Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთის პარლამენტი სირიაში ინტერვენციას მხარს არ უჭერს


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონის (მარცხნივ) გამოსვლა პარლამენტში
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონის (მარცხნივ) გამოსვლა პარლამენტში
30 აგვისტოს დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა სირიაში ინტერვენციას მხარი არ დაუჭირა. ამ გადაწყვეტილებას საერთაშორისო თანამეგობრობა სხვადასხვანაირად გამოეხმაურა.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ჩაკ ჰეიგელი აცხადებს, რომ ამერიკა ჯერ კიდევ ცდილობს “საერთაშორისო კოალიციის” შექმნას სირიაში ასადის რეჟიმის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო ინტერვენეციის განსახორციელებლად. 30 აგვისტოს ჰეიგელმა სირიის მიმართ აშშ-ის პოზიციაზე ფილიპინების დედაქალაქ მანილაში ისაუბრა:

“ჩვენი მიდგომაა, გავაგრძელოთ საერთაშორისო კოალიციის ძებნა. ისეთი კოალიციის, რომელიც ერთიანად იმოქმედებს და, მგონი, ხედავთ, რომ რამდენიმე ქვეყანამ უკვე საჯაროდ გამოხატა საკუთარი პოზიცია ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ჩვენს მოკავშირეებთან და მეგობრებთან.”

ჰეიგელმა ასევე აღნიშნა, რომ მოკავშირე ქვეყნებთან კონსულტაციის ნაწილია კონკრეტული ფაქტების დადგენა გასულ კვირაში დამასკოში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ.

მას შემდეგ, რაც ხუთშაბათს, 29 აგვისტოს, ბრიტანეთის პარლამენტმა უარი თქვა ინტერვენციაზე, თეთრ სახლში განაცხადეს, რომ სირიაში აშშ-ის ჩარევა დიდი ბრიტანეთის, მისი ყველაზე ახლო მოკავშირის, გარეშეც იქნებოდა შესაძლებელი. ბარაკ ობამას თქმით, მისი გადაწყვეტილება აშშ-ის ინტერესებზე იქნება დამოკიდებული.

აშშ და მისი მოკავშირეები ბრალს სდებენ სირიის მთავრობას ქიმიური იარაღის გამოყენებაში, რომელმაც 21 აგვისტოს ასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სირიის მთავრობა კი ოპოზიციას ადანაშაულებს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის პარლამენტის გადაწყვეტილება გავლენას არ იქონიებდა საფრანგეთის მთავრობის პოზიციაზე. ოლანდი მხარს უჭერს ასადის რეჟიმის წინააღმდეგ “პროპორციულ და მტკიცე” ქმედებას.

რაც შეეხება გერმანიის მთავრობას, 30 აგვისტოს ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გერმანია არ გეგმავს სამხედრო ინტერვენციაში მონაწილეობის მიღებას.
ვლადიმირ პუტინის წარმომადგენელი, იური უშაკოვი, ამბობს, რომ გაეროს თანხმობის გარეშე სირიაზე განხორციელებული სამხედრო იერიში “სერიოზული დარტყმა იქნება მსოფლიო წესრიგის მთელი სისტემისთვის”. უშაკოვის თქმით, ბრიტანეთის პარლამენტის გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ ხალხმა დაიწყო შესაძლო სამხედრო მოქედებების საფრთხეების დანახვა.

გაეროს დამკვირვებლებმა მოინახულეს დამასკის საავადმყოფო, სადაც იმყოფებიან მომწავლავი გაზით დაზარალებული ჯარისკაცები. დამკვირვებლები სირიას შაბათს, 1 სექტემბერს დატოვებენ.

მოამზადა ანა ლომთაძემ
XS
SM
MD
LG