Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკოფიევის „ფაუსტური გარიგება“


სერგეი პროკოფიევი
სერგეი პროკოფიევი
ბოლო ხანებში რამდენიმე სიუჟეტი მივუძღვენით მეოცე საუკუნის ერთ მნიშვნელოვან მოვლენას - სტალინის გარდაცვალებას, რომელიც 1953 წლის 5 მარტით თარიღდება. მას შემდეგ 60 წელი გავიდა - ისევე როგორც დიდი რუსი კომპოზიტორის, სერგეი პროკოფიევის გარდაცვალების შემდეგ. პროკოფიევის სიცოცხლე იმავე დღეს შეწყდა, რა დღესაც საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინისა, რომლის რეჟიმმაც დაღი დაასვა მუსიკოსის ცხოვრებასა და შემოქმედებას.

სერგეი პროკოფიევი სულ 27 წლის იყო, როცა 1918 წელს თვით ანატოლი ლუნაჩარსკისგან - საბჭოთა კავშირის განათლების სახალხო კომისრისგან - მიიღო პროფესიული საქმიანობის დასავლეთში გაგრძელების უფლება. ახალგაზრდა პიანისტმა და კომპოზიტორმა შეერთებულ შტატებს მიაშურა, იქ ორი წელი დაყო და შექმნა რამდენიმე ნაწარმოები, მათ შორის, თავისი ყველაზე ცნობილი ოპერა - „სამი ფორთოხლის სიყვარული“. მოგვიანებით ის რამდენიმე წელი ცხოვრობდა პარიზში.

„მოყოლებული დაახლოებით 1925 წლიდან და 10-მდე წლის განმავლობაში სტალინური რეჟიმი დიდი მონდომებით ცდილობდა მის გადაბირებას საბჭოთა კავშირში დასაბრუნებლად. მართალია, პროკოფიევს მრავალი წელი ჰქონდა გატარებული დასავლეთში - თავისი კარიერის პირველი მესამედი, მაგრამ მას არასოდეს ჩაუთვლია თავი დასავლეთში სამუდამოდ გადასახლებულად. მან ყოველთვის იცოდა, რომ უკან დაბრუნდებოდა. თავი ყოველთვის მიაჩნდა უცხოეთში რუსული კულტურის წარმომადგენლად. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ დროის ამბავი იყო, როდის გადაწყვეტდა საბჭოთა კავშირში დაბრუნებას“, - ამბობს ამერიკელი მუსიკათმცოდნე, პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორი საიმონ მორისონი, რომელსაც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი რობერტ კოლსონი ესაუბრა.

დასავლეთში პროკოფიევს დიდი აღიარება ჰქონდა მოპოვებული როგორც ვირტუოზ პიანისტს, როგორც ავტორს ნაწარმოებებისა, რომლებიც მალევე გახდა პოპულარული. ეს ეხება, მაგალითად, მესამე საფორტეპიანო კონცერტს. როგორც პროფესორი მორისონი აღნიშნავს, „ის ნამდვილად იყო აღიარებული მსოფლიოში როგორც დიდი ნიჭით დაჯილდოვებული მუსიკოსი. მასზე ყველგან დიდი მოთხოვნა იყო. პროკოფიევი იყო ადამიანი, რომლის დაბრუნებაც ძალიან სურდა სტალინურ რეჟიმს - ის ხომ ძალიან მოწადინებული იყო, რომ გამოჩენილი ადამიანები შემოეკრიბა. სტალინური რეჟიმი დაუკავშირდა რახმანინოვსაც, რომელიც ნიუ-იორკში გაემგზავრა, სტრავინსკის, რომელიც რუსეთიდან პროკოფიევზე უფრო ადრე წავიდა და სულაც არ აპირებდა უკან დაბრუნებას; დაუკავშირდნენ რამდენიმე პიანისტს, მევიოლინესა და ა.შ. ასე რომ, პროკოფიევი იყო ერთ-ერთი იმ ხელოვანთა შორის, რომლებსაც უმიზნებდნენ და რომელიც ყველაზე მეტად იყო დაინტერესებული სამშობლოში დაბრუნებით, რუსეთთან ძლიერი კავშირისა და იმ ფაქტის გამო, რომ იქ ეგულებოდა ხელოვნების ხელშემწყობი მთელი ქსელი“, - განმარტავს მორისონი, რომელიც პროკოფიევის შესახებ წიგნის ავტორია.

პროკოფიევმა მაინც დიდხანს იყოყმანა საბჭოთა კავშირში დაბრუნებამდე: 1932 წელს აპირებდა და გადაიფიქრა, იგივე მოხდა მომდევნო წელს. მაგრამ 1935 წელს უკვე გაბედა - მეუღლესა და ორ შვილთან ერთად გადასახლდა რუსეთში - როგორც ამერიკელი მუსიკათმცოდნე ამბობს, „ფაუსტურ გარიგებაზე“ წავიდა:

„ის იცნობდა ვითარებას - რომ ეს იყო ტოტალური რეჟიმი. და მაინც... ფაუსტური გარიგება მდგომარეობდა იმაში, რომ სტალინური რეჟიმი დაჰპირდა (და ამ პირობას გარკვეული ხანი ასრულებდა კიდეც) ახალი ნაწარმოებების კარგად ანაზღაურებას. მას დაჰპირდნენ თავისუფლად მოგზაურობას - რუსეთში და საზღვარგარეთ. მას დაჰპირდნენ ნაწარმოებების შესრულებას, გამოქვეყნებას, ჰონორარებს. მას დაჰპირდნენ კარგ ბინას, მძღოლს, კარგ ცხოვრებას“.

ამ ფაუსტურ გარიგებაზე საუბრისას ამერიკელი მუსიკათმცოდნე იმასაც აღნიშნავს, რომ პროკოფიევისათვის დიდხანს უცნობი რჩებოდა სტალინური ტერორის მასშტაბი. საბჭოთა კავშირში საშინელება ხდებოდა, მაგრამ პროკოფიევმა, ისევე როგორც მის ირგვლივ მყოფთა უმრავლესობამ, ბევრი არაფერი იცოდა და თან საკუთარი თავი და ოჯახი ხელშეუხებლად მიაჩნდა გამოჩენილი ხელოვანის სტატუსის იმედით.

გამოჩენილ ხელოვანებს რაც შეეხება, ცნობილია, რომ სტალინი ინტერესს იჩენდა არაერთი მათგანისა და მათი ბედის მიმართ - იქნებოდა ეს ოსიპ მანდელშტამი, ბორის პასტერნაკი თუ დმიტრი შოსტაკოვიჩი. შეკითხვას, როგორი იყო სტალინის დამოკიდებულება პროკოფიევის მიმართ, პროფესორი მორისონი ასე უპასუხებს:

„სტალინის დღიურებიდან ვიცით, რომ მას გაკეთებული აქვს ასეთი ჩანაწერი: „საჭიროა პროკოფიევი სამშობლოში დავაბრუნოთ“(...) მაგრამ პირადად მე არა მგონია, რომ სტალინი ერეოდა მუსიკის საკითხებში, როგორც ამას აკეთებდა ფილმებში, კინოში. ის აქტიურ ინტერესს იჩენდა ამ სფეროს მიმართ და სიამოვნებით მსჯელობდა, რეჟისორებს ხვდებოდა მათი სხვადასხვა პროპაგანდისტული ფილმის სცენარებზე სასაუბროდ. დადიოდა ჭორები, რომ სიმღერაში ერკვეოდა და ოპერა უყვარდა, მაგრამ, სინამდვილეში, კომპოზიტორების დევნა-შევიწროება იყო ის, რასაც მისი რეჟიმის დაბალ ეშელონებში აკეთებდნენ. არა მგონია, სტალინი, რომელიც აშკარად ძალიან დაკავებული კაცი იყო, ებარა რა ხალხის გასანადგურებელი ბანაკები და უნდა გამკლავებოდა შიმშილსა და ომს, ასე პირდაპირ ყოფილიყო დაკავშირებული კომპოზიტორების ცხოვრებასთან“.

სტალინი თუ არა, სტალინის გარდაცვალება პირდაპირ უკავშირდება პროკოფიევის სახელს. ამ ორი ადამიანის სიკვდილს, სავარაუდოდ, სულ რამდენიმე საათი აშორებს. „სავარაუდოდ“ იმიტომ, რომ დღემდე ბუნდოვანი რჩება სტალინის გარდაცვალების თარიღი, რახან ის გარკვეული ხანი კომაში იყო. ასეა თუ ისე, მისი გარდაცვალება საზარელ ამბად დაატყდა საბჭოთა კავშირს - ქვეყანა გლოვამ მოიცვა. სერგეი პროკოფიევის გარდაცვალება ბევრს შეუმჩნეველი დარჩა.

„მისი დასაფლავება მომცრო, მოკრძალებული ცერემონია იყო. ყვავილებს ვერ იშოვიდი. მეზობლებმა ქოთნის ყვავილები მოიტანეს პროკოფიევის კუბოს შესამკობად. მოგონებებს რაც შეეხება, ზოგი მუსიკოსი, რომელსაც სტალინის გარდაცვალების გამო უნდა დაეკრა, ამბობდა, რომ სინამდვილეში პროკოფიევისათვის უკრავდა, მას მიაგებდა პატივს. არის მოგონებები სამგლოვიარო მსვლელობაზე: როცა პროკოფიევის კუბოს ნოვოდევიჩის სასაფლაოსაკენ მიასვენებდნენ, საწინააღმდეგო მიმართულებით მიდიოდა ხალხის უზარმაზარი ნაკადი სტალინის ხსოვნის პატივსაცემად თუ მის დასატირებლადო“, ამბობს პროფესორი მორისონი.

ასე მოექცა პროკოფიევის გარდაცვალებაც კი იმ კაცის ჩრდილში, რომლის რეჟიმმაც მილიონობით ადამიანი გაანადგურა და რომელთანაც დიდი კომპოზიტორი, როგორც ამბობენ, „ფაუსტურ გარიგებაზე“ წავიდა.
XS
SM
MD
LG