Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამთა რეხვიაშვილი - მაგისტრანტი


18 ოქტომბერი, კვირა

ადრე გავიღვიძე. როცა საქმე არ მაქვს, სულ ასე მეღვიძება. სხვა დროს − პირიქით. ჩავიფუთნე, მიყვარს, როცა ძალიან, ძალიან თბილად მაცვია.

გამოვიყვანე ძაღლი და ავედით მთაწმინდისკენ. ასე ადრიანად სხვა ძაღლები არ გვხვდებიან და როკიც წყნარად მომყვება გვერდით. გინდა თუ არ გინდა, ასეთ დროს გეფიქრება. თამთა ბერძნული სახელია და გმირს, მამაცს, რაინდს ნიშნავს. ვცდილობ, გავამართლო. ხანდახან არც ვცდილობ, დავჯდები ხოლმე სადმე, ჩემთვის მოვიკალათებ და ვტირი. ტირილი შემიძლია ყველაფერზე: შოკოლადის ფილაზე, მოთხუპნულ ბოშა ბავშვებზე, მაწანწალა ძაღლებზე და, რა ვიცი, კიდევ რაზე... თუ ტირილი მომინდა, მიზეზს რა დამილევს! ვცხოვრობ მთაწმინდისა და სოლოლაკის გზაგასაყარზე და სულაც არ მაინტერესებს, რომელი უბნის ნაგლეჯს წარმოადგენს ჩემი ნესტიანკედლებიანი ერთი ოთახი. ასე ჯობია: თუ მთაწმინდელი გკითხავს, რა უბნელი ხარო, მთაწმინდელიო, უპასუხებ; გაუხარდება. თუ სოლოლაკელი ჩაგეძიება, სოლოლაკელიო, ეტყვი, და იმასაც გაუხარდება. ვიქნებით სამივე გახარებულები. ჰო, ასე ჯობია.

მე და როკი ჩამოვედით. ეზოს შესასვლელთან მისვლას, რაც შეუძლია, წელავს. იცის, რომ საღამომდე ვეღარ გამოვიყვან. აი, ამ იტალიურ ეზოში ვცხოვრობ ორ ძმასთან, დედასთან და როკისთან ერთად. ამ ოთხიდან რომელს უფრო ვუყვარვარ, ვერ ვიტყვი, მაგრამ კუდს მარტო ძაღლი მიქიცინებს. მე ძმებიდან თოკო უფრო მიყვარს. თოკო 27 წლისაა, ცერებრალური დამბლა აქვს და სულ სხვანაირად უყურებს სამყაროს. თოკოს უყვარს ყველა და ყველაფერი, განსაკუთრებით – დედა. ეუბნება ხოლმე, ჩემი კატა ხარო და ეხუტება ძალიან მაგრად. კიდევ უყვარს Il Divo-ს „ავე მარია“ და ტირის ხოლმე, როცა უსმენს. კიდევ დიდი, წითელი ტრაქტორები (მარტო წითლები!) და ხშირად დაგვყავს მშენებლობებზე. ტრაქტორისტი შალო ბიძია ვარო, გაიძახის და უხარია. ეს შალო ბიძია ჩვენი სოფლელი ტრაქტორისტია, რომელმაც სულ არ იცის რომ თოკო პროფესიასაც ართმევს და სახელსაც. ისე, არა მგონია, ეწყინოს, სიამოვნებითაც გადაულოცავდა ხვნა-თესვის პერიოდში.

ჩემი მეორე ძმაა თევდორე, იგივე თედო. მხატვარია. ჩართავს მუსიკას, რომლის მოსმენაც ოჯახში მარტო თვითონ სიამოვნებს, და ხატავს. ჩვენ ვდუმვართ. გიტარაზე დაკვრას ყოველთვის ღამის ორ საათზე იწყებს, აქაც ვდუმვართ. ხდება ხოლმე, რომ სახლში ყირაზეც გადადის და აქაც დავდუმდებოდით, მაგრამ თვითონ იმსიგრძეა და სახლი – ისე მოკლე, ან ფეხს მოგარტყამს ან თავზე დაგეცემა და ჩვენც ადამიანები ვართ, აქ შეიძლება აღმოგვხდეს ერთი „ვაი“.

„ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვს“, – ამბობს დედაჩემი.

თედო თავს უქნევს.

„და არა მსხვერპლებს“, –ვამატებ მე, მაგრამ ისე მიყურებენ, ვხვდები, რომ დედა-შვილის ამ ტანდემის წინაშე უძლური ვარ და ისევ ვდუმდები.

არა, მართლა კარგი მხატვარია თედო. უდავოდ იმსახურებს ყირამალების უფლებას.

აი, ასეთი ოჯახი მყავს: ერთი ძმა ტრაქტორებზე გიჟდება, მეორე − ყირამალებზე; დედაჩემი კი რეპეტიტორია და სხვის შვილებს ასწავლის, როგორ იყვნენ დალაგებულები და ადეკვატურები (გამოცდებზე მაინც).

ზუსტად ხუთი წლის წინ, თვალი გადავავლე რა ჩემს სკოლისდროინდელ თორმეტწლიან „ნამოღვაწარს“, ჩავუფიქრდი რა ჩემი ზემოთ აღწერილი ოჯახის პოტენციალს დროში და სივრცეში, და გავაანალიზე რა, რომ გამოცდები კარს მომადგა, მივხვდი: ჩიხში მოვექეცი. უნდა ამერჩია პროფესია, რომელიც იქნებოდა იმდენად შემოსავლიანი მაინც, რომ დედას შევშველებოდი, ვიდრე თევდორე ცნობილი მხატვარი გახდებოდა, ნახატებს გაყიდიდა და სხვა რამეს იყიდიდა, რაც, სულ მცირე, იჭმეოდა მაინც; იმდენად მოთხოვნადი, რომ, სულ მცირე, გაუთავებელი სტაჟირების მერე დავსაქმებულიყავი, და იმდენად ფართო, რომ საჩემო კუნჭული აუცილებლად მეპოვნა მასში, რომელიც, თუ არ მომერგებოდა, სულ მცირე, მოვერგებოდი მაინც. ზუსტად ამას ვფიქრობდი, როცა ჩემს ბავშვობის ოცნებას ხევსურეთის პატარა ხის სკოლაში ქართულის მასწავლებლობაზე ფრთები შეეკვეცა და მე იურიდიულზე ჩავაბარე თსუ-ში. შესაბამისად, ვეღარც კუშტმზერიან ნამდვილ ხევსურ ბიჭს გავყვებოდი ცოლად მორცხვად თავჩახრილი და ვეღარც ტალავარს მოვუქარგავდი ხატობებისთვის. იურისტები არ მორცხვობენ და იურისტებს ქარგვისთვის დრო არ რჩებათ – ვუთხარი ჩემს თავს. თავიდან მეურჩა, მერე გაჭრა. მეორე კურსზე შევეჩვიე კოდექსების და იურიდიული დოქტრინის კითხვას. მესამეზე მომეწონა, მეოთხეზე შემიყვარდა და ახლა უკვე მაგისტრატურას ვამთავრებ, თანაც პოლიციის აკადემიაში!

თავისუფლების დღიურები - თამთა რეხვიაშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:12:15 0:00

19 ოქტომბერი, ორშაბათი

დღეს დილაუთენია ავდექი. ტანსაცმელს არასდროს ვიმზადებ წინასწარ, იმიტომ რომ დილით რა გუნებაზე გავიღვიძებ, არ ვიცი ხოლმე. ჰოდა, ამ საქმეს ყველაზე მეტი დრო მიაქვს, მაგრამ ორშაბათს და სამშაბათს პრაქტიკის დღეები მაქვს და ფორმა მაცვია, რომელიც სულ არ დაგიდევს ჩემს ხასიათს. ასე უფრო ნაკლები დრო მჭირდება, მაგრამ მაინც ადრე ავდექი − ძაღლი უნდა გამესეირნებინა. ყოველ დილით ასეა, სულ მე ვასეირნებ. საერთოდ, ოჯახში ძაღლს თუ შენი ჰქვია, დანარჩენები მხოლოდ მოფერებით შემოიფარგლებიან, ისიც საკუთარი, და არა როკის სურვილისამებრ.

როკი გავასეირნე და ფორმა ჩავიცვი. რვის თხუთმეტ წუთზე პარლამენტთან შევხვდი ირაკლის და გავუდექით გზას. ირაკლი ჩემი ჯგუფელია, მთაწმინდაზე ცხოვრობს და ერთად დავდივართ ხოლმე პრაქტიკაზე. ირაკლის აქვს მუქი ცისფერი თვალები და უხდება ფორმის ლურჯი პერანგი. ის არასდროს აგვიანებს. არც მე. ის ადრე მოდის, მე − არა. რვა საათზე უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში ვართ მოწყობაზე. დილით, როცა ქალაქს ჯერ არ გაუღვიძია და ვინც გაიღვიძა, ჯერ არ გამოფხიზლებულა, მოწყობაზე იკრიბება საპატრულო პოლიციის ახალი ასეული, რომ მეორე, ღამენათევი შეცვალოს; ხალხმა კი მშვიდად გააგრძელოს ძილი, ან გზა სამსახურებისკენ, სკოლებისკენ, უნივერსიტეტებისკენ. მერე მთელი დღე ვპატრულირებთ. ჩემი ეკიპაჟის წევრები არიან კობა და სოსო. სოსო ახალია, კობა − საამაყოდ სტაჟიანი. სოსო საჭესთან ზის, კობა მარჯვნივ, მე − უკან, და ათასი კითხვით ვუბრუებ თავებს. მთელი დღე დავდივართ ქუჩაში, ვმოძღვრავთ, ვარიგებთ, შენიშვნას ვაძლევთ ან ვაჯარიმებთ მოქალაქეებს. მათივე სიკეთისთვისო, − ამბობს კობა. მათივე სიცოცხლისთვისო, − ამბობს სოსო. მე თავს ვუქნევ და ვიმახსოვრებ. საღამოს კობა მიცვალებულებზე იწყებს ლაპარაკს, ოღონდ კეთილებზე. ჯერ არ მეშინია, მერე ბნელდება და სოსოც შედის ამ თემის ეშხში. იხსენებენ გაგონილს თუ ნანახს, როგორ გამოცხადებიათ გარდაცვლილი ადამიანები, უთხოვიათ რამე ან, უბრალოდ, თავიანთ გასაჭირზე მოუყოლიათ და მერე დილით საფლავი უნახავთ ჩავარდნილი. გინდ დაიჯერე, გინდ არაო, – აყოლებენ ბოლოს სასხვათაშორისოდ. მეუკვე მეშინია, მაგრამ არ უნდა შემემჩნეს. თან ვიცი: სახლში მისულს, ბნელი და გრძელი თაღი მაქვს გასავლელი. სარკეში სოსოს მზერას ვაწყდები. მიღიმის და პირობას მაძლევს, რომ შემაცილებს და ისევ აგრძელებს საფლავის ამბავს. მე ვდუმვარ და ბოლოჯერ ვავლებ თვალს ჩვენს საპატრულო კვადრატს. ასე მთავრდება ჩემი ორშაბათი. სანამ დავიძინებდე, დედა მეკითხება, როგორი დღე იყო. ვპირდები რომ ხვალ მოვუყვები, მაგრამ ვატყუებ. ოღონდ, ჩემდაუნებურად.

20 ოქტომბერი, სამშაბათი

დღეს დიდხანს მძინავს, იმიტომ რომ ღამე მაქვს გასათევი, ისევ პრაქტიკაზე. კარგ გუნებაზე ვიღვიძებ. როცა ძილი მყოფნის, სულ ასეა. მერე ვემზადები. მიყვარს, როცა არავინ მაჩქარებს და ნება-ნება ვემზადები. ვიკეთებ მაკიაჟს, დღეს „ქალურ“ განწყობაზე ვარ. ვისვამ ბორდოსფერ პომადას. ვიცი, რომ ტუჩსაცხია სწორი, მაგრამ მე პომადას ვისვამ. და ვიხედები სარკეში. ვფიქრობ: „რა ლამაზი ვარ!“ ბარბივით არა, სხვანაირად. ეს ბორდოსფერიც უხდება ფორმის პერანგს. მიყურებს დედაჩემი და ამბობს: „რა ლამაზი ხარ!“ ვხვდები ირაკლის და მეუბნება: „რა ლამაზი ხარ!“ მე მიხარია. მოწყობამდე სანამ მივალ, ხელისგულით ვიშორებ ბორდოსფერს −მოვისიყვარულე უკვე. თან, ამდენ მამრთან უხერხულია.

ღამის ცვლა უფრო მიყვარს. ასეთ დროს საინტერესო ამბები ხდება ხოლმე, როგორც ყველა ქალაქში. ზოგი სვამს და ვერ ირგებს; ზოგი შეყვარებულს ეჩხუბა და ჯდა მტირალი მტკვრისა პირსა; ზოგმა გადაწყვიტა, რომ ფული თვითონ უფრო სჭირდება და ვინმე ტაქსისტის მთელი დღის ნამუშევარს მიისაკუთრებს, ზოგჯერ ბიჭები გოგოს ვერ იყოფენ, ზოგჯერ ბიჭები ბიჭს და რა ვიცი, ათასი რამე... ჩვენც დავდივართ, ვაშოშმინებთ, ვაწყნარებთ, ვაიმედებთ, ვკიცხავთ, ვაკავებთ და ასე.

სახლში გამთენიისას ვბრუნდები და ვცდილობ, დანარჩენები არ გავაღვიძო, მაგრამ როკის უხარია და ყეფს. საერთოდ, როკისთვის არ აქვს მნიშვნელობა, დაღლილი ხარ, მოწყენილი, მხიარული თუ გაბრაზებული, მაინც უყვარხარ. შემოგყურებს ცისფერი, ღილებივით თვალებით და უხარია, რომ, უბრალოდ, ყავხარ. აი, ეს არის როკის ყოლის მთელი არსი და სიამოვნება.

21 ოქტომბერი, ოთხშაბათი

დღესაც დიდხანს მძინავს და მესიზმრება წუხანდელი ამბების გაგრძელებები, სხვადასხვა ვარიაციები. ესეც საინტერესოა. მერე ვიღვიძებ და ვმეცადინეობ ხვალისთვის − ზოგჯერ მართლა, ზოგჯერ ვალს ვიხდი, გააჩნია როგორ გუნებაზე ვარ. დღეს ცოტა ვიზარმაცე, უფრო სწორად, მონატრებული მეგობრები ვნახე და დიდხანს მოვუნდი მოსიყვარულებას. ხანდახან მინდა, უფრო დიდი, ორჯერ დიდი იყოს დღე, ყველაფერს მოვასწრებდი. ზამთარში ისედაც მოკლდება და ერთ წუთში დილაა, მეორეში − საღამო, ხეირიანად ვერაფერს მოასწრებ კაცი. წადი და იჩივლე, რამდენიც გინდა. იურისტობა აქ არ ჭრის. მოკლედ, ბატონო პაატა, ხვალ დავალებას რომ ვერ მოვიტან, მთლად ჩემი ბრალი არ იქნება. წარმოიდგინეთ, ისიც კი ვიფიქრე თქვენზე, იქნებ ხვალ ვერ მოვიდეს-მეთქი, და ახლა ის საკითხი განვავრცე, რის გამო ვერ შეძლებდით მოსვლას. ამ ვირუსიანობა-სიცხიანობის ჟამს კარგი ვერაფერი მოვიფიქრე, ცუდისთვის ვერ გაგიმეტეთ და გადავწყვიტე, კარგად ყოფილიყავით, მოსულიყავით და თუნდაც მთელი ჯგუფის თვალწინ გეთქვათ, რომ უპასუხისმგებლო ვარ.

22 ოქტომბერი, ხუთშაბათი

დღეს ისევ ადრე გავიღვიძე, ხუთშაბათობით პოლიციის აკადემიაში მოწყობა გვაქვს. მთაწმინდიდან გლდანამდე შორია. უშორესი! მაგრამ ჩემი ჯგუფელები ლევანი და გაგუ ვარკეთილიდან დადიან. ასე ვიმშვიდებ ხოლმე თავს. მოკლედ, ბატონო პაატა, გამეხარდა, რომ დღეს კარგად და ჯანმრთელად იყავით. ჩემს დავალების უქონლობაზე ყურადღება რომ არ გაამახვილეთ, ეგეც გამეხარდა. კარგი არ არის? თქვენ ჯანმრთელი ხართ, მე − გახარებული!

სახლებში ერთად მივდივართ ბავშვები. მეტრომდე ერთი გზა გვაქვს, მერე ნელ-ნელა ვიფანტებით გვირაბებიდან. მე, დათო, ლევანი, გაგუ, გვასო, იკა, მარი და ნათია ერთად მივდივართ ვაგზლამდე. სულ რომ არაფერზე ილაპარაკო, კარგია ერთად ყოფნა. ახმეტელის მეტროსთან ვჩერდებით, დათოს აქაური პონჩიკი უყვარს. ამ ბოლო დროს კრემი გაუფუჭესო, ამბობს, მაგრამ მაინც ყიდულობს. ვჭამთ ყველა, მაგრამ უყვარს დათოს. ყოველთვის, როცა პონჩიკს ვხედავ, მახსენდება ერთი პატარა ბავშვის ნაწერი, რომელიც ასე იწყებოდა: „ერთ ფუნჩულა. დღეს ვიყიდე ოცი ფუნჩულა. მივუტანე მეგობრებს. შეჭამეს, დანაყრდნენ. მე მეგონა, მეგობრები იყვნენ, თურმე შიოდათ.“ ამის მეტი აღარ მახსოვს და არც სჭირდება ამას გაგრძელება. კმარა იმისთვის, რომ დავასკვნათ: ჩვენ მაძღრებიც ვმეგობრობთ.

23 ოქტომბერი, პარასკევი

პარასკევი მეგობრების დღეა. ვისვენებ, ოღონდ შაბათს ვსწავლობ და დრო ისე უნდა გავანაწილო, რომ მეცადინეობაც მოვასწრო.

ვნახე ბავშვები. ვიკრიბებით ხოლმე ჩემს ქუჩაზე, „1904“-ში, პატარა მყუდრო კაფეში; ვსვამთ ყავას, ზოგჯერ ლუდს, ვჭამთ მექსიკურ კარტოფილს, რომელიც აქ ყველაზე გემრიელად მზადდება, და ვიცინით. ზოგჯერ არც... დღეს რატომღაც პოლიტიკით დავიწყეთ. ჩემი მეგობარი მარიამი კარგი ფინანსისტია, ელენე − კარგი ფილოლოგი. მიმოვიხილეთ ქვეყნისამბები ფინანსურ-ფილოლოგიურ-სამართლებრივ ჭრილში და არ გვიკამათია, ისე დავასკვენით, რომ მთლად კარგად ვერ არის საქმე.

„საქმე ვერ არის კარგად“, − ოხრავს მარი.

„საქმე კარგად ვერ არის“, − ამატებს ელენე და ეცინება.

„რა გაცინებს, შენი ქვეყანაა!“ − უტევს მარი და თვითონაც უთამაშებს ღიმილის კუთხეები.

„ვერ არის საქმე კარგად“, − ვამბობ მე და ვხარხარებთ.

სამივემ ვიცით, რომ ამაში სასაცილო არაფერია. და მაინც ისტერიკულად გვეცინება ამ ყველაფერზე. აქ მახსენდება ყველაზე კარგი ბიჭის ყველაზე კარგი ლექსის ნაწყვეტი: „არაფერია პირადული, ჩემო სამშობლო, უბრალოდ სადღაც, ვიღაცაზე უნდა მეყარა ჯავრი და როგორც ყველას, შენ შემრჩი ხელში...“

სახლში გვიან მოვდივარ და მერე კრიმინოლოგიის სწავლას ვიწყებ, თანაც კარგად. ხვალ კვიზი მაქვს...

24 ოქტომბერი, შაბათი

შაბათობით ვსწავლობ. ამ დროს მთელი აკადემია ისვენებს. მივდივართ მხოლოდ მაგისტრანტები, ჩვენი კურატორი ნინო, ორიოდ ლექტორი და ჯარისკაცები, რომლებისთვისაც შაბათ-კვირა არ არსებობს. დგანან და ღირსეულად იხდიან თავიანთ ჯარისკაცულ ვალს, ანუ უცხო პირთაგან იცავენ აკადემიას. მე მიყვარს ჯარისკაცები. ბავშვობას მაგონებენ, როცა დღესასწაულებიდან ყველაზე მეტად 26 მაისი მიყვარდა − აღლუმის გამო. დედა სამივეს მოგვკიდებდა ხოლმე ხელს და ჩაგვატარებდა ჯარისკაცების რიგებში, თან გვიყვებოდა, როგორი მამაცები, ძლიერები და სამშობლოს ერთგულები იყვნენ ისინი, ვისაც ფორმა ეცვა. ჰოდა, ფორმა აკადემიის ჯარისკაცებსაც აცვიათ. მეც ჩავიცმევ, ჩემი ჯგუფელებიც, ოღონდ პოლიციისას. მამაცები, ძლიერები და სამშობლოს ერთგულები ვიქნებით ჩვენც. თუ არა და, ფორმას გავიხდით. სხვანაირად არ შეიძლება! „პატივი ეცით ფორმას!“ − შემოგვიყვირებს ხოლმე ბატონი ვილი, რომელიც დისციპლინაზე აგებს პასუხს.

კრიმინოლოგიის კვიზი დავწერეთ. ნორმალურად. ასე რომ ამბობ, ჯობია: თუ მაღალ ქულას მიიღებ, უფრო გაგეხარდება. მე თითქმის ყოველთვის მაღალ ქულებს ვიღებ. და მაინც ვამბობ წინასწარ, რომ ნორმალურად დავწერე. თითქოს თილისმაა. ჩემი ჯგუფელები ხუმრობენ, ნახევარს კალიგრაფიაში გიმატებენო. თუნდაც! აი, ეს ნაწერი, მაგალითად, კომპიუტერში ავკრიფე. ხელით რომ დამეწერა, გაცილებით ლამაზი გამოვიდოდა. მაგრამ მაინც ნორმალურია. ჰო, ნორმალური. ჩვეულებრივი თილისმაა ეს სიტყვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG