Accessibility links

ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების თარიღი უცნობია, ახალგორი ტვირთებისთვის ჩაკეტილია


ახალგორი

„არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს 18 მარტის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ გადასცემენ“ - ეს მოსაზრება რადიო თავისუფლებას ცხინვალელმა სამოქალაქო აქტივისტმა და ჟურნალისტმა თემურ ცხურბათიმ გაუზიარა. მისი თქმით, ბიბილოვის ხელისუფლებას არჩევნების შემდეგ ცხედრის გადაცემის გაჭიანურების საფუძველი აღარ ექნება. 18 მარტს რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალშიც ჩატარდება და იქ მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები საკუთარ ნებას გამოხატავენ. არჩევნების წინ დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა მოსალოდნელ პროვოკაციებსა და საფრთხეებზე ილაპარაკა და ტატუნაშვილის თემაც ამ კონტექსტში განიხილა. თემურ ცხურბათი მანამდე რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამა „ეხო კავკაზასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ ცხედრის გადაცემის გაჭიანურება სამხრეთ ოსეთის სირცხვილია.

  • ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვიდან 19 დღე გავიდა და ოჯახი ამ დრომდე უშედეგოდ ელის ცხედრის გადაცემას.
  • „არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს 18 მარტის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ გადასცემენ“ - ცხინვალელი ჟურნალისტი თემურ ცხურბათი.
  • ახალგორელებმა მხოლოდ ის იციან, რომ პოლიციელებმა ახალგორში პროდუქტის შეტანა 2 თვით აკრძალეს.

თემურ ცხურბათის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციაც ტატუნაშვილის დივერსიულ-ტერორისტული საქმიანობის შესახებ საეჭვოდ მიაჩნია.

ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვიდან 19 დღე გავიდა და ოჯახი ამ დრომდე უშედეგოდ ელის ცხედრის გადაცემას. დე ფაქტო ხელისუფლება გაჭიანურებულ პროცესს ექსპერტიზის საბოლოო შედეგის მოლოდინით ხსნის, რისიც არ სჯერათ დაღუპულის ოჯახის წევრებს - ისინი ფიქრობენ, რომ საქმე ცხედარზე ძალადობის კვალის წასაშლელად ჭიანურდება. ამასობაში დაბა ახალგორში, სადაც არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი დააკავეს, ორ კვირაზე მეტია თბილისიდან პროდუქტები აღარ შედის. ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ ამის გამო დაბასა და ცხინვალშიც პროდუქტებზე ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მეარაყიშვილის თქმით, ოძისის საგუშაგოზე ქართველი პოლიციელები დიდი მოცულობის ტვირთებს ახალგორისკენ აღარ ატარებენ და მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის აუცილებელი პროდუქტების შეტანაა შესაძლებელი. მისი განცხადებით, აკრძალვა არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის შემდეგ დაიწყო, ახალგორის ეგრეთ წოდებული ემბარგო კი ყველაზე მეტად ისევ ადგილობრივ მოსახლეობას აზარალებს.

მეარაყიშვილის თქმით, ცხინვალში პროდუქტები - ლარსის გავლით, ვლადიკავკაზის მეშვეობით - ისევ თბილისიდან ჩადის, მაგრამ გზა ხარჯებს ზრდის, რაც ფასზეც აისახება. ახალგორელებმა მხოლოდ ის იციან, რომ პოლიციელებმა ახალგორში პროდუქტის შეტანა 2 თვით აკრძალეს.

დაბაში არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სულ უფრო ნაკლებს ლაპარაკობენ. ყველა დათრგუნული და შეშინებულია. ამას დაემატა პროდუქტებზე ფასების გაზრდაც. თუ ასე გაგრძელდა, ახალგორელების აზრით, დაბაში ცხოვრება შეუძლებელი გახდება და იქ დარჩენილი ქართველების ნაწილიც ოკუპირებულ ტერიტორიას დატოვებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG