ავტორი: ანა მოსაშვილი
სირიის ქალაქ იდლიბში, მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ქიმიური იარაღის გამოყენებას 86 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაღუპულებს შორის, ქალებიც და ბავშვებიც არიან. სირიიდან მსოფლიოში გავრცელებულმა კადრებმა აჩვენა სასაკლაო, სადაც ადამიანთა სისასტიკეს საზღვარი არ აქვს. ძნელია, ასევე დიპლომატიურ როლში კვლავ აღშფოთებული და შეძრწუნებული იყოს დანარჩენი მსოფლიო. სახეზე უბრალოდ ადამიანთა უმოწყალოდ ჟლეტვაა, რომლის წინაშეც სამწუხაროდ, საერთაშორისო დიპლომატია კვლავ უძლურია.
შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა მომხდარი ტრაგედია, გაეროს უშიშროების საბჭოზე დაგმეს. ასევე რუსეთის ფედერაცია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს, რომლებიც ტრადიციულად უკვე დიდი ხანია, უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლებით სირიის საკითხზე, მათთვის არასასურველ რეზოლუციებს ბლოკავენ და დასავლეთსაც თავიანთ ძალას მკაფიოდ, ვეტოს დემონსტრირებით აჩვენებენ.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიის ლიდერს, ბაშარ-ალ-ასადს მკვლელი უწოდა და დასვა ლეგიტიმური შეკითხვა: კიდევ რამდენი უდანაშაულო ბავშვი უნდა დაიღუპოს სირიის კრიზისის გამო და იმისთვის, რომ ასადი ერთხელ და სამუდამოდ შეაჩერონ? ძნელია, აღიარება, მაგრამ ფაქტია, მომხდარ ტრაგედიაზე მხოლოდ ერდოღანს ჰქონდა შესაფერისი რეაქცია. სანამ, საერთაშორისო ორგანიზაციები ფაქტს გამოიძიებენ და შედეგს დადებენ, სირიაში სირიელთა გენოციდი გრძელდება და ყოველ წამს თუ წუთს უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა განაცხადა, რომ მომხდარი ფაქტის გამო მისი დამოკიდებულება ასადის რეჟიმის მიმართ შეცვლილია. საინტერესოა, პრეზიდენტ ტრამპს, რომელიც სოციალურ ქსელის „ტვიტერის“ აქტიური მომხმარებელია, მანამდე სირიელი ხალხის ტანჯვის ამსახველი აუდიო-ვიდეო მასალა რატომ არ ჰქონდა ნანახი ან როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ ლიდერს მკაფიო პოზიცია სირიის კრიზისზე.
ბაშარ-ალ-ასადმა ე.წ. „წითელი ხაზები“ უკვე დიდი ხანია გადაკვეთა. 2012 წელს, ჯერ კიდევ პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენებას სირიაში, შტატები პასუხს სამხედრო ძალის გამოყენებით გასცემდა. თუმცა, მალევე ჯონ კერისა და სერგეი ლავროვს შორის შემდგარი შეხვედრის და ამერიკელთა ერთი ნაწილის პროტესტის გამო, პრეზიდენტმა ობამამ უკან დაიხია. ანალიტიკოსები, მაშინ ვარაუდობდნენ, რომ ლავროვმა კრემლის სახელით, ვაშინგტონს ღია მუქარა გაუგზავნა და კავკასიაშიც, შესაძლო სამხედრო დაპირისპირებაც რუსეთის აქტიური მონაწილეობითარ გამორიცხა.
პრეზიდენტმა ტრამპმა ობამას საგარეო პოლიტიკაც გააკრიტიკა სირიის პროცესებთან დაკავშირებით, თუმცა, მას ავიწყდება, რომ არ არსებობს ობამას ან ტრამპის საგარეო პოლიტიკა; არსებობს სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო პოლიტიკა, რომელიც, სამწუხაროდ, ასადის რეჟიმს ჯერჯერობით ვერ და არ ასრულებს.
კითხვაზე, როდემდე უნდა გაგრძელდეს სირიელი ხალხის გენოციდი?-ამ კითხვაზე მსოფლიოს პასუხი არ აქვს. სახეზე მხოლოდ მსოფლიოს ლიდერთა განცხადებები გვაქვს, რომელთა საერთო პოლიტიკურ წონას, მხოლოდ ერთი და დიდი ქვეყნის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის პოზიცია ჯობნის, რომელიც უბრალოდ თვლის, რომ ასადი კანონიერად და ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტია და აქედან გამომდინარე, საკუთარი მოსახლეობის მიმართ ძალის გამოყენების უფლებაც აქვს. ასადიც კრემლის მხარდაჭერის წყალობით კვლავ აგრძელებს მშვიდობიანი მოსახლეობის ჟლეტვას, ტერორიზმთან ბრძოლის სახელით და არავინ იცის ეს როდემდე გაგრძელდება ან რამდენი უდანაშაულო სირიელი შეეწირება კიდევ ამ ომს. სამაგიეროდ, ვიცით ის, რომ თითოეული სირიელი ბავშვის მსხვერპლად შეწირულ სიცცოხლეზე ჩვენი პასუხი-მსოფლიოს შეშფოთებული პოზიცია იქნება.