Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძლიერმა ქარმა სამეგრელო დააზარალა


ზუგდიდი
ზუგდიდი

23 აპრილს ძლიერმა ქარმა სამეგრელოში წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტები დააზარალა. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბენატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სპეციალური ჯგუფები მუშაობენ ინფრასტრუქტურული ზიანის აღდგენაზე. მათივე ცნობით, უკვე დასუფთავდა გზები დაზიანებული ნარგავების ტოტებისგან, წაქცეული ხეები იჭრება ეზოებსა და პარკებში.

სხვებზე მეტად დაზარალდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, სადაც 23 აპრილს ძლიერმა ქარმა ქალაქ ჯვარში 5 მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. დაზიანებულია ასევე 30-ზე მეტი კერძო საცხოვრებელი სახლის სახურავი სოფელ მუჟავაში, ჭალეში, ჩქვალერში, ფოცხოეწერსა და ლიაში. ინფრასტრუქტურული ზიანის პარალელურად, ქარმა მრავალწლიანი ხეებიც მოგლიჯა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.

„24 წელია ჯვარში ვარ და ასეთი რამე არ მახსოვს, - ხეები მოგლიჯა, გადახადა სახლებს სახურავი, - ისე როგორც ადამიანების მხრივ არ ყოფილა რაიმე ზიანი და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია“, - ამბობს ჯვარში მცხოვრები ნათიკო ფიფია.

ზარალს ითვლიან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტშიც, სადაც გამგებელ დათო გოგუას ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა ხუთ სოფელში 22 კერძო სახლს გადახადა სახურავი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით წაქცეულია ასევე რამდენიმე ათეული ხე. გამგებლის განცხადებით, კერძო სახლების პარალელურად, დაზიანებულია რამდენიმე საბავშვო ბაღის სახურავი. გადახდილია ასევე სოფელ კირცხში, სარაქონის უბნის ცენტრში არსებული კულტურის სახლის სახურავი, სადაც დევნილებიც ცხოვრობენ. როგორც დათო გოგუა ამბობს, აღნიშნული შენობა სხვადასხვა სამშენებლო მასალით გუშინ სასწრაფოდ გადახურეს დროებით.

ზუგდიდი
ზუგდიდი

„თუ თანხები იმაზე ნაკლები იქნება, ვიდრე ჩვენ ამ ეტაპისთვის გვგონია, რა თქმა უნდა, ჩვენ ადგილობრივი ბიუჯეტითაც უფრო ოპერატიულად ვიმოქმედებთ და გადავხურავთ, დავეხმარებით დაზარალებულ ოჯახებს, მაგრამ თუ ზარალი 80-100 ათას ლარს გასცდება, ჩვენს ბიუჯეტს, სამწუხაროდ, არ აქვს ამის შესაძლებლობა. სტიქიის სალიკვიდაციო ფონდში ჩვენ არ გვაქვს იმდენი თანხები, რომ მთლიანობაში მოხდეს ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება. ინტენსიურად ვმუშაობთ როგორც სამხარეო ადმინისტრაციასთან - გუბერნიასთან, ისე ცენტრალურ ხელისუფლებასთან - რეგიონული განვითარების სამინისტროსთან და იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში დაზარალებული ოჯახებისთვის და იმ ობიექტებისთვის დახმარება გაწეული იქნება“, - განაცხადა ჩხოროწყუს გამგებელმა დათო გოგუამ.

ანალოგიური პრობლემების მოგვარება უწევთ სპეციალურ ჯგუფებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში. სტიქიის გამო შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ხელმძღვანელობს.

ზუგდიდის გამგეობის საინფორმაციო სამსახურის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად რუხში დევნილთა ჩასახლების შენობას ხე დაეცა და სახურავი გადახადა. ამ დროისთვის შენობა დროებით გადაიხურა. გამგეობაში ირწმუნებიან, რომ უკვე შექმნილია სპეციალური ჯგუფები, რომლებიც პრობლემურ ადგილებში მუშაობენ.

საგანგებო რეჟიმში უწევს მუშაობა კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ეკა ურიდიამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ამ ეტაპზე აბონენტების მცირე ნაწილია დარჩენილი ელექტროენერგიის გარეშე ზუგდიდსა და წალენჯიხაში:

„ყველა რაიონულ ცენტრს აღუდგა ელექტროენერგიის მიწოდება, დარჩენილია მცირე ნაწილი, რომლის აღდგენაზეც დილიდან მუშაობენ ჩვენი კომპანიის ბრიგადები და აბონენტებს მალე აღუდგებათ ელექტრომომარაგება. აქვე დავძენ, რომ კომპანიის ზარალი დიდია, მაგრამ ყველა საჭირო მასალა იქნა მობილიზებული და სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს“.

ეკა ურიდიას განცხადებით, ვერ ასახელებენ გათიშული აბონენტების ზუსტ რიცხვს, რადგან მათი ჩართვა ინტენსიურად მიმდინარეობს და მონაცემებიც ძალიან სწრაფად იცვლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG