Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაჭირვებამ საზღვრები არ იცის


ავტორი: ესმა გუმბერიძე

იმ დღეს ჩემს ასისტენტს ველაპარაკებოდი. აი, ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის საგარეო დეპარტამენტმა რომ დამიქირავა კვირაში 9 საათით რაღაცებში დასახმარებლად. უკრაინელი გოგოა, ანა ქვია. ჰოდა მიყვებოდა თავისი ძმის შესახებ, რომელიც პოლონეთში წავიდა სამუშაოდ. 32 წლისაა, ოჯახს უსახსრობის გამო ვერ ქმნის. მატარებელთა სამშენებლო ქარხანა, სადაც ის ადრე მუშაობდა, უკრაინის წინა პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა ნაწილ–ნაწილ გაყიდა ისე, რომ ახლა მხოლოდ ერთი საამქროღა მუშაობს, შესაბამისად ანას ძმამ სამუშაო, კარგი თუ ცუდი, მაგრამ მაინც სამსახური, დაკარგა. ნუ ჩვენთან საქართველოში, პრინციპში ქარხნების ამბავი ჯერკიდევ 90–იან წლებში იყო გათავებული, როცა ქვეყანაში კაპიკი ფული არ ჭაჭანებდა და ხალხმა მოკიდა ქარხნების აღჭურვილობას ხელი და თურქეთში გაზიდეს ჯართად. ასე შემოვვიდა საქართველოში პირველი ფული. ეს ისე. ჰოდა ახლა ანას ძმა დღეში 12 საათი, კვირაში 6 დღე მუშაობს პოლონეთში გემთმშენებლობაზე. მძიმე სამუშაოა. ანამ მითხრა, რომ თბილი ტანსაცმელი არ წაუღია უკრაინიდან, რადგან იქ 30 გრადუსი სიცხე იყო და პოლონეთშიც სითბო იქნებოდაო, ასე ეგონა. ჰოდა ახლა მუშაობს ასე მძიმედ სიცივეში, დარწმუნებული ვარ საკმაოდ დაბალ ანაზღაურებაზე.

გული დამწყდა, ეს ამბავი რომ მოვისმინე, მაგრამ მერე მამა–ჩემი გამახსენდა, უკვე 54 წლის კაცი, რომელიც თავისივე ქვეყანაში მუშაობს შავ მუშად გზების მშენებლობაზე, ოფიციალური დასვენების დღის გარეშე, დღეში 10–12 საათი 8–ის ნაცვლად, 750 ლარად, რომლის გადახდასაც სულ უგვიანებენ. ადრე ქუთაისში მაღაზია ჰქონდა მამა–ჩემს, მიკრო მეწარმე იყო, მაგრამ მერე დავხურეთ, რადგან საცხოვრებელ უბანში იყო და ნისიად საქონლის გატანებამ კლიენტებზე გაგვაკოტრა. თან 5 თეთრიანი კევის გაყიდვაზე ჩეკის ამორტყმას მოითხოვდა სახელმწიფო და.. მერე ტაქსაობდა მამა. კი არაა ეგ დღევანდელ თბილისში შემოსავლიანი საქმე და არც უსაფრთხოა, მაგრამ მაინც თვითდასაქმებული იყო და მუშაობის განრიგში თავისუფლება ჰქონდა. ახლა კი ბლექ სი გრუფ–ში/Black Sea Group მუშაობს. აი, ასე „უმჯობესდება“ თანდათან საქართველოს რიგითი მცხოვრების სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა. ჰო, დასვენების დღე არ აქვთ. ერთადერთი მაშინ უშვებენ, როცა წვიმს. ისიც, თუ ძალიან აწვიმდა, მაგრამ ხშირად წვიმაც რომ არის, მაინც არ უშვებენ და აცდევინებენ, იქნებ გადაიღოსო. წინა დღით არ გეგმავენ, ხვალ რას გააკეთებინებენ ხოლმე მუშებს, ხელმძღვანელობა არ გეგმავს. ყველაფერს სპონტანურად აკეთებენ. სიცხეში, მცხუნვარე მზეში, მტვერში რომ მუშაობენ, არც პირბადეს აძლევენ, მტვერი რომ არ ყლაპონ, არც– ნორმალურ ქუდებს, ცხვირი და ყურებიც რომ დაიცვას მზის დამწვრობისგან და არც– სხვა უსაფრთხოების აღჭურვილობით ანებივრებენ. ჯანმრთელობის დაზღვევა კი აქვთ ვითომ, რომლის გადასახადიც ხელფასიდან ექვითებათ, მაგრამ ვერ სარგებლობენ, რადგან სამუშაო დღეებში, როცა ექიმები პაციენტებს იღებენ, მათ სამსახურიდან არ უშვებენ. თან ეშინიათ ექიმთან წასვლა, ავადმყოფია და კარგად ვერ იმუშავებსო, რომ არ თქვან მათზე და არ გააგდონ. ერთ ახალგაზრდა მუშას რაღაც ტკივა, სიმსივნესავით აქვს, მაგრამ ექიმთან მისვლა ეშინია, სამსახურიდან არ გამაგდონო.

ასფალტის დაგებისას მან თურმე გარკვეული ტემპერატურა უნდა შეინარჩუნოს, 150 გრადუსი მგონი, რომ კარგად დაიგოს. მაგრამ კომპანიამ ამა და ამ პერიოდით რომ დადო კონტრაქტი, ეჩქარებათ დამთავრება, ფული რომ დროზე აიღონ. ჰოდა წვიმიან დღეს რომ აგებდნენ, ასფალტი 70 გრადუსამდე გაცივებულა, მაგრამ მათ მაინც გააგრძელებინეს დაგება. ეს გაცივებული ასფალტი კარგად არ ეკრობა მიწას, მაგრამ მაგას ვინ დაეძებს, მთავარია, კომპანიამ ჩქარა ფული აიღოს სახელმწიფოსგან და ის, რომ ორიოდე თვეში ეს გზა უვარგისი იქნება და თავიდან დასაგები, რომ ისევ ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან უნდა დააგებინონ ხელთავიდან ან უგზოობაში რომ უნდა ვიცხოვროთ და შევარდნაძის დროინდელ ბნელეთში დავბრუნდეთ, არავის ანაღვლებს.

ხელმძღვანელობა დამამცირებლად ექცევა მუშებს ძალიან. ერთი ასაკოვანი კაცი მუშაობდა თურმე, ჰოდა უფროსმა შეაგინა. იმანაც ენა შეუბრუნა, შეურაწყოფას რატომ მაყენებო, უფროსმა ადგა და პანჩური ამოკრა ამ მუშას. მუშამაც ხელი შეუბრუნა, ჰოდა უფროსმა დაახვიეო აქედან, აქ მოსული აღარ დაგინახოო და სამსახურიდან გააგდო.

ეს ყველაფერი საქართველოში, ევროკავშირის ასოცირებულ წევრ სახელმწიფოში, ხდება. ჰოდა მამა–ჩემისა და ანას ძმის მდგომარეობას რომ შეადარებ, უბრალო ხალხს ყველგან უჭირსო, იფიქრებ ადამიანი, აბა რას იზამ.

P.S. პირველი მაისისადმი მიძღვნილი დაგვიანებული პოსტია.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG