Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადიგენში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან


გორგოძეების სახლს სტიქიის შედეგებისგან ასუფთავებენ. შენობაში ნიაღვარი 21 ივნისს შევარდა და საცხოვრებელთან ერთად ეზო და ნათესები დატბორა. დაიხოცა შინაური ფრინველი. კარტოფილის, ლობიოსა და სიმინდის ნათესები მოვარდნილმა ნიაღვარმა წალეკა. მარცვლოვანი კულტურების ადგილზე ახლა მხოლოდ ქვა და სილა ყრია. გორგოძეები, თანასოფლელების მსგავსად, მოსავლის გარეშე დარჩნენ.

გადმოწერა

ივნისში უკვე მეორედ მოვარდნილ ნიაღვარს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხანში კიდევ რამდენიმე ოჯახი ებრძოდა. სახლებიდან წყლის ამოსატუმბად ადიგენის, აბასთუმნისა და ახალციხის სახანძრო-სამაშველო ბრიგადების მობილიზება გახდა საჭირო. ადგილობრივი მცხოვრებნი დახმარებას ითხოვენ.

ძლიერი წვიმის გამო სოფელ ვარხანში ღელე ადიდდა, წყალი ნაპირებიდან გადმოვიდა და სოფელი დატბორა. მოსახლეობას შველა სჭირდება, ადგილობრივი ხელისუფლება კი ჯერ ათი ივნისის სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლის. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე ამბობს, რომ მოსახლეობის დახმარებას ადგილობრივი ბიუჯეტი ვერ შეძლებს.

სტიქიამ სოფელი ვარხანი 10 ივნისსაც დატბორა. ნიაღვარმა ცენტრალურ გზაზე ნაშალი მიწა და ქვა-ღორღი ჩამოიტანა. ადგილობრივები მეორე წელია სტიქიას ებრძვიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG