Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქია და აგრარული სექტორი საქართველოში


ციტრუსის მოსავლის დაბინავება, რაც მჭიდროდ უკავშირდება სტიქიის ბოლოდროინდელ შემოტევას, საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის ერთ-ერთი უმთავრესი საფიქრალია. რას ჰპირდება სახელმწიფო ფერმერებს და ზოგადად როგორ ფასდება ახალი ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები სოფლის მეურნეობის სექტორში?

აჭარისა და გურიის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც იმედებს ციტრუსის ბარაქიან მოსავალზე ამყარებდა, გარკვეულწილად, გაწბილებულია. ჯერ ერთი, მოსავლის საკმაოდ დიდ ნაწილს ყინვამ და თოვლმა დაუკრეფავს მოუსწრო და გააფუჭა და, მეორე, სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირების მიუხედავად, ადგილობრივ მოსახლეობას მაინც არ აკმაყოფილებს ფასები, რაც, მანდარინის შემთხვევაში, საშუალოდ 40 თეთრს შეადგენს. არავის საყვედურობს, მაგრამ როგორც ქობულეთელი მერაბ ოქროპირიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, დაქირავებული დამხმარე ძალის ხარჯის გათვალისწინებით, მნიშვნელოვან შემოსავალზე ლაპარაკი, უბრალოდ, შეუძლებელია:

”სასწაული მოსავალი იყო წელს. როცა კაცი 10 ტონას კრეფდა, წელს 20 ტონა მოკრიფა. ამის რეალიზაცია მთლიანად რომ ვერ მოხდებოდა, ეს ვიცოდი მე, მაგრამ ფასი დაბალია - 10 ტონა 4 ათასი ლარი. ამ ათი ტონის შემოსავლიდან 2 ათას ლარს იხდის მოკრეფაში და შემოტანაში, რადგანაც ოჯახი თვითონ ვერ ახერხებს ამას. მაგრამ ეს ყველა თუ გავა, რაცაა ხალხში, მაგაშია საქმე”.

პარასკევს შემოვიდა პირველი ბორანი, რომელზეც დაიტვირთა დაახლოებით 2 ათასი ტონა. გუშინწინ მე თვითონ დავესწარი მეორე ბორანის შემოსვლას, რომელზეც დაახლოებით იგივე რაოდენობა დაიტვირთა და ის გავიდა...
შალვა ფიფია
ციტრუსის ჩაბარების პროცესი გრძელდება, კვლავ გაგრძელდება და ამ მიზნით 36 პავილიონი მუშაობს, - განაცხადა 16 დეკემბერს სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ. თუმცა უამინდობით გამოწვეულმა ძლიერმა შტორმმა, მისი თქმით, ციტრუსის ექსპორტირების პროცესი შეაფერხა, რადგანაც წყლის ტრანსპორტმა ნაპირამდე ხუთი დღის განმავლობაში ვერ მიაღწია:

”პარასკევს შემოვიდა პირველი ბორანი, რომელზეც დაიტვირთა დაახლოებით 2 ათასი ტონა. გუშინწინ მე თვითონ დავესწარი მეორე ბორანის შემოსვლას, რომელზეც დაახლოებით იგივე რაოდენობა დაიტვირთა და ის გავიდა. დღეის მდგომარეობით, არის დაახლოებით 23 ათასი ტონა ექსპორტირებული, რაც თითქმის 2-ჯერ მეტია, რაც იყო შარშან ამ დროს. წელს მოხდა უპრეცედენტო გადაწყვეტილების მიღება და 13 მილიონ 800 ათასი ლარით მოხდება სუბსიდირება როგორც სტანდარტული, ასევე არასტანდარტული ციტრუსის”.

ამასთან, სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 710 ათასზე მეტმა ოჯახმა ისარგებლა და მიიღო პირდაპირი დახმარება, ხოლო შეღავათიანი აგროსესხის პროგრამის ფარგლებში, 8 ათასზე მეტმა ადამიანმა შეძლო 221 მილიონი ლარის პორტფელი მიეღო. შალვა ფიფია ასევე დიდ წარმატებად მიიჩნევს იმას, რომ დღეისათვის ”გასამმაგებულია იმ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების რაოდენობა, რომელსაც მიეწოდება სარწყავი წყალი”.

ციტრუსის რთვლის შედეგების შეფასება ჯერ ნაადრევია, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ირაკლი ლექვინაძე, რომელიც საქართველოს აგრარული სექტორის უმთავრეს წარმატებად ყურძნის რთველს ასახელებს:

”აქ რამდენიმე ფაქტორმა ითამაშა მნიშვნელოვანი როლი: საკმაოდ კარგი სქემა იქნა შეთავაზებული ფერმერებისთვის იაფი აგროსესხის პროგრამის ფარგლებში; რუსული ბაზრის გახსნამ გაზარდა მოთხოვნა ყურძენზე; მოსავალიც საკმაოდ მაღალი იყო და დაახლოებით 100-მილიონიანი მოცულობის შემოსავალი შევიდა კახეთში”.

აუთვისებელი მიწებია ძალიან ბევრი რეგიონებში. არის ფინანსების დეფიციტიც - ინვესტიციების დეფიციტი. ინფრასტრუქტურაა არასაკმარისი და განათლების ხარისხია არასაკმარისი - ეს არის თავი და თავი...
ირაკლი ლექვინაძე
შეღავათიანი აგროსესხების პროგრამას, რომლითაც, მართალია, დამწყებმა ფერმერებმა ვერ ისარგებლეს, ირაკლი ლექვინაძე მაინც წარმატებულად მიიჩნევს, რადგანაც ამ პროგრამამ გააიაფა სესხი გარკვეული გამოცდილების მქონე კომპანიებისთვის. რაც შეეხება აგრარულ სფეროში გადადგმულ სხვა ნაბიჯებს, ირაკლი ლექვინაძე მნიშვნელოვან ეკონომიკურ ეფექტს არ ელოდება, მაგალითად, უფასო ხვნა-თესვის პროგრამიდან, რომელზეც, მისი თქმით, 700 მილიონი ლარი დაიხარჯა. თუმცა ექსპერტი იმასაც აღნიშნავს, რომ ეს პროგრამა მნიშვნელოვანი იყო სოფლად მცხოვრები მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის.

საერთო სურათის შეფასებისას, ირაკლი ლექვინაძე დიდ პრობლემად მიიჩნევს იმას, რომ საქართველოში წარმოებული აგრარული პროდუქცია შიდა მოთხოვნის მხოლოდ 8-12%-ს აკმაყოფილებს. ექსპერტი ჩვენთან საუბრისას ასეთი არასახარბიელო მაჩვენებლის მიზეზებსაც ჩამოთვლის:

”აუთვისებელი მიწებია ძალიან ბევრი რეგიონებში. არის ფინანსების დეფიციტიც - ინვესტიციების დეფიციტი. ინფრასტრუქტურაა არასაკმარისი და განათლების ხარისხია არასაკმარისი - ეს არის თავი და თავი“...

სხვა არაერთი ექსპერტის მსგავსად, ირაკლი ლექვინაძეც მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ყველაზე მეტი ინვესტიცია სოფლის მეურნეობის სფეროს სწორედ განათლების სეგმენტში უნდა ჩადოს, რადგანაც შესაბამისი ცოდნით აღჭურვილ ფერმერს, კარგი პროდუქციის შექმნის გარდა, შეუძლია პროდუქციის შეფუთვა და მის სარეალიზაციოდ ბაზრის ანალიზის გაკეთებაც. ამასთან, კარგად მომზადებული ფერმერები უფრო ადვილად აუღებენ ალღოს იმ საექსპორტო შესაძლებლობებს, რაც მათ მიეცემათ სამომავლოდ, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შედეგად. თუმცა ამისათვის აუცილებელი იქნება ფერმერთა ძალების გაერთიანება და ამიტომ, ექსპერტთა აზრით, მათ სახელმწიფომ გამსხვილების რეალური შესაძლებლობა უნდა მისცეს. ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG