქმით, რომლებიც ჰაბარდთან ერთად იმყოფებოდნენ რუსულ ციხეებსა და კოლონიებში, ამერიკელს პატიმრობაში სასტიკად ეპყრობოდნენ, სცემდნენ და აწამებდნენ. სასამართლოს კადრებში აშკარად ჩანს, რომ მამაკაცი ცუდად გამოიყურება და ფეხზე ძლივს დგას.

ჰაბარდის ერთ-ერთი ყოფილმა თანასაკნელმა, უკრაინელმა სამხედრომ იგორ ჩიჩკომ, რომელიც 2024 წლის მაისში გაცვლის შედეგად გათავისუფლდა, ადრე „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ უამბო, რომ ამერიკელს სისტემატურად სცემდნენ, მათ შორის ჯოხებითა და ხელკეტებით. გარდა ამისა, კოლონიის რუსი გუშაგები ჰაბარდს ძაღლებს უსევდნენ, შიმშილით ტანჯავდნენ და დერეფანში იატაკზე ფორთხვას აიძულებდნენ.

ჰაბარდისადმი მსგავსი დამამცირებელი მოპყრობის შესახებ რადიო თავისუფლების ტელეპროექტ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ უამბო უკრაინელმა ჟურნალისტმა დმიტრო ხილიუკმაც - კიდევ ერთმა ყოფილმა სამხედრო ტყვემ, რომელიც 2025 წელს გაცვლის შედეგად გათავისუფლდა.

მისი თქმით, კოლონიაში მოხვედრისას სტივენი რუსულ ენას პრაქტიკულად არ ფლობდა, რის გამოც გუშაგები აიძულებდნენ, ზეპირად ესწავლა და ემღერა რუსეთის ჰიმნი, ასევე დაეზეპირებინა პატიმართა ქცევის წესები რუსულ ენაზე. თუ ამერიკელი ამ წესებს არასწორად წარმოთქვამდა ან ჰიმნს არასწორად მღეროდა, არა მხოლოდ მას, არამედ მის თანასაკნელებსაც სჯიდნენ.

ხილიუკი რუსმა სამხედროებმა კიევის ოლქში, ომის დასაწყისშივე 2022 წლის 3 მარტს დააკავეს. მარტში ის, სხვა უკრაინელ ტყვეებთან ერთად, უკრაინის საზღვართან ახლოს, ბრიანსკის ოლქის ქალაქ ნოვოზიბკოვის კოლონიაში გადაიყვანეს, სადაც მან დაახლოებით ორი წელი დაყო.

„იქ ყველაზე ცუდი პირობები იყო: ცუდად გვაჭმევდნენ, ვშიმშილობდით, ძალიან ციოდა, გათბობა ცუდად მუშაობდა. კოლონია, სადაც გვამყოფებდნენ, სამხედრო ტყვეების მისაღებად მომზადებული არ გახლდათ: მიმდინარეობდა რემონტი, არ იყო ფანჯრები, კომუნიკაციები არ მუშაობდა... სტივის შესახებ თავდაპირველად დაუსწრებლად შევიტყვე, დაახლოებით 2022 წელს. შევამჩნიე, რომ დერეფნებში ბევრი ახალი ტყვე გამოჩნდა: მოჰყავდათ, ე.წ. “მიღებისას” სცემდნენ, ამცირებდნენ და აბუჩად იგდებდნენ. სწორედ მაშინ გავიგე, რომ მათ შორის უცხოელიც იყო“, - ჰყვება ხილიუკი. ის ჰაბარდის უშუალო საკნის მეზობელი არ ყოფილა, თუმცა მის შესახებ სხვა უკრაინელი ტყვეებისგან სმენოდა.

„არ მინდა ვამტკიცო, რომ მას სხვებზე მეტად სცემდნენ. შესაძლოა, ფიზიკური ძალადობა მის მიმართ შედარებით ნაკლები იყო, რადგან უკვე ასაკოვანი ადამიანია. თუმცა მორალურ ზეწოლას მასზე მუდმივად იყო“, - ამბობს ყოფილი ტყვე.

„შემოწმებების დროს ყველას დერეფანში გამოგვიყვანდნენ ხოლმე და კარებთან მდგომებს გვესმოდა, რა ხდებოდა. ჰაბარდი არც რუსულად ლაპარაკობდა და არც უკრაინულად. ეს კი გუშაგებში არაჯანსაღ ინტერესს აღვიძებდა. მასთან ისე დადიოდნენ, როგორც ზოოპარკში რაღაც უჩვეულო ცხოველის სანახავად", - იხსენებს ხილიუკი. - "მასთან შეიძლებოდა შესულიყვნენ არა მხოლოდ საღამოს ან დილით ადრე, არამედ შუადღისასაც. ჩხრეკდნენ მის საკანს, ყვიროდნენ, რომ იქ ამერიკელი იმყოფებოდა, ემუქრებოდნენ. მის მიმართ რაღაც ავადმყოფური, სადისტური ინტერესი ჰქონდათ“.

„შემოწმებებისას სტივენს აბუჩად იგდებდნენ: ეუბნებოდნენ რაღაც ამდაგვარს: “აბა, პინდოს (შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელი მიმართვა ამერიკელისადმი რუსულ ენაზე რ.თ.), გეყო ომი?” ახლა ჩვენ გიჩვენებთ სეირს'“, - მოჰყავს ხილიუკს რუსი გუშაგების მუქარის სიტყვები.

„მას, ისევე როგორც ყველა ჩვენგანს, აიძულებდნენ ესწავლა რუსეთის ჰიმნი და დოკუმენტი "პატიმართა ქცევის წესები და მათი მოვალეობების ჩამონათვალი", რომლებიც რუსული კანონმდებლობის საფუძველზე იყო შედგენილი. სტივი რუსული პრაქტიკულად არ იცოდა, ამიტომ ამ ყველაფრის სწავლის დაძალება გუშაგებისთვის მისი დამცირების დამატებითი საბაბი იყო, ჰყვება უკრაინელი. შემოწმებების დროს გუშაგები გვაიძულებდნენ ზეპირად წარმოგვეთქვა შესაბამისი დებულებები თუ პუნქტები და ემუქრებოდნენ, რომ თუ ამერიკელი ამა თუ იმ წესს ვერ დაისწავლიდა, ყველა დაისჯებოდა. ამას მოსდევდა შეურაცხყოფა და დედის გინება“.

„სტივენს უბრალოდ არ შეეძლო ეს ყველაფერი უცხო ენაზე ესწავლა. სხვა ბიჭები ქომაგობდნენ და უხსნიდნენ, რომ ამერიკელისთვის რუსულად წესების დამახსოვრება ძნელი იყო... მეცოდებოდა. ის არასწორ დროსა და არასწორ ადგილას აღმოჩნდა სრულიად უცხო ქვეყანაში, მისთვის უჩვეულო გარემოში, - აღნიშნავს ყოფილი ტყვე. - "რუსი ზედამხედველების მხრიდან მის მიმართ ავადმყოფური ინტერესი შეინიშნებოდა, თითქოს ამაყობდნენ კიდეც იმით, რომ ამერიკელი შეიპყრეს. მიდიოდნენ მასთან, აკვირდებოდნენ. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ რუსული პროვინციის ამ მცხოვრებლებს უცხოელი მანამდე არასდროს ენახათ და ახლა მას, როგორც რაღაც ეგზოტიკურს, ისე უყურებდნენ“.

ხილიუკი გამოყოფს ცალკე თემად და „სირცხვილად“ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჰაბარდის გათავისუფლებასთან დაკავშირებით პუტინს „ჰუმანისტი“ უწოდა - სწორედ იმის გათვალისწინებით, რისი გადატანაც ამერიკელს რუსულ ციხეებში მოუწია.

„მართალი გითხრათ, ამერიკელების გამო მრცხვენია. თქვენი თანამემამულე - ხანდაზმული ადამიანია, ფაქტობრივად პენსიონერი. მთელი ცხოვრება ინგლისურს ასწავლიდა, სამხედრო არასდროს ყოფილა. ის უბრალოდ გაიტაცეს, ტყვეობაში ოთხ წელზე მეტხანს აწამებდნენ და ტანჯავდნენ. შემდეგ კი ეს ყველაფერი ისე საღდება, თითქოს რაღაც კეთილშობილება გამოვლინდა: ვითომ, წაიყვანეთ, ვათავისუფლებთო. და ამ მომენტში უიტკოფი პირდაპირ ფეხებში უვარდება (პუტინს) და მადლობას უხდის. სირცხვილია ეს ამერიკისთვის. დიადი ქვეყანა რუსი დიქტატორის დაკრულზე ცეკვავს,” - აფასებს ხილიუკი ტრამპის წარმომადგენლის მოქმედებას.


კატეგორიები
​
XS
SM
MD
LG