Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტივ ჯობსის ავანტიურა საბჭოთა კავშირში


სტივ ჯობსი
სტივ ჯობსი

საბჭოთა „პერესტროიკის“ მიწურულსა და თავისი კარიერის ყველაზე წარუმატებელ პერიოდში სტივ ჯობსი, კორპორაცია „ეპლის“ თანადამფუძნებელი, მოსკოვში ჩასულა, რათა თავისი კომპანიის ახალი პროდუქტის, პერსონალური კომპიუტერების ხაზის, რუსეთში აწყობა ეცადა. კომპანია „ეპლის“ მეორმოცე წლისთავზე, ჩვენი კოლეგა კარლ შრეკი შეეცადა აღედგინა, თუ როგორი იყო სტივ ჯობსის მოგზაურობა მოსკოვში, სადაც „ციფრული რევოლუციის მამას“, თურმე, ქართულ რესტორანშიც კი უსადილია.

1985 წლის გაზაფხულია, აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშე მოსკოვში საელჩოს შენობაში ხვდება კალიფორნიაში დაფუძნებული კომპიუტერული კომპანია „ეპლის“ ორ წარმომადგენელს, რომლებიც საბჭოთა იმპერიაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებიან. ერთ-ერთი ასაკით უფროსი იყო, მეორე კი - აწოწილი, ხმელ-ხმელი ბიჭი, სწორი თმით, რომელსაც მოუსვენრობა ეტყობოდაო, იხსენებს ატაშე მაიკ მერინი.

„ეს ორნი შემოვიდნენ და დასხდნენ. არ ვიცი, როგორ მოვიქცე, რადგან 25 წლის ბიჭი ვარ, ამიტომ ყურადღება ასაკით უფროსზე გადამაქვს. ორივე მაწვდის სავიზიტო ბარათებს. ელ აიზენსტატის ბარათს აწერია: „ეპლის“ გენერალური იურისკონსულტი, რაც უფრო მნიშვნელოვანი თანამდებობა მგონია, რადგან მეორე ბარათს მხოლოდ სახელი და გვარი აწერია. სხვა რა უნდა ვიფიქრო, თუ ბარათზე თანამდებობა მითითებული არ არის. ამიტომ საქმეს ასაკით უფროსთან ვიჭერ, ისინი იწყებენ ჩემთან საუბარს იმაზე, თუ რის გაკეთება სურთ საბჭოთა კავშირში.“

ვიზიტორებს, როგორც მერინი იხსენებს, სურდათ საბჭოთა კავშირში „ეპლის“ კომპიუტერების საწარმო. ეს რომ გაიგო, აშშ-ის კულტურის ახალგაზრდა ატაშემ სტუმრები გააფრთხილა, რომ ამას შედეგად შეიძლებოდა მოჰყოლოდა ექსპორტის კუთხით არსებული იმ მრავალი მარეგულირებელი კანონის დარღვევა, რომელსაც თავიდან უნდა აერიდებინა გაუმჯობესებული ტექნოლოგიის მოხვედრა აშშ-ის ცივი ომისდროინდელი მტრის ხელში. ამან, როგორც მაიკ მერინი იხსენებს, ძალიან გააღიზიანა ახალგაზრდა სტუმარი კომპანია „ეპლიდან“:

„ეს აწოწილი, ხმელ-ხმელი ბიჭი ფეხზე წამოიჭრება და ყვირილს მიწყებს: შენ ვინ ხარ? შენ მხოლოდ ბიუროკრატი ხარ, რომელმაც არ იცის, რას აკეთებს. ელ აიზენსტატი მის დამშვიდებას ცდილობს.“

„ეპლის“ კომპანიის დაარსებიდან მეორმოცე წლისთავზე, როდესაც 1985 წელს მომხდარი ამ შეხვედრის დეტალს იხსენებს, მაიკ მერინი სიცილს ვერ იკავებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშეს მხოლოდ საღამოს გაუგია, რომ ამ ფიცხი ახალგაზრდა კაცის სახით საქმე ჰქონდა „ეპლის“ თანადამფუძნებელ სტივ ჯობსთან და ეს მოხდა, როგორც მაიკ მერინი ჰყვება, მოსკოვში არსებულ პირველი კლასის ქართულ რესტორანში, სადაც ჯობსმა, თურმე, ვეგეტარიანული საჭმელი შეუკვეთა.

„როცა ვუყვებოდი, რა საუცხოო ხორცის კერძები აქვთ [ქართულ რესტორანში], მან ისე შემომხედა, როგორც სრულ იდიოტს, რადგან ვეგეტარიანელი იყო. მგონი, მხოლოდ სალათს შევუკვეთო, მითხრა. მხოლოდ მერე გავიგე, ვისთან მქონდა საქმე! ეს სტივ ჯობსი ყოფილა.“

ეს იყო მაიკ მერინის ერთადერთი და უკანასკნელი შეხვედრა კომპიუტერული ტექნოლოგიის ვირტუოზ სტივ ჯობსთან, რომელიც 1985 წელს პირველად იმყოფებოდა საბჭოთა კავშირში. სტივ ჯობსი 2011 წელს, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ მისი ბიოგრაფებისგან ცნობილი გახდა ჯობსის საბჭოთა კავშირში მოგზაურობასთან დაკავშირებული რამდენიმე დეტალი. კერძოდ, საბჭოთა კავშირში მოგზაურობის თაობაზე 1988 წელს სტივ ჯობსს ჩვენება მიუცია აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს გამომძიებლებისთვის, რომლებისთვისაც გაუზიარებია თავისი ეჭვი, რომ მას შეხება ჰქონდა უცხოელ ადვოკატთან, რომელიც ან აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ან საბჭოთა კაგებეს თანამშრომელი იყო. კიდევ ერთი საყურადღებო გარემოებაა ის, რომ სტივ ჯობსს საბჭოთა კავშირში ჩასვლა, თურმე, იმხანად აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს ურჩევია, რომელიც „ეპლის“ დამფუძნებელს პარიზის სავაჭრო შოუზე შეხვედრია.

როდესაც ამ ეპიზოდის შესახებ წერს, სტივ ჯობსის ბიოგრაფი უოლტერ აიზექსონი ბუშის ჩანაფიქრს განმარტავს: „მას მიაჩნდა, რომ რუსეთში კომპიუტერის შეტანა ბიძგს მისცემდა ქვემოდან რევოლუციის დაწყებას“. ჯორჯ ბუშთან შეხვედრის შესახებ სტივ ჯობსს მოსკოვში უამბია ზემოხსენებული მაიკ მერინისათვის, საბჭოთა კავშირში აშშ-ის კულტურის ატაშესთვის, და ეს საუბარიც, როგორც მერინი იხსენებს, მოსკოვში 1980-იან წლებში მდებარე ერთ-ერთ ფეშენებელურ ქართულ რესტორანში გამართულა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG