Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თავისუფალი დემოკრატები“ და რესპუბლიკური პარტია -  მზადება არჩევნებისთვის


რესპუბლიკური პარტია და „თავისუფალი დემოკრატები“ კონსულტაციებს მართავენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ერთ ბლოკად გაერთიანების თაობაზე. თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი. პარტიები კონსულტაციის დასრულებას ორი კვირის ვადაში ვარაუდობენ. ბლოკში გაერთიანების სურვილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიღებული შედეგის გამოძახილიაო, ამბობენ პარტიის წარმომადგენლები. პოლიტიკის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საერთო ღორებულებების მქონე პარტიების გაერთიანება პოლიტიკურ პროცესსაც წაადგება.

თვითმმართველობის არჩევნების წინ რესპუბლიკურ პარტიასთან ერთ ბლოკში გაერთიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებისას ვიხელმძღვანელეთ იმ გაკვეთილით, რომელიც საპარლამენტო არჩევნებისას მივიღეთ - განსაკუთრებით პროევროპული პრატფორმის პარტიებმაო, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში „თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკური მდივანი ნინო გოგუაძე. მისი სიტყვებით, რესპულიკელებს და თავისუფალ დემოკრატებს ერთად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, მათ შორის - კოალიციაში „ალიანსი საქართველოსთვის“, სადაც რესპუბლიკელები, თავისუფალი დემოკრატები და ახალი მემარჯვენეები შედიოდნენ, შემდეგ კი კოალიცია „ქართულ ოცნებაში“, რომელშიც ეს ორივე სუბიექტი შედიოდა:

„ჩვენ გვაქვს მსგავსი ღრებულებები და ბრძოლის ერთნაირი ბიოგრაფია როგორც ნაციონალებთან დაპირისპირების, ასევე ახალ ხელისუფლებასთან. რაც მთავარია, ორივე ვართ პროდასავლური ძალა და ლიბერალური ღირებულებების მქონე პოლიტიკური პარტია, ამიტომ გადავწყვიტეთ კონსულტაციების დაწყება. ეს ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ არის. კონსულტაციების შედეგად ჩვენ ჩვენი საკუთარი პარტიის წევრებს წარვუდგენთ იმ მოსაზრებებს და შესაძლებლობებს, რომელიც ამ კონსულტაციების შედეგად გამოიკვეთება და მთლიანად პარტია მივიღებთ გადაწყვეტილებას“.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყველა პარტია დასუსტდა და აუცილებელია ძალების კონცენტრაცია და კონსოლიდაცია იმისთვის, რომ ამომრჩეველი არ დაიბნეს, ამბობს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, რომლის სიტყვებითაც, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხშირად ესმოდათ ამომრჩევლის სურვილი ერთად ეხილათ ეს ორი პარტია. ახლა კონსულტაციები პარტიებს შირის იმ ეტაპზეა, რომ უკვე შეიძლება საერთო სტრატეგიაზე საუბარი. ხათუნა სამნიძის თქმით, თვითმმართველობის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია, რადგან თვითმმართველობა ქმნის დემოკრატიული მართვისა და ცვლილებებისთვის საჭირო უმნიშვნელოვანეს საფუძველს. ამასთან, აუცილებელია ამომრჩველისთვის არსებობდეს პოლარიზებულ პოლიტიკურ სივრცეში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა:

„საპარლამენტო არჩევნები იყო ძალიან პოლარიზებული. შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ -უფრო სწორად, ბიძინა ივანიშვილმა - 2012 წლის გათამაშება, როცა არჩევანი იყო მხოლოდ ორი და ამის გათამაშება მან შეძლო 2016- შიც და გვახსოვს, რომ იყო მთლიანად მტრის ხატზე აგებული წინასაარჩევნო კამპანია. თვითმმართველობის არჩევნებზე ამას ვერ შეძლებს „ქართული ოცნება“, იმიტომ რომ გაძლიერდნენ პარტიები, აღარ იქნება მხოლოდ ორ პარტიას შორის არჩევანი და სწორედ ამისთვის მსგავსი იდეოლოგიის მქონე პარტიების გაერთიანება და გაძლიერება და მათ ირგვლივ ამომრჩევლის მობილიზება, გააქტიურება და მოტივირება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ წინასაარჩევნო გარემო იყოს მრავალპარტიული და ჩვენ მივიღოთ თვითმმართველობის არჩვენებზე ისეთი შედეგი, როგორიც უნდა იყოს არჩევნების შედეგი და არა ისეთი, როგორიც მივიღეთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როცა არჩევნები მთლიანად „ქართულმა ოცნებამ“ მიიტაცა“.

როგორც პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ზვიად აბაშიძე ამბობს, პოლიტიკური პროცესისთვის პარტიათა გამსხვილება სარგებლის მომტანია. მით უფრო კარგია, თუ ამ გაერთიანებას იდეოლოგიური საფუძველი უდევს და არ არის მხოლოდ წინასაარჩევნო მექანიკური გაერთიანება. მიუხედავად იმისა, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ და რესპუბლიკური პარტია საერთო ლიბერალური ღირებულებების მატარებელი პარტიებია, ზვიად აბაშიძის თქმით, მათ საერთო პრობლემებიც აქვთ:

„საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ცნობილი პოლიტიკური ლიდერები პარტიიდან წავიდნენ და ამ პარტიების რეიტინგი, ხშირ შემთხვევაში, იდეოლოგიურ შინაარსზე მეტად ეფუძნებოდა ისეთი ლიდერების ავტორიტეტს, როგორებიც არიან დავით უსუფაშვილი, ირაკლი ალასანია და სხვები. მათმა წასვლამ ამ პარტიების გავლენა დასცა საზოგადოების თვალში. ამ პარტიების გაერთიანებამ, შესაძლოა, ორპოლუსიან პოლიტიკურ სივრცეში ბალანსი ვერ შექმნას, მაგრამ ეს, შესაძლოა, წაადგეს პარტიათა ხელახალ ფორმირებას, თუმცა ძნელი სათქმელია რამდენად შეძლებენ ელექტორატის დიდი მასების მობილიზებას“.

2016 წლის საპარალამენტო არჩევნების წინ რესპუბლიკურმა პარტიამ ხმათა 1,55 % მოიპოვა, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ - 4,63 %. ზვიად აბაშიძის თქმით, თვითთმმართველობის არჩევნები ელექტორატის ნაკლები აქტივობით გამოირჩევა. ამასთან, არჩევნებში პარტიათა წარმატება დამოკიდებული იქნება ორგანიზაციულ სტრუქტურაზე, ფინანსებზე და, უპირველესად, პარტიულ ლიდერებზე, რომლებიც საქართველოს რეალობაში ძალიან ბევრ რამეს განსაზღვრავენ.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG